პუბლიკაციები

რამდენად თავისუფალია ინტერნეტი საქართველოში და რამდენად მდგრადია ეს თავისუფლება?

ფოტო: iStock

თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, ინტერნეტის საჭიროება და მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) 2021 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულ რესპონდენტთა 66% ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს. ამასთან, ეს მონაცემი წლიდან წლამდე იზრდება. ამ ტენდენციის პარალელურად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის, თუ რამდენად თავისუფალია ინტერნეტ სივრცე არამართლზომიერი ჩარევებისგან და რა დონეზეა დაცული ამ სივრცეში ინდივიდების გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრება, საკუთრება და კონსტიტუციით განსაზღვრული სხვა უფლებები. ინტერნეტის თავისუფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება. ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში 2018 წლიდან არსებობს.

ერთია, როგორაა დეკლარირებული ესა თუ ის უფლება ქვეყნის სხვადასხვა კანონში, ხოლო მეორე და ხშირად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია მათი პრაქტიკული აღსრულება. ერთი შეხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია, არ არის ცენზურა და ხელისუფლება ამ სფეროში უხეშად არ იჭრება. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე თუ პრაქტიკაში, გამოწვევები მაინც არსებობს. დოკუმენტში სწორედ მსგავს საკითხებსა მოვლენებს მიმოვიხილავთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების საერთაშორისო ინდექსი (Freedom on the Net), რომელიც ობიექტური გარე დამკვირვებლის პერსპექტივიდან აფასებს მსოფლიოს ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ინტერნეტ სივრცეს. ამასთან, საშუალებას გვაძლევს, შევედაროთ სხვა ქვეყნებს ამ მიმართულებით და დავინახოთ ტენდენცია დროით ჭრილში (აღნიშნული ინდექსი 2016 წლიდან ქვეყნდება).

Freedom House-ის მეთოდოლოგია მოიცავს 21 კითხვას და თითქმის 100 ქვეკითხვას. თავის მხრივ, კითხვები იყოფა სამ კატეგორიად: 1. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა - იკვლევს იმ ინფრასტრუქტურულ, ეკონომიკურ და პოლიტკურ ბარიერებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს ექმნებათ. კერძოდ, ეს მოიცავს მთავრობის გადაწყვეტილებებს ინტერნეტ კავშირის ან კონკრეტული აპლიკაციების დაბლოკვის შესახებ, ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელთა სამართლებრივ რეგულირებას და მარეგულირებელი ორაგანოების დამოუკიდებლობას; 2. შინაარსის შეზღუდვები - აანალიზებს ინტერნეტში გავრცელებული კონტენტის საკანონმდებლო რეგულირებას, ვებ-გვერდების ტექნიკური გაფილტვრისა და დაბლოკვის ფაქტებს, ცენზურის და თვითცენზურის სხვადასხვა ფორმას, ონლაინ-საინფორმაციო სივრცის რეზონანსულობასა და მრავალფეროვნებას, ასევე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას სამოქალაქო მობილიზაციისთვის; 3. მომხმარებელთა უფლებები - ეხება სამართლებრივ დაცვას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებს, ფარულ მიყურადებასა და კონფიდენციალურობას, ასევე ისეთი საკითხების გავლენას ონლაინ აქტივობაზე, როგორიცაა: პატიმრობა, კიბერშეტევები, ფიზიკური ძალადობა და ა.შ. თითოეული კითხვის მიხედვით, ქულების მეტი რაოდენობა ენიჭება უფრო თავისუფალ სიტუაციას, ხოლო ქულების ნაკლები რაოდენობა ენიჭება ნაკლებად თავისუფალ გარემოს. ქულები გროვდება თითოეული ქვეკატეგორიის მიხედვით და მათი ჯამი წარმოადგენს ქვეყნის საბოლოო ქულას (0-100). ქულის მიხედვით, Freedom House ქვეყნებს ანიჭებს ინტერნეტის თავისუფლების შემდეგ რეიტინგებს: 70-100 თავისუფალი, 40-69 ნაწილობრივ თავისუფალი და 0-39 არა თავისუფალი. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შესახებ ანგარიში და შესაბამისად ქულაც, მოიცავს ამ ქვეყანაში კონკრეტული წლის 1-ლი ივნისიდან 31 მაისამდე პერიოდს (მაგ. 2022 წლის ანგარიში ასახავს 01.06.2021 – 31.05.2022 პერიოდს).

2022 წელს საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ქულა 78-ს შეადგენდა (100-დან), რის შედეგადაც, ის თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყანათა რიცხვშია. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო მე-7 ადგილზეა 70 ქვეყანას შორის. რაც შეეხება წინა წლებსა და ქულებს კატეგორიების მიხედვით, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1: საქართველოს მაჩვენებლები Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Freedom House – Freedom on the Net

როგორც ცხრილიდან ჩანს, წლების განმავლობაში საქართველოს მაჩვენებლები Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში თითქმის არ იცვლება და ქვეყანა სტაბილურად ინარჩუნებს თავისუფალ ინტერნეტ სივრცეს. თუმცა, არის პრობლემური სფეროები, რაც, შეიძლება ითქვას, ხელს უშლის პროგრესს. ერთ-ერთ ასეთ საკითხად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კომუნიკაციის კომისიის 2006 წლის 17 მარტის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. ამ დადგენილების მესამე მუხლის ჯ ქვეპუნქტის თანახმად კი, გვაქვს „დაუშვებელი პროდუქციის“ ცნება, რომელიც შემდგნაირადაა განმარტებული: „ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებით, დაუშვებელი პროდუქციის შესახებ ზემოთ მოცემული ჩანაწერის დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, ესენია შემდეგი დათქმები: სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი და უზუსტო. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს პარლამენტს არ გადაუცია ადმინისტრაციული ორგანოსთვის (კომუნიკაციის კომისიისთვის) ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის შეზღუდვის უფლება და „პრინციპულად არასწორია, ამგვარი მნიშვნელობის საკითხზე [რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას] გადაწყვეტილებას იღებდეს სათანადო საკანონმდებლო კომპეტენციის არმქონე ორგანო“.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, კომუნიკაციების კომისიის დადგენილებიდან მომხმარებელთა უფლებების შესახებ, კვლავ ძალაშია სამი საკითხი, რის საფუძველზეც შეიძლება კონკრეტული ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდოს. ესენია: პორნოგრაფიული პროდუქცია, საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქცია და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა სახის ინფორმაცია. ეს უკანასკნელი კი, განსაკუთრებით დიდი რისკის შემცველია, რადგან მისი ზოგადი შინაარსიდან გამომდინარე, პოტენციურად, შეიძლება გამოყენებული იყოს თავისუფალი აზრის შესაზღუდად ინტერნეტში.

კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ინტერნეტის თავისუფლებას საქართველოში, გაწერილია კანონში „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“. ამ კანონში ცვლილების (ძალაში შევიდა 2021 წლის ბოლოს) შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (OTA) გახდა ის ორგანო, რომელმაც კიბერ-უსაფრთხოების სფეროში შეითავსა  უწყებებს შორის მარეგულირებლის, აკრედიტაციის გამტარებლის და აღმასრულებლის, ხოლო, მეორე მხრივ, კონტროლის განმახორციელებელი და ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები. Freedom House-ის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც ხაზს უსვამს მაშინ ჯერ კიდევ კანონპროექტის სახით არსებულ ამ რეგულაციას, აღნიშნულია: „ამ სააგენტოს უფლებამოსილება გავრცელდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ვრცელ ჩამონათვალზე, მათ შორის საჯარო ინსტიტუტებსა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე. ცვლილებებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, ასევე უშუალოდ სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს რეგულაციები არ პასუხობენ ქვეყანაში არსებულ კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს, ქმნიან OTA-ს კონტროლის რისკებს ინტერნეტ-სერვისის მიმწოდებლებზე, საინფორმაციო სისტემებზე და არღვევენ ქვეყნის კონსტიტუციურ გარანტიებს (მაგ. პერსონალური მონაცემების შესახებ), ასევე, საერთაშორისო ვალდებულებებს“.

2020 წლის ივლისში კომუნიკაციების კომისიამ სადავო ცვლილებები შეიტანა კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ რითაც საკუთარ თავს უფლება მისცა დაენიშნა სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველი,“ რომელიც აღასრულებს მის გადაწყვეტილებებს. აღნიშნული რეგულაცია ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა. არაერთ პრობლემურ გარემოებასთან ერთად, ვენეციის კომისიამ დაინახა გამოხატვის თავისუფლების/მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეც, რადგან კანონი შეიძლება გავრცელდეს ელექტრონული კომუნიკაციისა და ინტერნეტის პროვადერებზე, რომლებიც შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფენ მაუწყებლებს ან თავადაც ოპერირებენ როგორც მაუწყებლები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებობს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა მაგალითად ინტერნეტ გვერდების ბლოკირების საკითხი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოში აქტიურად გამოიყენება DNS ბლოკინგი (Domain Name System Blocking). ამგვარი ტექნიკური საშუალება იძლევა მთლიანად ინტერნეტ გვერდის ბლოკირების საშუალებას, თუმცა არა ინტერნეტ გვერდზე განთავსებული კონკრეტული ინფორმაციისას. აღნიშნულმა გარკვეულ კონტექსტში შეიძლება წარმოშვას მნიშვნელოვანი პრობლემა ციფრული უფლებების პროპორციულად შეზღუდვის თვალსაზრისით... (გვ. 16) ცხადად არ არის განსაზღვრული ინტერნეტ სერვის პროვაიდერის და დომენის რეგისტრატორის უფლებები და ვალდებულებები ინტერნეტ კონტენტის შეზღუდვის თვალსაზრისით; ინტერნეტ „კონტენტის“ შეზღუდვის არსებული მოდელი არ არის გამჭვირვალე. არ არის ხელმისაწვდომი რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები დაბლოკილი ვებგვერდების/ინფორმაციის და მომთხოვნი დაწესებულებების თაობაზე“ (გვ. 30). უნდა ითქვას, რომ ამ გაურკვევლობამ ბოლო წლებში რამდენჯერმე იჩინა თავი. მაგალითად, ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო რა კონკრეტული ვიდეოს ამოღება, ორჯერ დაბლოკა წვდომა საქართველოდან YouTube-ზე, სადაც აღნიშნული ჩანაწერები გამოქვეყნდა. Freedom House-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ პირველი ასეთი ინციდენტი 2016 წლის 11 მარტს მოხდა და 20 წუთს გაგრძელდა. ის მხოლოდ „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებლებს შეეხო. სამი დღის შემდეგ YouTube კვლავ მიუწვდომელი იყო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში „კავკასუს ონლაინისა“ და „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით, 2016 წლის ივნისში, იგივე ვიდეოები კვლავ გამოჩნდა Vimeo-ზე, რის შემდეგაც მთელი პლატფორმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიუწვდომელი გახდა. Vimeo-ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს პროკურატურამ მოითხოვა ვიდეოების ამოღება, რის შემდეგაც პლატფორმაზე წვდომა აღდგა. ასევე, 2015 წელს, სავარაუდოდ ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, დაიბლოკა WordPress-ის პლატფორმა, რამაც გამოიწვია საქართველოში ამ პლატფორმაზე მოქმედი არაერთი ვებ-გვერდის მუშაობის დროებით შეჩერება. დაბლოკვის მიზეზი, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელიც სწორედ WordPress-ის მიერ უზრუნველყოფილ ერთ-ერთ საიტზე განთავსდა.

რაც შეეხება სხვა ტიპის დარღვევებს, ამ კონტექსტში აღსანიშნავია YouTube ჰიპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს საქმე. 2017 წლის 9 ივნისს სამართალდამცავებმა Birja Mafia-ს წევრები დააკავეს ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვის ბრალდებით. თუმცა, ბრალდებულები და მათი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებები გამოგონილი იყო და მათ ნარკოტიკი „ჩაუდეს“ YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, რომელშიც დასცინოდნენ პოლიციას და ასახავდნენ პოლიციელს ძაღლად. ამ მოვლენის გამო, თბილისში გამართული დიდი დემონსტრაციის შემდეგ, ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს 2017 წლის 12 ივნისს. ზემოთ ხსენებული YouTube-ის ვიდეო პლატფორმიდან გარკვეული ხნით გაქრა, 2017 წლის ივნისში კი კვლავ გამოჩნდა, თუმცა პოლიციელების დაბლარული სახეებით. ამ საქმის გარშემო შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გაამყარა მოსაზრება, რომ ჰიპ-ჰოპ ჯგუფის წევრები სწორედ კონკრეტული ვიდეოს გამო დააკავეს.

ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ინტერნეტ სივრცეში რამდენჯერმე განხორციელდა კიბერ-შეტევა სხვადასხვა ვებ-გვერდზე. მათ შორის, 2019 წლის აგვისტოში კიბერ-შეტევა განხორციელდა ტელეკომპანია „პირველზე“, რომლის დროსაც ტელეკომპანიამ დაკარგა წვდომა თავის მთავარ სერვერზე, რის გამოც იძულებული გახდა დროებით შეეჩერებინა მაუწყებლობა. 2018 წელს კიბერ-შეტევა განხორციელდა ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტზე - „თიბისი ბანკზე“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკის წარმომადგენლებმა მომხდარის შესახებ აცნობეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიაწოდეს იმ ადგილის გეოგრაფიული მისამართი, საიდანაც თავდასხმა განხორციელდა, გამოძიებამ კონკრეტული შედეგი ვერ დადო. 2020 წლის მარტში, ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე გამოჩნდა საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ეროვნული პირადობის ნომრები, დაბადების თარიღები, მობილური ტელეფონის ნომრები და სახლის მისამართები. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ მონაცემები მოიპარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან (ცესკო), მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი მოპოვებულ იქნა 2011 წელს და ამ პერიოდამდე სხვაგან ინახებოდა.

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ეხებოდა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) გაჟონილ ფაილებს. 2021 წლის 13 სექტემბერს, ინტერნეტ სივრცეში განთავსდა და მედიას გაეგზავნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს და ზოგადად, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, სუს-ი უკანონოდ უსმენს. გავრცელებული მასალები ძირითად იყო ტექსტურ ფორმატში (ე.წ. „დანოსები“) და 10 გეგაბაიტს აღემატებოდა. ჟურნალისტებმა, ასევე სხვა საჯარო პირებმა, დაადასტურეს, რომ მასალა ნამდვილად ასახავდა მათ პირად კომუნიკაციას, რაც ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ ფარული მიყურადების ობიექტები.

ქართული ინტერნეტ სივრცის, კერძოდ კი სოციალური ქსელების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსული პროპაგანდა, დეზინფორმაცია და პრო-რუსული ე.წ. ტროლ-ბოტები, რის შესახებაც ყურადღება გამახვილებულია Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის ყოველწლიურ ანგარიშებში. ტროლბის თემა აქტუალურია შიდა აქტორების კონტექსტშიც, კერძოდ, არაავთენტურ საქმიანობასა და ოპონენტების დისკრედიტაციაში უმეტესად შემჩნეულია სახელისუფლებო პარტიასთან აფილირებული გვერდები. მაგალითად, 2019 წლის დეკემბერში Facebook-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მან თავისი პლატფორმიდან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში“. გაუქმებული ანგარიშების მიერ წარმოებული კამპანიის მთავარი სამიზნე საქართველოს შიდა აუდიტორია იყო, ისინი პოზიციონირებდნენ როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიასაშუალებებს. გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, ძირითადად, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე აქვეყნებდნენ ინფორმაციას, მაგალითად, როგორიც არის არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა. გაუქმებული გვერდები, ჯგუფები და ანგარიშები მოქმედებდნენ კოორდინირებულად, ამასთან კავშირში იყვნენ საქართველოს მთავრობასთან. 2020 წლის აპრილში Facebook-მა წაშალა ასობით Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიში, ჯგუფი და გვერდი, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო მმართველ პარტიასთან „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. გვერდები წაიშალა „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო. იგივე განმეორდა 2020 წლის ოქტომბერშიც.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები, ფიზიკური ძალადობა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, მათ შორის, ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებზე. ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც.

 

***

სხვადასხვა წყაროს ანალიზი, ასევე Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის მიმოხილვა ადასტურებს, რომ საქართველოში ინტერნეტი დიდწილად თავისუფალია. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს რიგი ბერკეტები, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი მიღწევა საპირისპიროდ შეიცვალოს. ეს, პირველ რიგში, ეხება ბუნდოვან საკანონმდებლო რეგულაციებს და სახელმწიფოს პერიოდულ მცდელობებს, გაზარდოს კონტროლი ამ სფეროზე. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია აღარ ვითარდება და შეიძლება ითქვას, რეგრესს განიცდის (ამის შესახებ საუბარია იგივე Freedom House-ის ანგარიშებში), ასევე, წლიდან წლამდე უარესდება მედიის თავისუფლება, რთულია გვქონდეს პოზიტიური მოლოდინები იმის შესახებ, რომ ინტერნეტი თავისუფალი დარჩება. როგორც ზემოთ ჩვენ მიერ მოხმობილმა Facebook-ის ანგარიშებმა აჩვენა, ხელისუფლება და მასთან აფილირებული აქტორები ინტერნეტის საშუალებით საზოგადოების აზრის მანიპულირებას ცდილობენ ე.წ. ტროლებისა და ბოტების გამოყენებით. შეიძლება ითქვას, ეს მცდელობები ამ დრომდე საკმაოდ წარმატებულია. ასეთ დროს კი, ხელისუფლებას არ სჭირდება საინფორმაციო სივრცის სრული კონტროლი უხეში ჩარევებით. არსებობს მოსაზრება, რომ თანამედროვე მსოფლიოში, გარდა ექსტრემალური გამონაკლისებისა, არადემოკატიული რეჟიმები არ ცდილობენ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების სრულ დამორჩილებას. ამას შეიძლება ეწოდოს „მედიის ეფექტური კონტროლი“, სადაც საკმარისია ძირითადი წყაროების გაკონტროლება (რის მცდელობებსაც ტრადიციულ მედიაში ვხედავთ), საკუთარი დღის წესრიგის შექმნა და ამავდროულად, ალტერნატივების დისკრედიტაცია. ასეთი მიდგომით, პრო-სამთავრობო ნარატივი მაინც ყოველთვის ჭარბადაა მედია სივრცეში, ვიდრე ალტერნატიული მოსაზრებები. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, შეიძლება დადგეს მომენტი, როცა საჭირო გახდება მიმდინარე კონტროლზე რაღაც კიდევ უფრო მეტი. ეს „უფრო მეტი“ კი, სავარაუდოდ, სწორედ ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვა იქნება.

 

ბიბლიოგრაფია:

EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION). (22 მარტი, 2021). JOINT OPINION OF THE VENICE COMMISSION AND THE DIRECTORATE GENERAL OF HUMAN RIGHTS AND RULE OF LAW (DGI) OF THE COUNCIL OF EUROPE ON THE RECENT AMENDMENTS TO THE LAW ON ELECTRONIC COMMUNICATIONS AND THE LAW ON BROADCASTING. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NP4ver (09.11.2022).

Freedom House. (2017). Freedom on the Net – Georgia. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3UljkaN (09.11.2022).

Freedom House. (2020). Freedom on the Net – Georgia. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EgXWOn (09.11.2022).

Freedom House. (2021). Freedom on the Net – Georgia. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ThEfu5 (09.11.2022).

Freedom House. (2022). Freedom on the Net – Georgia. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3G58Acr (09.11.2022).

Freedom House. Freedom of the Net Research Methodology. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3htnlvg (09.11.2022).

Statista. (20 ოქტომბერი, 2022). Degree of internet freedom in selected countries according to the Freedom House Index 2022. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EhZ6JD (09.11.2022).

Walker, C and Orttung R, W. (2014). Breaking the News: The Role of StateRun Media. Journal of Democracy. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2XUstyM (09.11.2022).

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). (2022). ინტერნეტის თავისუფლება და ციფრული უფლებები საქართველოში: სისტემური გამოწვევები. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3WNDmwh (09.11.2022).

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI). (12 თებერვალი, 2020). კანონპროექტი „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ და მასთან დაკავშირებული საფრთხეები. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3FZBxXe (09.11.2022).

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). (2021). კავკასიის ბარომეტრი საქართველო - ინტერნეტით სარგებლობის სიხშირე (%). ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3WPMscb (09.11.2022). 

საქართელოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს კონსტიტუცია. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3UmzYqR (09.11.2022).

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. (2 აგვისტო, 2019). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწვეტილება №1/7/1275 - ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3hi2FX6 (09.11.2022).

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3UIcmN6 (09.11.2022).

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3G1xoSM (09.11.2022).

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №3 „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DWthot (09.11.2022).

ტაბულა. ბირჟა მაფიას საქმე. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3UFQodr (09.11.2022).

ქოქოშვილი, დ. (25 ნოემბერი, 2015). WordPress-ის ვებგვერდებზე წვდომა აღდგა. ნეტგაზეთი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EgMJNL (09.11.2022).

ქუტიძე, დ. (2022). ქართული მედიის მდგომარეობა ბოლო ათწლეულში - პროგრესი, სტაგნაცია და რეგრესი. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tAVOex (09.11.2022).

ქუტიძე, დ. გურგენაშვილი, ი. (2020). სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელით შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება?! კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zZZA4m (09.11.2022).

წულაძე, ზ. (15 სექტემბერი, 2021). სუს-ის ტოტალური, უკანონო მოსმენების ტოტალური გაჟონვა. ამერიკის ხმა. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NQd4Wa (09.11.2022).

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე