პუბლიკაციები

სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება "კარტოგრაფების საქმეზე"

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ. მათ ბრალად ედებათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა, მიმართული საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში (1996-2007 წლებში), საქართველოს პოზიციების ამსახველი 1:50 000 მასშტაბის რუკის ალბომების შედგენისას იხელმძღვანელეს ისეთი რუკებით, რომლებიც ქართული მხარის ინტერესების საზიანოდ, წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ რელევანტურ მასალებთან, რომლებსაც ისინი ფლობდნენ.

იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეზე სრულყოფილად და ყოვლისმომცველად შეისწავლოს და შეაფასოს მტკიცებულებები და გამოიტანოს განაჩენი დასაბუთებულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საჭირო იქნება შემდეგი სამართლებრივი საკითხების გამოკვლევა: პირველ რიგში, აუცილებელია განისაზღვროს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის კონსტიტუციური საფუძველი საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაში. შესაბამისად, დადგინდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და ამ კომისიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი ბუნება.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კომისიის მუშაობის საწყის ეტაპზე, მხარეთა შეთანხმებით, საბაზისო სადელიმიტაციო ხაზად განისაზღვრა საქართველოს და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის 1938 წელს ორმხრივად შეთანხმებული სადელიმიტაციო ხაზი, აუცილებელია 1938 წლის საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების პრეზიდიუმების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ბუნება საბჭოთა კონსტიტუციური კანონიერების შუქზე შეფასდეს. ამასთან ერთად, აუცილებელია განისაზღვროს აღნიშნულ აქტებზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ შეთანხმების დაფუძნების სამართლებრივი საფუძვლები საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

სასამართლოს მეგობრის წინამდებარე მოსაზრება განიხილავს ყველა ზემოთჩამოთვლილ საკითხს იმ მიზნით, რომ სასამართლოს დაეხმაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი, თამარ ქეცბაია