ყარაბაღის კონფლიქტის ანატომია (ნაწილი 1) - კონფლიქტის ისტორია და მედიაციის სისუსტე
ფოტო: Associated Press
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ტერიტორიული დაპირისპირება, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სახელწოდებით არის ცნობილი, სამხრეთ კავკასიის რეგიონის, აგრეთვე, ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას ხშირად არყევს. ეს არის ერთი მხრივ, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მეორე მხრივ, შიდასახელმწიფოებრივი, სეპარატისტული კონფლიქტი დე ფაქტო ყარაბაღის ხელისუფლებასა და ბაქოს შორის. ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონში ერთადერთი კონფლიქტია, რომელსაც არ ჰყავს ე.წ. მშვიდობის შემნარჩუნებელი.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის განახლების რეალობის წინაშე სამხრეთ კავკასიის რეგიონი 27 სექტემბერს დადგა, როცა დაიწყო მასშტაბური სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს ათობით დაღუპული და დაჭრილი იყო. თავდაპირველად, გაჩნდა განცდა, რომ შეტაკება არ იქნებოდა ხანგრძლივი და ისეთივე ერთეული წერტილოვანი დარტყმები განხორციელდებოდა, როგორიც იყო მაგალითად, მიმდინარე წლის ივლისში თოუზის რაიონში (განჯა-ყაზახის რეგიონი), თუმცა, მას შემდეგ რაც ორივე მხარემ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და საარტილერიო სროლებმა ნელ-ნელა კონვენციური ომის ფორმები მიიღო, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ საქმე აქვს კონფლიქტთან, რომელიც შესაძლოა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმაშტაბიან ომში გადაიზარდოს.
ყარაბაღის კონფლიქტს მრავალი შრე აქვს. გარდა ეთნიკური დაპირისპირებისა, აქ ვაწყდებით გეოპოლიტიკურ "თამაშებს" დიდ ძალებს შორის (რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, ირანი), მსოფლიო ლიდერობის დეფიციტს (გზა უნიპოლარული საერთაშორისო სისტემიდან - მულტიპოლარულ სისტემამდე), დიპლომატიისა და მედიაციის სისუსტეს, მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებს და ისედაც რთულ რეგიონს, რომლიც ამ კონფლიქტის მძევალი გახდა.
მიმდინარე თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად, წარმოგიდგენთ მოსაზრებების სერიას: "ყარაბაღის კონფლიქტის ანატომია". ეტაპობრივად ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რომელიც ზემოთ წამოვჭერი და შევეცდები გავაანალიზო კონფლიქტის თითოეული შრე. რაც შეეხება წინამდებარე მოსაზრებას, მისი მიზანია მკითხველს წარმოდგენა შეუქმნას კონფლიქტის არსზე, მის ისტორიაზე და ასევე, მინსკის ჯგუფზე, როგორც კონფლიქტის მედიატორზე.
კონფლიქტის ისტორია
„ყველა კონფლიქტს აქვს წინარე ისტორია,“ გამონაკლისი არც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია და მას ამ რეგიონზე გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის დაპირისპირება - აზერბაიჯანის და სომხეთის შუღლი უდევს საფუძვლად. მთავარი კითხვაა ვის ეკუთვნის მთიანი ყარაბაღი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული და კომპლექსური საკითხია და ძალიან ღრმა ისტორიამდე მივყავართ. ილუსტრირებისთვის თუ რამდენად შორს მიდის აზერბაიჯანი და სომხური მხარე მტკიცებაში - ვის ეკუთვნის ეს რეგიონი, საკმარისია გავიხსენოთ, რომ სომხეთისთვის ყარაბაღი ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე მე-4 საუკუნეში არსებული დიდი სომხეთის სამეფოს ნაწილად მიიჩნევა, ხოლო აზერბაიჯანისთვის ყარაბაღი, უძველესი მიდიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ძვ. წ. მე-6 საუკუნეში ჯერ სპარსებმა, შემდეგ ძვ.წ. მე-4 საუკუნეში ალექსანდრე დიდმა და ბოლოს რომაელებმა დაიპყრეს. ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი სირთულეც, ალბათ, სწორედ ეს ისტორიული წიაღსვლებია, რის ფესვებსაც უძველეს პერიოდამდე მივყავართ და როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ მივიწყებული ეპოქების ისტორიები, დღემდე კვებავენ კონფლიქტის მხარეებს. გარდა უძველესი ხანის მითებისა, აზერბაიჯანი უკანასკნელი ორი საუკუნის ისტორიას იმოწმებს იმის საჩვენებლად რომ რეგიონს ეთნიკური აზერბაიჯანელები მართავდნენ, საპირისპიროდ, სომხური მხარე ირწმუნება რომ ყარაბაღი ეთნიკური სომხების „სახლი“ იყო და აზერბაიჯანის მიერ მის მართვას არ გააჩნდა ლეგიტიმაცია.
ისტორიის ლაბირინთებში სიარული შორს წაგვიყვანს, თუმცა 1988 წლამდე (ყარაბაღის ომის დაწყების დრომდე) რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გავიხსენოთ. რუსული სტატისტიკის თანახმად, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ხვედრითი წილი ყარაბაღის რეგიონში 1823 წლისთვის 9%-ს შეადგენდა, ხოლო მუსლიმი მოსახლეობის წილი - 91%-ს, 1832 წელს სომხების წილი 35% იყო, ხოლო 1880 წლისთვის სომხები უმრავლესობაში იყვნენ და სრული მოსახლეობის 53%-ს შეადგენდნენ. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ხვედრითი წილის სწრაფი ტემპებით ზრდა მიანიშნებს, რომ 1853-56 წლის ყირიმის ომისა და 1877-1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, იმპერიულმა რუსეთმა დაინახა აზერბაიჯანელების მხარდაჭერა ჯერ ოტომანთა იმპერიის და შემდეგ მისი სამართალმემკვიდრე თურქეთის მიმართ, რის გამოც რეგიონში სომხების ჩასახლებას შეუწყო ხელი და რუსეთისთვის ჩვეული მეთოდებით, ეთნიკური კონფლიქტი წაახალისა.
1918 წლამდე მთიანი ყარაბაღი არ ყოფილა რომელიმე ერი-სახელმწიფოს შემადგენლობაში. მეფის რუსეთის დროს სამხრეთ კავკასიაში 5 გუბერნია არსებობდა: ქუთაისის, თბილისის, ერევნის, ბაქოს და ელიზავეტპოლის (განჯა) გუბერნიები, ამ 5 გუბერნიის ადგილზე 3 სახელმწიფო ჩამოყალიბდა: საქართველო (ქუთაისისა და თბილისის გუბერნია), აზერბაიჯანი (ბაქოს და ელიზავეტპოლის გუბერნია) და სომხეთი (ერევნის გუბერნია). სწორედ ამ პერიოდში ბოლშევიკურმა რუსეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანს მიაკუთვნა. რუსეთის იმპერიის და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დროს, სომხური მხარე ვერ „ბედავდა“ პრეტენზია განეცხადებინა ყარაბაღზე, რაც ბუნებრივიც არის, ძლიერი ცენტრის პირობებში ვერც ერთი გუბერნია და შემდეგ სოციალისტური რესპუბლიკა ვერ ახდენდა საზღვრების ისე ფორმირებას, როგორც ეს მათ სამართლიანად მიაჩნდათ. თუმცა, 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა სოციალისტური კავშირი უკიდურესად დასუსტებული იყო და ის ე.წ. გარდაქმნის პოლიტიკის (перестройка) უკანასკნელ წლებს ითვლიდა, სომხეთმა მოსკოვს ყარაბაღის მათთვის გადაცემა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. უარი გამოწვეული იყო გორბაჩოვის და მისი გარემოცვის შიშით არ მომხდარიყო ქვეყნის შიგნით სხვა ტერიტორიების გადასინჯვაც, რაც, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ისედაც დასუსტებულ კავშირს. 1988 წელს საბჭოთა კავშირი, როგორც ერთიანი რესპუბლიკა სულს ღაფავდა, მოსკოვის დასუსტება და პერიფერიებზე ყურადღების მოდუნება, სომხეთისთვის იყო ძლიერი ბიძგი, ხმამაღალი პრეტენზია განეცხადებინა ყარაბაღის რეგიონზე. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირველი ღია შეტაკება 1988 წელს მოხდა, სწორედ ამ წლიდან აითვლება ყარაბაღის ომი, თუმცა 1989 წელს რეგიონზე კვლავ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი დამყარდა. მიუხედავად ამისა, ცალკეული შეტაკებები ყარაბაღში მაინც ხდებოდა, საბჭოთა კავშირი კი იარაღს ორივე მხარეს ყიდდა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა და ფართო მასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1994 წელს აზერბაიჯანის ახალმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანას ომი ძვირი უჯდებოდა და ზავი ითხოვა. მოსკოვის ჩართულობით მხარეები დაზავდნენ. კონფლიქტი გაიყინა.
4-დღიანი ომი ყარაბაღში
1994 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელმაც, გარკვეული თვალსაზრისით, „გაყინა“ ყარაბაღის კონფლიქტი, 2016 წლის 2 აპრილს აზერბაიჯანის მხრიდან დაირღვა. 2016 წლის მოვლენები, რომლებიც აშშ-ში ბირთული უსაფრთხოების სამიტზე აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების დასწრების პარალელურად მიმდინარეობდა, კონფლიქტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დაპირისპირებად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ 1994 წლის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის ხაზთან პერმანენტულად ირღვეოდა, 2016 წლამდე მსგავსი მასშტაბის შეტაკება არ მომხდარა.
2016 წლის აპრილის დაპირისპირებამ პირველი ცვლილება შეიტანა სტატუს-კვოში 1994 წლის შემდეგ. თუმცა, იგი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა მოულოდნელად დაწყებული შეტაკება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ რეგიონში შეინიშნებოდა მილიტარიზაციის მაღალი ხარისხი და ამავდროულად, პრაქტიკულად არ არსებობდა პროგრესი ე.წ. შუამავლების შეხვედრაში (ეუთოს მინსკის ჯგუფი).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 1994 წლის შემდეგ ცეცხლის გახსნის არაერთ გამოვლინებას ჰქონდა ადგილი, რომელიც არ იყო მასშტაბური, თუმცა აჩვენებდა, რომ გაყინული კონფლიქტი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაიზრდებოდა აქტიურ დაპირისპირებაში და ერთეული შეტაკებები აუცილებლად მიიღებდა ბევრად უფრო ფართო დაპირისპირების ფორმას. აღსანიშნავია ისიც, რომ 1994 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ორივე მხარემ მოაწერა ხელი, ორივე მხარე აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვამდა და არ იყო მზად კონფლიქტის შეჩერებისთვის. ამ, ე.წ. დაუკმაყოფილებლობის განცდამ მოამზადა ნიადაგი მომავალში დაპირისპირებისთვის. მსგავსი დაპირისპირების მოხდენის გარდაუვალობა, განსაკუთრებით გამოკვეთა 2008 წელს რეგიონში განვითარებულმა სხვა მოვლენამ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, მთიან ყარაბაღში მუდმივი ცეცხლის ფონზე მიმდინარეობდა, აგვისტოს 5 დღიანი კონფლიქტის დროს, განუწყვეტლივ ისმოდა ცეცხლის ხმა და სიტუაციის ცალკეული დაძაბვა კონფლიქტურ ზონაში. 2010 წლიდან ეს შეტაკებები უფრო ინტენსიური გახდა, განსაკუთრებით გააქტიურება იკვეთებოდა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდებში. მცირემასშტაბიან სასაზღვრო შეტაკებას ჰქონდა, ასევე, ადგილი 2014 წლის აგვისტოშიც, თუმცა 2016 წლის მასშტაბებისთვის, მანამდე არასდროს მიუღწევია.
ოთხდღიანი ომის შეტაკებები მთიან ყარაბაღში 2016 წლის 2 აპრილს დაიწყო. მეორე დღეს, 3 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირჰამ ალიევმა საჯაროდ განაცხადა, რომ იძულებული იყო მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, გამომდინარე იქიდან, რომ მინსკის ჯგუფს არ გააჩნია არანაირი სახის შედეგი. გარდა ამისა, მან მიუთითა სომხეთის მხრიდან მომდინარე აქტიურ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, ხოლო აზერბაიჯანის ქმედებას საპასუხო რეაქცია უწოდა.
სამხედრო დაპირისპირება 2016 წლის 5 აპრილს დასრულდა, დაწყებიდან 4 დღის შემდეგ. კონფლიქტის ორივე მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო 6 აპრილს მოსკოვში, სომხეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსები ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ. რაც შეეხება დანაკარგებს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით, ჯამში ორივე მხრიდან 350 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ტერიტორიების თვალსაზრისით, აზერბაიჯანმა კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთით და სამხრეთით იმ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დაიკავა, რომელიც 1994 წლის შემდეგ სომხეთს ეკავა. თუმცა, სომხური მხარის შეფასებით, ის 800 ჰა მიწა, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაკარგეს, არ იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.
ეუთოს მინსკის ჯგუფი - როგორია მედიაცია ყარაბაღის კონფლიქტში?
ეუთოს მინსკის ჯგუფი (The OSCE Minsk Group) 1992 წელს მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიზნით შეიქმნა. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. გარდა ამისა, ჯგუფში შედის ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთი და თურქეთი, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი.
მინსკის ჯგუფი და მადრიდის პრინციპით მიმავალი მოლაპარაკებები საკმაოდ უმოქმედოა და გარკვეული თვალსაზრისით ჩიხშიც არის შესული, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ომის გამოყენება ძლიერი ცდუნებაა სტატუს-კვოს შესაცვლელად. დიპლომატია გაცილებით უფრო ნაკლები შედეგის მომტანია აზერბაიჯანისთვის, ვიდრე სომხეთისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ტერიტორიებს სომხეთი ფლობს, ხოლო დამარცხებულის იმიჯი აზერბაიჯანს აქვს. გარდა ამისა, ომი აზერბაიჯანისთვის არის შესაძლებლობა, რათა დე ფაქტო ხელისუფლებამ შეცვალოს საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. განსხვავებით აზერბაიჯანისგან, სომხეთს სტატუს-კვოს შეცვლის ნაკლები სტიმული ჰქონდა. თუმცა, აზერბაიჯანის მოქმედებებმა აიძულა საპასუხო ქმედებები განეხორციელებინა, რამაც, თავისმხრივ, ჩიხში შეიყვანა, ისედაც ძალიან სუსტი მოლაპარაკებების პროცესი.
მადრიდის პრინციპი ითვალისწინებს შემდეგს: მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ტერიტორიების დაბრუნებას, მთიანი ყარაბაღისთვის შუალედური სტატუსის მინიჭებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და შესაძლებელი გახდეს თვითმმართველობის განხორციელება, საბოლოოდ განისაზღვროს ყარაბაღის სამართლებრივი სტატუსი, მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლიანი დაბრუნება. თითოეულ ამ შედეგს აქვს თავისი გამოწვევები კონფლიქტის ორივე მხრიდან, რაც თავისთავად ხელს უშლის მის შესრულებას და შესაბამისად მშვიდობის აღდგენას კონფლიქტში. კონკრეტული შედეგის მისაღწევად, მათ შორის სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონტროლის დათმობას სჭირდება დიპლომატიური ძალისხმევა, ამავე დროს გარე აქტორების აქტიური ჩართულობა და ნაკლები პოზიციონირება.
რაც შეეხება მინსკის ჯგუფის მხარდამჭერ არგუმენტს, მის მიღწევად მხარეებს შორის კომუნიკაციის არსებობას ასახელებენ. მინსკის ჯგუფი არის პლატფორმა, სადაც მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან. ამის გარეშე შესაძლოა აზერბაიჯანსა და სომხეთს საერთოდ არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, ინფორმაციისა და განწყობების გაზიარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ურთიერთობის ე.წ. ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების პროცესი - ე.წ. „საბაზისო პრინციპები“, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის რიგი ასპექტების მოგვარებას და მშვიდობის მშენებლობის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად ამ არგუმენტისა, ფაქტია, რომ დღევანდელმა სიტუაციამ ყარაბაღში მინსკის ჯგუფის სისუსტეებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. 2016 წლის შემდეგ მინსკის ჯგუფს არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი ყარაბაღისთვის, რამაც, სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში, შედეგად კვლავ ომი მოიტანა.
როგორც უკვე აღინიშნა, ყარაბაღის კონფლიქტი ერთ-ერთი გამორჩეულია იმ კუთხით, რომ მას არ ჰყავს ე.წ. მშვიდობის შემნარჩუნებელი. კონფლიქტის ზონაში არ არიან წარმოდგენილნი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც აღკვეთენ საზავო ხელშეკრულების დარღვევის ცალკეულ გამოვლინებებს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პრაქტიკულად არ ხორციელდება მშვიდობის კეთებისა (Peacemaking) და მშენებლობისკენ (Peacebuilding) მიმართული ღონისძიებები. კონფლიქტის აღმოფხვრისთვის ნაკლებად ან პრაქტიკულად არ ხორციელდება ე.წ. პოზიტიური მშვიდობის მიღწევის მექანიზმები - მრავალმხრივი მიდგომები, კონსტრუქციული ქცევის ფასილიტაცია, ქცევის ცვლილება და დამოკიდებულებების შეცვლა კონფლიქტისადმი. ოთხდღიანი ომის შეჩერება და მისი სრულმასშტაბიან დაპირისპირებად გადაქცევის ხელის შეშლა, შეიძლება ითქვას, ძირითადად ნეგატიური მშვიდობის მიდგომებით განხორციელდა, სადაც წამყვან როლს თამაშობდა შეხვედრები მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირებს შორის. მინსკის ჯგუფის მიერ უპირატესობა მხარეების წარმომადგენელი მაღალი თანამდებობის პირებთან დამოუკიდებლად, ცალმხრივ შეხვედრებს მიენიჭა. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (საფრანგეთი, ამერიკა, რუსეთი) შეხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბაქოში, ხოლო რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდნენ ერევანში. აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებთან რამდენჯერმე ჰქონდა სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.
საბოლოოდ, მინსკის ჯგუფის მიერ გამართული ცალმხრივი მოლაპარაკებები მხარეებთან, მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა. მაღალი დონის თანამდებობის პირებთან ცალმხრივი შეხვედრა იყო პრაქტიკულად ერთადერთი ინსტრუმენტი, რის შედეგადაც მხარეებს შორის შეიარაღებული შეტაკება დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ არათუ პოზიტიური მშვიდობის მიდგომები, არამედ მედიატორს ნეგატიური მშვიდობის მიდგომების ყველა დონეც კი არ განუხორციელებია, მას შემდგომ არ მომხდარა ცალკეული დესტრუქციული ქმედებების აღმოფხვრა და არ შემუშავებულა არანაირი ინსტრუმენტი, რომელიც მხარეებს ამ დესტრუქციის სურვილრცს გაუქრობდა.
შესაბამისად, მივიჩნევ, რომ მინსკის ჯგუფის, როგორც მედიატორის სისუსტე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისა, რომ დღეს ყარაბაღში კვლავ ომია. მინსკის ჯგუფი ცალკეული ქვეყნებისგან შედგება, როგორც რეალიზმი გვეუბნება, ამ ქვეყნებს თავისი ინტერესები აქვთ და ძალის და გავლენების მაქსიმიზაციისკენ მიისწრაფვიან. მინსკის ჯგუფის სისუსტე თავად ამ ჯგუფში შემავალი სახელმწიფოების კონტრასტული ინტერესებია, რა ინტერესები აქვთ ყარაბაღის მიმართ ამ ქვეყნებს და როგორია რეგიონში სხვა „დიდი ძალების“ განაწილება, შემდეგ ანალიტიკურ მოსაზრებაში შევეხები.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.