პუბლიკაციები

სპორტი და პოლიტიკა - როგორ იყენებს არადემოკრატიული რეჟიმების პროპაგანდა სპორტსა და სპორტსმენებს

ფოტო: Human Rights Foundation

მსოფლიო და მათ შორის, ქართული სპორტის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა დისკუსია იმის შესახებ, უნდა მონაწილეობდნენ თუ არა დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენელი სპორტსმენები ისეთი ავტოკრატიული ან ტოტალიტარული რეჟიმების მასპინძლობით გამართულ ღონისძიებებში, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, უფრო ადრე საბჭოთა კავშირი და ა.შ. ასეთ დროს, დებატებში ჩართული ერთ-ერთი მხარის მხრიდან თითქმის ყოველთვის ჟღერდება  მოსაზრება, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. თუმცა, არის კი შესაძლებელი მსგავსი გამიჯვნა? ან, თავად ის რეჟიმი, რომელიც კონკრეტულ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, რამდენად მიჯნავს სპორტს პოლიტიკისგან? შეიძლება ითქვას, პასუხი ცალსახაა და სპორტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სწორედ რომ მსგავსი არადემოკრატიული სახელმწიფოების განუყოფელი ნაწილია. ამის მიუხედავად, არსებობს არაერთი ფაქტი, როცა ამა თუ იმ სპორტის მმართველი ორგანო ან თუნდაც ცალკეული სპორტსმენი, არადემოკრატიული რეჟიმების არქიტექტორებთან მაინც თანამშრომლობენ.

Human Rights Foundation-ის თანახმად, „სპორტის ცნობილი სახეები და ინსტიტუტები, რომლებიც თანამშრომლობენ ავტორიტარულ რეჟიმებთან, ხშირად უგულებელყოფენ ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ან, გარკვეულწილად, თავს იმით იმართლებენ, რომ მათთან ურთიერთობა ხელს უწყობს დახურული საზოგადოებების გახსნას და რეფორმებს. სინამდვილეში, დიქტატორებთან თანამშრომლობით, ცნობილი სახეები, სპორტსმენები და ინსტიტუტები ხდებიან მათი ვიწრო პოლიტიკური იდეოლოგიის გამავრცელებლები”. ამავე ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშში მოყვანილია მსგავსი კოლაბორაციის არაერთი მაგალითი: ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელის ვიზიტი ბელარუსში და მეგობრული შეხვედრა ავტოკრატთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან; ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პარტნიორობა რუანდის რეჟიმთან; ასევე, წლების განმავლობაში, რუანდის ტურისტული სამთავრობო ფონდისა (Visit Rwanda) და ლონდონის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ პარტნიორობა. პრეტენზიები არსებობს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, FIFA-ს მიმართაც, რომელმაც მიიღო საკმაოდ საეჭვო და საკამათო გადაწყვეტილებები ჯერ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში, ხოლო 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში ჩატარების შესახებ. სიახლე არაა, რომ ორივე ამ ქვეყანაში რეგულარულად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამასთან, The Guardian-ის თანახმად, ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს ათასობით მუშა ემსხვერპლა. დისკუსიის საგანია საუდის არაბეთისა და ფორმულა 1-ის თანამშრომლობაც, რომლის ფარგლებშიც მიღწეულია 650 მილიონ დოლარიანი შეთანხმება და მათ შორის, ფორმულა 1-ის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობა. 2022 წლის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა ჩინეთში ჩატარებული ზამთრის ოლიმპიადა, რომელსაც, ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი არაერთი არაჰუმანური აქტის გამო, წამყვანმა დასავლურმა ქვეყნებმა დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს. გადაწყვეტილება აღნიშნული ოლიმპიადის ჩატარების შესახებ, ისევე როგორც 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისა, ბევრ კითხვას აჩენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით.

ზემოთ მოცემული მაგალითები მხოლოდ ნაწილია სპორტისა და პოლიტიკის მყარი და მორალურად საკმაოდ წინააღმდეგობრივი გადაკვეთებისა. თუმცა, ამ დოკუმენტის მიზანი არაა კვლევა თუ რა მიზეზებით თანხმდება სპორტის ინდუსტრია თანამშრომლობის მსგავს ფორმებს. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ, რა ამოძრავებს ასეთი შეთანხმებების მეორე მხარეს, პოლიტიკურ ლიდერებს, რისთვის ხარჯავენ ისინი რესურსებს ამა თუ იმ ღონისძიების მასპინძლობაზე ან კონკრეტულ სპორტსმენებთან აფილირებაზე.

ჯონ ტუნისი ნაშრომში The Dictators Discover Sport (2014) წერდა, რომ ქვეყნის მართვაში სპორტის გამოყენებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, სპორტი ხელს უწყობს ახალგაზრდების დროისა და გონების მაქსიმალურად დაკავებას იმისთვის, რომ მათ შეიგრძნონ კმაყოფილება ეროვნული სპორტული გამარჯვებებით. ამასთან, რეჟიმის მიზანია სპორტში ფიზიკურად ჩართული ახალგაზრდების დღის წესრიგის იმგვარად გამოყენება, რომ მათ არ ჰქონდეთ პოლიტიკაზე ფიქრის, აგიტაციის ან  ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ გამოსვლებში ჩართვის დრო. გარდა ამისა, ისეთი ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის, როგორიც იყო ნაცისტური გერმანია ან საბჭოთა კავშირი, სპორტულად აქტიური მოქალაქეები პოტენციურ სამხედრო ძალასაც წარმოადგენდნენ. კიდევ ერთი და დღეისთვის ყველაზე რელევანტური მოტივი, რაც არადემოკრატიული რეჟიმის ლიდერებს სპორტთან მიმართებით ამოძრავებთ, ეს პროპაგანდაა. ტუნისის თქმით, „დიქტატორები ჭკვიანურად იყენებდნენ სპორტს პროპაგანდისთვის. არც ერთ გონიერ ადამიანს არ სჯერა, რომ შეერთებული შტატების გამარჯვება ოლიმპიურ თამაშებზე დაადასტურებს ამერიკელთა რასობრივ, ინტელექტუალურ, მორალურ თუ ფიზიკურ უპირატესობას. დიქტატურის ქვეყნებში კი, პირიქით... მაგალითად, თუ იტალია მოუგებდა ინგლისს ფეხბურთში, მუსოლინი ამ გამარჯვებას ისე წარმოაჩენდა, როგორც ფაშისტური სახელმწიფოს დემოკრატიაზე უპირატესობის კიდევ ერთ მაგალითს“. მსგავს მოსაზრებას ავითარებს სხვა არაერთი მკვლევარი, მაგალითად ხავიერ პუჯადასი, რომელიც აღნიშნავს, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომის შუალედში ევროპის ზოგიერთმა ავტორიტარმა სპორტში დაინახა უბადლო პლატფორმა ეროვნული პროპაგანდისთვის. ამ მხრივ, კლასიკურია იტალიისა და ბენიტო მუსოლინის მაგალითი, რადგან ის იყო სახელმწიფო, რომელმაც აჩვენა საერთაშორისო სპორტული ტრიუმფების პროპაგანდისტული ეფექტურობა. მუსოლინის ნაციონალ-ფაშისტურმა პარტიამ არა მხოლოდ მოახდინა ფეხბურთის ინსტიტუციონალიზაცია (როგორც „ფაშისტური თამაშისა“), არამედ ცდილობდა გამოეყენებინა ის საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად, მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეღწევისა და საერთაშორისო ასპარეზზე უპირატესობების მოსაპოვებლად (მარტინი, 2004). ამ მიდგომის ნათელი გამოვლინება იყო 1934 წელს იტალიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი. მსგავსი მიდგომა ჰქონდა ნაცისტურ გერმანიასაც, რომელმაც აწარმოა პროპაგანდისტული ოპერაცია ბერლინში 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს.

ანალოგიური მიზნებით იყენებდა სპორტს საბჭოთა რეჟიმი, რაც განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე. ეს ოლიმპიადა უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის ძლევამოსილების სიმბოლო. „იქიდან გამომდინარე, რომ სპორტი, განსაკუთრებით კი ოლიმპიური თამაშები, მშვიდობასთან ასოცირდება და აქვს უნარი, რომ მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანოს, ავტორიტარული, ტოტალიტარული და აგრესორი რეჟიმებისთვის ის საუკეთესო საშუალებაა დროებით მაინც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება რეჟიმის დანაშაულებიდან ამგვარ ღირსშესანიშნავ მოვლენებზე გადაიტანოს, ქვეყნის რეპუტაცია გააუმჯობესოს და გარკვეულწილად მოახდინოს არსებული რეჟიმის ლეგიტიმაციაც. საბჭოთა კავშირისთვისაც 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს სწორედ ამგვარი დატვირთვა ჰქონდა“ (IDFI). მკვლევარის, ალექსანდრა ვლადიმიროვას შეფასებით (2020), 1980 წლის ოლიმპიური თამაშები, მიუხედავად არაერთი დასავლური ქვეყნის ბოიკოტისა თუ სხვა სახის დაბრკოლებებისა, შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებულ საუკეთესო პროპაგანდისტულ ღონისძიებად.

რობერტ ადამი აღწერს თუ როგორ გამოიყენეს რუმინული ფეხბურთი, როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტი კომუნისტური ძალაუფლების სასარგებლოდ. ავტორი აანალიზებს ფეხბურთის სირთულეებს 1938 წლიდან 1989 წლამდე და აღნიშნავს, რომ ფეხბურთი უკვე პოპულარული იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ პროპაგანდის მიერ მისი აღმოჩენის შემდგომ გახდა სახელმწიფო საკითხი და, შესაბამისად, პროპაგანდის ინსტრუმენტი. 1980-იან წლებში რუმინულ ფეხბურთს ძალიან წარმატებული პერიოდი ჰქონდა, რაც დაემთხვა ჩაუშესკუს მმართველობას და შიდა აუდიტორიაში ხელი შეუწყო კომუნისტური საზოგადოების უპირატესობის შესახებ „არგუმენტის“ განმტკიცებას.

21-ე საუკუნეში სპორტისა და პოლიტიკის გადაჯაჭვულობაზე საუბრისას, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაცია უნდა ვახსენოთ. თუკი 90-იან წლებში რუსული სპორტი მეტ-ნაკლებად თავისუფლად ვითარდებოდა, 2002 წელს გამოჩნდა საპრეზიდენტო საბჭო ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებისათვის. ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, ქვეყნის სათავეში ახლადმოსული ვლადიმერ პუტინი აქაც შეეცადა საბჭოთა ტრადიციების აღდგენას და სპორტის გამოყენებას პროპაგანდის, ნაციონალური სენტიმენტების გაღვივებისა და პრობლემურ საკითხთა გადაფარვის მიზნით. ვლადიმიროვა (2020) წერდა, რომ ამ მომენტიდან სპორტი კვლავ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი გახდა და ზემოთ ხსენებული საბჭოს ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის სისტემატური ინფორმირება რუსეთში და მსოფლიოში სპორტულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. აქვე, ვლადიმიროვა დასძენს, რომ მიუხედავად პუტინის მონდომებისა, გამოიყენოს სპორტი პროპაგანდისტულ იარაღად, ძნელი სათქმელია, რომ საერთაშორისო დონეზე მას ეს გამოუვიდა. ამას ხელი შეუშალა დოპინგის დიდმა სკანდალმა რუსულ სპორტში და შეიძლება ითქვას გააუფერულა 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშებისა და 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის რეზონანსი. როგორც ცნობილია, 2018 წლის FIFA-ს მსოფლიო თასი, რომლის რუსეთში ჩატარებაც პუტინის პირად გამარჯვებად მიიჩნეოდა, მას აძლევდა იმედს, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ საერთაშორისო დონეზე გაფუჭებულ იმიჯს აღადგენდა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ამ მასშტაბური ღონისძიებებით გადაფარავდა. თუმცა, ეს იმედი, შეიძლება ითქვას, არ გამართლდა. მით უმეტეს, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, საერთაშორისო დონეზე რუსული სპორტის პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენების პერსპექტივა საბოლოოდ დასამარდა. დღეისთვის რუსეთი მოხსნილია ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო შეჯიბრებიდან. თუმცა, საერთაშორისო წარუმატებლობის მიუხედავად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პუტინის სპორტულმა პროპაგანდამ ეროვნულ დონეზე მაინც იქონია გავლენა, რაც რუსული „ტვინების გამორეცხვის“ მანქანისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია.

21-ე საუკუნეში სპორტის პროპაგანდსიტული მიზნებით გამოყენების ფაქტები კიდევ მრავლადაა. მაგალითად, 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პეკინში, რომელიც ჩინეთის აღზევების სიმბოლოს წარმოადგენდა. ასევე, ზემოთ ნახსენები ჩინეთის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა. მკვლევრებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება სხვადასხვა სპორტის კვლევა როგორც ასპექტის, რომელიც მონაწილეობს სოციალური და პოლიტიკური სფეროების განვითარებაში და კოლექტიური იდენტობების მშენებლობაში.  რუსეთში, ჩინეთში თუ სხვა რეჟიმებში სპორტი და პოლიტიკა კვლავ განუყოფელია. აღსანიშნავია, რომ მსგავს ხერხებს არა მხოლოდ დიდი იმპერიების მმართველები, არამედ ლოკალური ავტორიტარებიც ხშირად მიმართავენ. ამის ნათელი მაგალითია ჩეჩნეთის დიქტატორი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დიდი მეხოტბისა და მიმბაძველის, რამზან კადიროვის მისწრაფებები სპორტის მიმართ. 2021 წელს Visit Chechnya Instagram-ის ანგარიშმა განათავსა ვიდეო, სადაც ასახულია კადიროვის სპარინგი UFC-ის (შერეული საბრძოლო ხელოვნების ელიტარული კლუბი) სუპერვარსკვლავ ხამზატ ჩიმაევთან. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვი პოპულარულ სპორტსმენებთან ერთად გამოჩნდა. ის მასპინძლობდა ფლოიდ მეივეზერს, ჟან-კლოდ ვან დამს, სტივენ სიგალს, რონალდინიოს და UFC-ის უამრავ მებრძოლს. ასევე, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას (რომელიც რუსეთში ჩატარდა) ფოტო გადაიღო თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავთან, მოჰამედ სალაჰთან. ცნობილ სპორტსმენებთან, მათ შორის UFC-ის მებრძოლებთან ურთიერთობით, კადიროვი ცდილობს გააძლიეროს თავისი პირადი იმიჯი, როგორც ჩეჩნური იდეალებისა და „მამაკაცურობის“ განსახიერება. ცნობილი სახეების მსგავსი გამოყენება ხელს უწყობს მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან ყურადღების გადატანას.

რამზან კადიროვის ან მისი მსგავსი მმართველების მიერ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების გამოყენება კლასიკური მაგალითია პროპაგანდის იმ ხერხისა, რომელიც ლიტერატურაში Testimonial-ის (დამოწმება) სახელითაა ცნობილი. პროპაგანდის ეს ტექნიკა ფართოდაა აპრობირებული. ის გულისხმობს გამორჩეული ადამიანების გამოიყენებას პროდუქტის, ინდივიდის/ჯგუფის ან პოლიტიკოსის პოზიტიურად წარმოსაჩენად. ასევე, თანამედროვე სამყაროში სპორტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ტერმინ Sportswashing-ითაც მოიხსენიებენ. ეს არის სპორტის საშუალებით საკუთარი რეპუტაციის გათეთრების პრაქტიკა - იქნება ეს სპორტული გუნდის ფლობა, მსოფლიო ან კონტინენტური მნიშვნელობის ტურნირის მასპინძლობა თუ კონკრეტული გუნდის სპონსორობა. ამ აქტივობაში ქვეყანა ან პოლიტიკოსი ერთვება იმ იმედით, რომ სპორტის ზოგადი პოპულარობა მათ იმიჯს გააუმჯობესებს. როგორც ვთქვით, სპორტის მსგავსი მიზნებით გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა უშუალოდ ტერმინი Sportswashing პოპულარული გახდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. „ისინი [არადემოკრატიული რეჟიმები] სულ უფრო მეტად უყურებენ სპორტს, როგორც შესაძლებლობას თავიანთი იმიჯის გასათეთრებლად,“ - აცხადებს ფელიქს ჯაკენსი, Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის კამპანიების ხელმძღვანელი NPR-თან საუბარში. „ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ქვეყანა, რომელსაც აქვს განსაკუთრებით ცუდი გამოცდილება ადამიანის უფლებების შეზღუდვის კუთხით, იყენებს სპორტს, როგორც პოზიტიური სათაურების შექმნის გზას,“ - განმარტავს ჯაკენსი.

შესაბამისი მაგალითების მოხმობით, შევეცადეთ პასუხი გაგვეცა კითხვისთვის, თუ რისთვის სჭირდებათ არადემოკრატიულ რეჟიმებს სპორტთან და წარმატებულ სპორტსმენებთან აფილირება. რომ შევაჯამოთ, ეს მიზეზებია: ნაციონალიზმის გაღვივება, სპორტული შედეგებიდან გამომდინარე საკუთარი ერის უპირატესობის წარმოჩენა, ძალის დემონსტრირება, ლეგიტიმაცია შერყეული მმართველობისთვის „ახალი სიცოცხლის“ მიცემა სპორტული წარმატებების საშუალებით, ხელისუფლების გადაცდომებისა და დანაშაულების გადაფარვა, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე შერყეული იმიჯის გამოსწორება და წარმატებულ სპორტსმენებთან მიტმასნებით საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება. საბოლოო ჯამში, ყველა ეს მიზანი პროპაგანდის საერთო ქოლგის ქვეშ ერთიანდება. ამდენად, სპორტი გამოყენებულია პროპაგანდის ერთ-ერთ იარაღად არადემოკრატიული რეჟიმების მიერ.

 

***

წარმატებულ სპორტსმენზე მიტმასნებისა და მისი პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენების მცდელობა სულ ახლახანს ქართულ პოლიტიკაშიც აქტუალური იყო. სექტემბერში, საქართველოს პარლამენტის პირველი სესია საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ გამორჩეული ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დებატებით გაიხსნა. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც მიმდინარე წელს საკმაოდ დიდი წარუმატებლობა განიცადა, როცა ქვეყანამ (განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვასგან) ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ვერც სოციალურ-ეკონომიკურ ფლანგზე სთავაზობს მოსახლეობას რაიმე განსაკუთრებულ მიღწევებს, აქტიურად ცდილობს მიეტმასნოს ისეთ გავლენიან ინსტიტუტებს, როგორიცაა მაგალითად საპატრიარქო, უშუალოდ პატრიარქი (რაც დასტურდება შესაბამისი გამოკითხვებით) და ა.შ. სწორედ მსგავსი მიტმასნების მაგალითი იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის წარმატებაში საკუთარი წვლილის წარმოჩენის მცდელობები და ფეხბურთელის ე.წ. „თავისიანად“ წარმოჩენა. ერთი შეხედვით, ხელისუფლების მსგავს ქმედებებში შესაძლოა ვერ დავინახოთ დიდი მასშტაბის პრობლემა. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია სრული კონტექსტის წარმოჩენა. დღეს, საქართველო ნამდვილად არ ადგას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას. ამას, პირველ რიგში, მოწმობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება და რიგი შენიშვნები სასამართლოს დამოუკიდებლობის, ელიტური კორუფციის, ანგარიშვალდებულების ნაკლებობის, მედიის მუშაობის შეზღუდვის შესახებ და ა.შ. მეტიც, არსებობს არგუმენტირებული შეფასებები, რომ ხელისუფლება უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება. ამ ფონზე, ქვეყანაში გაბატონებულ მეტწილად ნეგატიურ დღის წესრიგს ხელისუფლების ნეგატიური, შეიძლება ითქვას, პროპაგანდისტული გზავნილებიც ემატება მათი ოპონენტების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების და ზოგადად, კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ამ შემთხვევაშიც, სახელისუფლებო პარტია არა მხოლოდ მიეტმასნა და ეცადა მიეთვისებინა კონკრეტული სპორტსმენის წარმატება, რაც თავისი არსით ნაკლებად ნეგატიური იქნებოდა, არამედ აწარმოა ნეგატიური კამპანია ოპონენტების მიმართ ამ თემის გამოყენებით. კერძოდ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იტალიის „ნაპოლიში“ გადასვლამდე რუსეთში თამაშობდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჟურნალისტებმა ამ თემაზე დაუსვეს კითხვა, მან ცალსახად არ დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერა და არ დაგმო რუსული აგრესია (განსხვავებით ბევრი ქართველი თუ უცხოელი სპორტსმენისგან). მან თქვა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. ამის გამო, კვარაცხელიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკაც დაიმსახურა. თითქოს, ეს საკითხი აქვე უნდა ამოწურულიყო, თუმცა იგი სახელისუფლებო პროპაგანდის კარგ ინსპირაციად იქცა.  სწორედ ამ კრიტიკაზე აეგო მმართველი პარტიისა და სახელისუფლებო მედიის კამპანია იმის შესახებ, თითქოს წარმატებულ ქართველ ფეხბურთელს ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ებრძვიან, მისი წარმატება არ უხარიათ და ამით კიდევ ერთხელ აჩევენებენ თავიანთ „მოღალატეობრივ“ ბუნებას. პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები „ისევე დამარცხდებიან კვარაცხელიასთან ბრძოლაში, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან ბრძოლაში დამარცხდნენ“.

ქვეყანაში და რეგიონში არსებული უამრავი გამოწვევის ფონზე და მაშინ, როცა საქართველოს პოლიტიკური კლასის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წინაშე დგას დასავლურ, დემოკრატიულ ქვეყნებთან უფრო მეტად დაახლოების ამოცანა, საპარლამენტო სესიის კონკრეტული სპორტსმენის შესახებ საუბრით გახსნა და მისი „დაცვა“ კრიტიკისა თუ გამოგონილი მტრებისგან (მით უმეტეს, რომ ეს ამ კონკრეტულ პიროვნებას არ სჭირდება), კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ ცდილობს პოლიტიკური პროპაგანდა სპორტის დახმარებით რეალური პრობლემების გადაფარვას და საკუთარი ჩავარდნების „გარეცხვას“.

 

ბიბლიოგრაფია:

Adam, R. (2020). Football and authoritarianism in twentieth century Romania: between propaganda and subversion. SOCCER & SOCIETY. 2020, VOL. 21, NO. 6, 657-666. https://doi.org/10.1080/14660970.2020.1775043

Basketball Africa League (the BAL). Partners. ხელმისაწვდომია: https://on.nba.com/3TjNt9T (12.10.2022). 

BBC NEWS (4 თებერვალი, 2022). Beijing Winter Olympics boycott: Why are the Games so controversial? ხელმისაწვდომია: https://bbc.in/3yAcy8u (12.10.2022). 

BBC SPORT. (12 ივნისი, 2018). World Cup 2018: 'Salah used for political capital' as Chechnya host Egypt training. ხელმისაწვდომია: https://bbc.in/3yDen4r (12.10.2022) 

Davies, A. & Noor Haq, S. (7 სექტემბერი, 2021). Saudi Arabia to host maiden F1 Grand Prix, but human rights abuses overshadow country’s global sporting ambitions. CNN. ხელმისაწვდომია: https://cnn.it/3CrLLfB (12.10.2022). 

De Waele, J. & Trif, A. (2020). Introduction: Soccer Under Authoritarian Regimes. SOCCER & SOCIETY, VOL. 21, NO. 6, 625-628. https://doi.org/10.1080/14660970.2020.1775048 (12.10.2022). 

Human Rights Foundation (2021). Igniting the Truth Against Authoritarian Sportswashing. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3esUUg8 (12.10.2022). 

Mai, H. J. (2 დეკემბერი, 2021). Saudi Arabia and China are accused of using sports to cover up human rights abuse. NPR. ხელმისაწვდომია: https://n.pr/3VowZz5 (12.10.2022).  

Panja, T. & Draper, K. (6 აპრილი, 2020). U.S. Says FIFA Officials Were Bribed to Award World Cups to Russia and Qatar. The New York Times. ხელმისაწვდომია: https://nyti.ms/3rQ6KE8 (12.10.2022). 

POSTV. (8 სექტემბერი, 2022). რატომ ერჩის, ხვიჩა კვარაცხელიას, რადიკალური ოპოზიცია. [ვიდეო] YouTube. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3eqxyHY (12.10.2022). 

Pujadas, X. (2014). Sport Under Authoritarian Regimes in Times of Crisis. 32(2), 9-11 Revista de Psicologia, Ciències de l’Educació i de l’Esport ISSN: 1138-3194.  

Rowan, P. (9 თებერვალი, 2022). 8 Lessons from Investigations into the Olympics. Global Investigative Journalism Network. ხელმისაწდომია: https://bit.ly/3g4cY0B (12.10.2022).  

Smith, A. (21 სექტემბერი, 2021). Arsenal face questions over Visit Rwanda sponsorship deal amid human rights abuse allegations. Football. London. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Vmmj40 (12.10.2022). 

The Economist (2021). How does Paul Kagame, Rwanda’s president, get away with it? ხელმისაწვდომია: https://econ.st/3EArbfB (12.10.2022). 

The Guardian (23 თებერვალი, 2021). Revealed: 6,500 migrant workers have died in Qatar since World Cup awarded. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3RT8180 (12.10.2022). 

Tunis, J. R. (2014). The Dictators Discover Sport. Foreign Affairs, Vol. 14, No. 4 (Jul., 1936), pp. 606-617. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3enSUFI (12.10.2022). 

Vincent, R. C. (2006), Global Communication, and Propaganda. In book: Transnational Media and Global Communication. Edition: 2d Chapter: 11. Publisher: Wadsworth Publishing Co Editors: Y. R. Kamalipour. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3eqLly3 (12.10.2022).  

Vladimirova, A. (2020). Sport as a Part of the State Propaganda System in Russia. Reuters Institute Fellowship Paper University of Oxford. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3RQWwOd (12.10.2022). 

WAMU NPR. (15 მარტი, 2022). Authoritarian governments are using sports to improve their reputations. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3SVXLx0 (12.10.2022). 

Williams, M. & Tétrault-Farber, G. (11 იანვარი, 2021). Angering critics, Belarus' Lukashenko hugs world ice hockey boss. Reuters. ხელმისაწვდომია: https://reut.rs/3yyLyGm (12.10.2022).  

გვინდაძე, ს. (17 ივნისი, 2022). ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Tk0S1H (12.10.2022). 

ზედელაშვილი, დ. (5 მარტი, 2021). სამართლის უზენაესობა საქართველოში. Verfassungsblog. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3VjEtTU (12.10.2022). 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). (13 აგვისტო, 2020). რუსული სპორტი და პოლიტიკა. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3CSR5u6 (12.10.2022). 

რადიო თავისუფლება. (17 ივნისი, 2022). ევროკომისია: საქართველოს პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებით. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3RWqEb9 (12.10.2022). 

რადიო კომერსანტი. (16 ივლისი, 2022). ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, გარკვეული დაჯგუფების მხრიდან, მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია - სამინისტრო ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3etwjYj (12.10.2022). 

რადიო ფორტუნა. (8 სექტემბერი, 2022). კალაძე: მზად ვართ, გემსახუროთ, რათა ქვეყანას მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Te3gXv (10.12.2022). 

ფორმულა. (6 სექტემბერი, 2022). საშემოდგომო სესია და პოლიტიკური "დებატები" პარლამენტში. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Mo8s8Y (12.10.2022).  

ქუტიძე, დ. (2021). საქართველოს ხელისუფლების აგრესიული, პროპაგანდისტული რიტორიკა მედიის მიმართ - ავტორიტარების მიერ გამოცდილი ხერხი ჟურნალისტების დისკრედიტაციისთვის. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ExbAxD (12.10.2022).  

ცქიფურიშვილი, ნ. (6 სექტემბერი, 2022). რატომ გახდა პარლამენტში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელია. Netgazeti.ge. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Sa5Jl7 (12.10.2022).  

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე