ადგილობრივი თვითმმართველობა ილიასეული კრიტიკული პერსპექტივიდან
საქართველოში თვითმმართველობის თანამედროვე მოდელზე ფიქრი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. ამ მხრივ ერთ-ერთი პიონერი, დიდი საზოგადო მოღვაწე - ილია ჭავჭავაძეა. საერობო არჩევნები, რომელიც XX საუკუნის ადრეული წლების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და რომელიც არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად განმანათლებელთა დაუღალავი შრომის შედეგს წარმოადგენდა, თვითმმართველობის თანამედროვე პრინციპებს იზიარებდა. თუმცა, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად, ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და განვითარების, ასევე რეალური თვითმმართველობის შექმნის პერსპექტივაც 70 წლით დაპაუზდა. მეტიც, მართვის მკაცრად ცენტრალიზებულმა სისტემამ და საბჭოთა კავშირის ფესვგადგმულმა მანკიერებებმა გრძელვადიანი კვალი დატოვა ინსტიტუტებზე, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობაზე. ასეთ მემკვიდრეობას თან ერთვოდა მმართველთა საკმარისი და სტაბიულური პოლიტიკური ნების არ არსებობა, სწრაფი და რადიკალური ზომები გაეტარებინათ დემოკრატიული დეცენტრალიზაციის მიზნით. რიგ შემთხვევებში, ნაბიჯი საპირისპიროდ, ცენტრალიზაციისკენ გადაიდგა.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე სამი ათწლელული გავიდა და საქართველოში ინსტიტუციური გარდაქმნის პროცესის მხრივ ხელშესახები შედეგები ნაკლებად ჩანს. მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად არის მიჩნეული, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თვითმმართველობა იმ საკითხთა შორისაა, რომელიც ტრანზიციის პროცესს განსაკუთრებით ჩამორჩა. თვითმმართველობის მიმართ ნაკლები ინტერესით გამოირჩევა თავად მოსახლეობაც.
ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით დაბალი ინტერესის არსებობის, საზოგადოების მიერ იმ დიდი როლისა და მნიშვნელობის სათანადოდ არ შეფასების გათვალისწინებით, რომელიც თვითმმართველობას გააჩნია, მოცემული პუბლიკაცია მიზნად ისახავს თვითმმართველობასთან დაკავშირებით არსებული ცოდნის გაზიარებას. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია XX საუკუნის მეორე ნახევარში მიღებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტის (ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტია) 1 განხილვა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანამ ევროპის წევრი სახელმწიფოები თვითმმართველობის ძირითად პრინციპებზე შეთანხმდებოდნენ, დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე, ილია ჭავჭავაძეს სიღრმისეულად ჰქონდა გააზრებული თვითმმართველობის ძირითადი პრინციპები და ნიშან-თვისებები, მისი როლი საერთო კეთილდღეობის მიღწევაში, დემოკრატიის მშენებლობასა და ქვეყნის ეფექტიან მმართველობაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაზე საუბარი სწორედ ილია ჭავჭავაძის ხედვების გაანალიზებით უნდა დავიწყოთ. ამასთან, უპრიანი იქნება მისი პერსპექტივით დანახული ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე ევროპულ მოდელთან შედარება და გადაკვეთის წერტილის პოვნა.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.