პუბლიკაციები

2022 წელი - ფასების ორნიშნა ზრდა - ჩავარდნილი მონეტარული პოლიტიკა

ფოტო: Manhattan Institute

საქართველოში 2022 წელს უმთავრესი ეკონომიკური გამოწვევა სამომხმარებლო ფასების ზრდა - ინფლაცია იყო. აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაცია არამხოლოდ ამ პერიოდის, არამედ წინა ორი წლის პრობლემაა, რადგან ჯერ კიდევ 2019 წლის მარტიდან სამიზნე 3.0%-იან ნიშნულს აღემატება და 2021 წლის ივლისიდან ორნიშნა მაჩვენებელია. 1999 წლის შემდეგ ასეთი ხანგრძლივობით სამომხმარებლო ფასების ორნიშნა ზრდა პირველად დაფიქსირდა (ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ცალკეულ თვეს ყველაზე მაღალი ნიშნული  2006 წლის ივლისში 14.5% და 2011 წლის მაისში 14.3% იყო). ხანგრძლივი პერიოდის მაღალი ინფლაცია კი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ 2022 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა (Shamugia, 2022b).

ინფლაცია ყველაზე დიდ ტვირთად შედარებით ღარიბ მოსახლეობას აწვება, რადგან მათი შემოსავლები - სოციალური ტრანსფერები თუ ხელფასები, დიდწილად, ფიქსირებულია (Kahn, 1997; Campbell & Kamlani, 1997; Smith, 2000) და უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ფასები. შესაბამისად, როცა ეკონომიკაში ფასების დონე იზრდება, ამ ადამიანთა მდგომარეობა უარესდება. მაგალითად, საქართველოში სოციალური ტრანსფერის მიმღებთა რაოდენობა 2020 წლის მდგომარეობით, 958.3 ათასი ადამიანი იყო, ხოლო საშუალო სტატისტიკური შინამეურნეობის ფულადი შემოსავლების 21.8% კი - სოციალური ტრანსფერი. ხელფასი კი ფულადი შემოსავლების, საშუალოდ, 44.4%-ია. მეორე მხრივ, მაღალი ინფლაცია საზიანოა ეკონომიკური ზრდისთვის (Judson & Orphanides, 1999; Grier et al. 2004; Apergis, 2005; Wilson, 2006; Barro, 2013; Mandeya & Ho, 2021), რადგან იზრდება გაურკვევლობა სამომავლო ფასებზე. ასეთი გაურკვევლობა კი ბაზარზე ფასებს ნაკლებად ეფექტიანს ხდის ეკონომიკური აქტივობის კოორდინირებას, რაც გამოშვების შემცირებაში აისახება (Friedman, 1977).

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილება (%)

წყარო: სტატისტიკის სამსახურები, ცენტრალური ბანკები

აღნიშნულ პრობლემაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, რადგან ამ უკანასკნელის კონსტიტუციური მანდატი ეკონომიკაში ფასების საერთოდ დონის სტაბილურობის უზრუნველყოფაა და შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად ფართო ძალაუფლებით არის აღჭურვილი. კერძოდ, ეროვნულ ბანკს სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის ტემპი საშუალოვადიან პერიოდში 3.0%-ს ფარგლებში უნდა შეენარჩუნებინა, მაგრამ ინფლაციის დონე ჯერ კიდევ 2019 წლიდან ამ ნიშნულს აღემატება. ასეთი რამ მხოლოდ ბოლო სამწლიანი პერიოდისთვის არ ყოფილა დამახასიათებელი, რადგან წინა წლებშიც ცენტრალური ბანკი ჯეროვნად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას (Shamugia, 2022a).

რაც შეეხება ბოლო ორწლიან პერიოდს, ეროვნული ბანკის პოლიტიკა, პირიქით, ინფლაციის დათრგუნვისთვის კონტრ-პროდუქტიული იყო. პანდემიის პირველივე წელს ცენტრალურმა ბანკმა მისი უპირველესი საზრუნავის - ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე დაბრუნების ნაცვლად, კომერციული ბანკების სუბსიდირება და ეკონომიკურ ზრდაზე ზრუნვა დაიწყო (Shamugia, 2021). შედეგად, 2020 წელს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, უმუშევრობის დონე 18.5%-მდე გაიზარდა, სამომხმარებლო ფასების ზრდა დაჩქარდა და კომერციულმა ბანკებმა ფისკალური წელი 99.3 მლნ ლარის მოგებით დაასრულეს. უკვე 2021 წელს კომერციული ბანკების მოგებამ 2 081.6 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საბანკო სექტორი მომგებიანობის 26.2%-იანი ნიშნულით გლობალურად მაღალ პოზიციებს იკავებდა. ამგვარი მდგომარეობა კი ამ პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული წესებისგან გადახვევისა და არაორდინალური პოლიტიკის გატარების შედეგია.

ცხრილი 1: 2020 წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

არაორდინალური პოლიტიკა მონეტარული და საზედამხედველო ინსტრუმენტებით ფართომასშტაბიან შემსუბუქებას ითვალისწინებდა, რომლის ერთ-ერთი მიზანი დაკრედიტების ხელშეწყობა იყო, იმ პირობებში, როცა მთავრობას ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული ჰქონდა. ინფლაციის მზარდი ტემპის მიუხედავად, ასეთი პოლიტიკა მომდევნო პერიოდშიც გააგრძელა. მართალია 2021 რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობით იზრდებოდა, მაგრამ პარალელურად ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემამსუბუქებელი ეფექტის მქონე ღონისძიებები გატარდა.  ხსენებულ პერიოდის კონტრ-პროდუქტიულ პოლიტიკა არამხოლოდ მონეტარული ხელისუფლებისგან იყო, არამედ მასში მთავრობაც აქტიურად ჩაერთო. კერძოდ, ფისკალური პოლიტიკა ინფლაციის ისედაც მზარდი ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებას უწყობდა ხელს. ერთ-ერთი ამის ნათელი მაგალითი დამატებით 600.0 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გამოშვება (შიდა ვალის აღება) და მიღებულ თანხის კომერციულ ბანკებში გრძელვადიანი დეპოზიტების სახით განთავსება იყო.

ცხრილი 2: 2020 წელს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საბოლოოდ, პანდემიის პირველ წელს გატარებული მკვეთრი შემსუბუქების არაორდინალური პოლიტიკის შედეგები უკვე მომდევნო პერიოდის მზარდ ინფლაციაში აისახა.  ამ პერიოდის მსგავსი პოლიტიკა ნაწილობრივი მომდევნო წელსაც გაგრძელდა. მართალია 2021 წელის მარტიდან 2022 მარტამდე ეროვნული ბანკის მმართველმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0% -დან 11.0%-მდე გაზარდა, მაგრამ ეს ერთი მხრივ, საკმარისი არ ყოფილა და მეორე მხრივ, სხვა მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებას შემსუბუქების ეფექტი გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა, აღნიშნული რეფინანსირების სესხების კლებაში არ ასახულა. ამასთან, ეკონომიკაში საპროცენტო განაკვეთების არსებითად არ შეცვლილა და დაკრედიტების ტემპის შენელება მხოლოდ 2021 წლის ბოლოდან დაიწყო, მაგრამ ორნიშნა ინფლაციის ტემპის შესამცირებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. მიმდინარე ეტაპზე, კლებადი დინამიკის მიუხედავად, დაკრედიტების ზრდის დონე კვლავ მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნულ ვალუტაში სესხების წლიური ზრდა 18.2% იყო.

დაკრედიტების მაღალი ტემპი და ინფლაციის კვლავ ორნიშნა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა საკმარისად მკაცრი არ ყოფილა არსებული გამოწვევის საპასუხოდ. პირიქით, რიგ შემთხვევაში, ინფლაციის ხელშემწყობი ღონისძიებები გატარდა. მაგალითად, ასეთი ღონისძიება 2022 წელს ცენტრალური ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციებია, რაც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას ნიშნავს და სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გაუფასურებასა და ინფლაციური პროცესის ხელშეწყობაზე აისახება.

ამდენად, 2022 წლის მთავარ მაკროეკონომიკური პრობლემა სამომხმარებლო ფასების ორნიშნა ზრდა იყო, რომლის საპასუხოდ ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა ადეკვატური არ აღმოჩნდა და ამ კუთხით, უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოს მიერ ბიუროკრატიულ-ტექნოკრატიული ადმინისტრაციაზე ფართო მონეტარული ძალაუფლების დელეგირება დამარცხდა.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია