თანამედროვე დილემა - დეზინფორმაციასთან რეგულირების გზით ბრძოლა VS სიტყვის თავისუფლება
თანამედროვე სამყაროში ინტერნეტის როლის უპრეცედენტო ზრდის პარალელურად, რაც ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადებს ქმნის, მკვეთრად იზრდება დეზინფორმაციის, ყალბი ამბების გავრცელების ფარგლები, მისგან მომდინარე საფრთხეები კი სულ უფრო ხელშესახები ხდება. დემოკრატიულ სახელმწიფოთა წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ყალბი თუ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ისეთ უმნიშვნელოვანეს უფლებას, როგორიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა.
მართალია, ყალბ ამბებთან ბრძოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად საყოველთაო თანხმობაა მიღწეული, თუმცა პრობლემის გადაჭრის უნივერსალური და ეფექტური გზები ამ დრომდე არ არის გამოვლენილი. სირთულეებს სიტყვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის აშკარა საფრთხეები და მკაცრი სამართლებრივი რეგულირების შესაძლო „მსუსხავი ეფექტი“ წარმოშობს. აღსანიშნავია, რომ პრობლემის ერთ-ერთი სათავე თავად ყალბი ამბავის თავისებურებებია, რადგან რთულია იმის დადგენა, კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია შეიძლება იყოს მიჩნეული ამგვარად, ვის აქვს სიმართლეზე მონოპოლია, ანუ ვინ უნდა გადაწყვიტოს კონკრეტული ინფორმაციის ბედი და რა სახის სანქციები შეიძლება გატარდეს ყალბი ამბების გამავრცელებლის მიმართ. შესაძლებელია თუ არა ისეთი ალტერნატივის მოძებნა, რომელიც ერთი მხრივ თავიდან აგვარიდებს, ან როგორც მინიმუმ შეამცირებს, დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ყალბი ამბების გავრცელებას, და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროცესის იმგვარად წარმართვას, რომ ზიანი არ მიადგეს გამოხატვის თავისუფლებას?!
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს იმ რთული დილემის წარმოჩენას, რომლის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას: ერთი მხრივ, ყალბი ამბებით გამოწვეული ზიანი, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ზიანის აღმოფხვრის პროცესში სიტყვის თავისუფლების მიმართ წარმოშობილი საფრთხეები. ნაშრომის ბოლო ნაწილში, პრობლემის ზოგადი ანალიზის შემდგომ, განხილულია კონკრეტულად საქართველოს გამოწვევები ამ საკითხთან მიმართებით.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.
ფოტო: Adam Maida / The Economist