პუბლიკაციები

"ქართული ოცნების" "სუვერენული დემოკრატია" - პროპაგანდა საზოგადოების მოსატყუებლად

ფოტო: გიორგი გოცირიძე

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო  უმრავლესობის წარმომადგენლებისგან, სულ უფრო ხშირად გვესმის სიტყვა „სუვერენიტეტი“ და მისი „დაცვის აუცილებლობა“. მიმდინარე წლის აპრილში, რუსული სტილის კანონის (ოფიციალური სახელწოდება - „უცხო ძალის გამჭვირვალობის შესახებ“) ინიცირებისა და მისი თანმდევი მოვლენების შემდეგ, „სუვერენიტეტის დაცვა“ სახელისუფლებო რიტორიკაში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ზოგადად, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ყველა ხელისუფლების საზრუნავი უნდა იყოს და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას მთავარი საფრთხე რუსეთისგან ემუქრება (რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული), სუვერენიტეტის უპირველეს მტრად სწორედ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მოიაზრებოდეს. თუმცა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთი, როგორც მთავარი საფრთხე, სრულიად იგნორირებულია. სამაგიეროდ, „სუვერენიტეტის დაცვა“ აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც დასავლური, დემოკრატიული ქვეყნები არადემოკრატიული ნაბიჯებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. მსგავსი მიდგომა კი სწორედ რუსული პროპაგანდის მანქანის მიერ წლების წინ კულტივირებული ნარატივია.

„სუვერენული დემოკრატიის“ ცნება რუსეთში ადრეული 2000-იანი წლებიდან გაჩნდა, როდესაც პუტინის რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციის საწყის ეტაპზე იყო. „სუვერენული დემოკრატიის“ იდეის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი თანამედროვე კრემლის პროპაგანდისა და ალტერნატიული რეალობის რეჟისორი ვლადისლავ სურკოვია. სურკოვის თანახმად, რუსული „სუვერენული დემოკრატია“ შემდეგში მდგომარეობდა: რუსეთის მოქმედი რეჟიმი დემოკრატიულია და ეს ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე უნდა მივიღოთ, რადგან ამ მტკიცების გადამოწმების ნებისმიერი მცდელობა ჩაითვლება არამეგობრულად და რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად.

პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებისა და რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მეტად გააქტიურების შემდეგ, „სუვერენული დემოკრატიის“ ცნება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთ იარაღად იქცა და ყველა იმ ქვეყანაზე გავრცელდა, რომლებიც მის ინტერესებშია. პოლიტიკის მეცნიერებების მკვლევარის, დიმიტრი გორენბურგის, (2021) თანახმად, კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, რომ „კონკრეტული ქვეყნის საშინაო პოლიტიკა და განვითარება მოცემულ ქვეყანაში გარე ძალების, ყველაზე ხშირად, შეერთებული შტატების ჩარევის შედეგია, და არა - შიდა ფაქტორების“. ამის საილუსტრაციოდ, მკვლევარს მოჰყავს ვენესუელის, სირიისა თუ უკრაინის მაგალითები და კრემლის მიერ შექმნილი ყალბი ნარატივი, ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

რიზუტოსა და ჰინკის (2023) თანახმად, „კრემლი და მისი მმართველი ამტკიცებენ, რომ შეერთებულ შტატებს სურს ქვეყნების „დესუვერენიზაცია“ და აიძულებს მათ, „გადააბარონ თავიანთი სუვერენიტეტი აშშ-ს“. პუტინის მითში დასავლეთს „არ აინტერესებს“ ქვეყნებისთვის მის მიერ მიყენებული ზიანი და ამტკიცებს, რომ აშშ-ს აქვს „განადგურებული სახელმწიფოების“ და მრავალი „ჰუმანიტარული კატასტროფის“ გამომწვევი ისტორია... სულიერი განზომილების დამატებით, პუტინი დასავლეთს ახასიათებს, როგორც არა მხოლოდ „კოლონიალიზმისა და დიქტატურის მრავალსაუკუნოვან წამხალისებელს“, არამედ აცხადებს, რომ აშშ ახალისებს „სატანისტურ“ კულტურას, რომელიც ცდილობს „დამონებას“, „გონებისა და სულების დასახიჩრებას“.

როგორც აღვნიშნეთ, რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ მსგავსი რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების საჯარო კომუნიკაციაშიც უხვადაა. მსგავსი გზავნილები ჯერ კიდევ 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაჩნდა. მედიის განვითარების ფონდის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, ქართულ დისკურსში მსგავსი პრეტენზიები ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით ისმოდა. პროპაგანდისტული მტკიცების თანახმად, ამერიკა  და ევროკავშირი, კოლექტიური დასავლეთი,  საქართველოს შიდა სუვერენულ საქმეებში ჩარევასა და ქვეყნის მართვას ცდილობენ. ამ რიტორიკის ძირითადი გამავრცელებლები იყვნენ ე.წ. სახელისუფლებო ექსპერტები, ხელისუფლების სატელიტი პარტია „ხალხის ძალა“ და თავად „ქართული ოცნებაც“. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რიტორიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ იგი სულ უფრო მეტ პარალელს ავლენს რუსულ პროპაგანდასთან.

ზემოაღნიშნული მსგავსება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მიმდინარე წლის აპრილიდან, რუსული სტილის კანონის ინიცირებისა და მისი თანმდევი მოვლენების შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, ცხადად იკვეთება საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილება დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და სუვერენიტეტს ხელყოფს. ეს იმ დროს, როცა ევროპის კავშირი და სხვა დასავლელი აქტორები საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ, მაგალითად, სასამართლოს ძირეულ რეფორმას, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაჩუმებლად მიმართული რუსული სტილის კანონის გაწვევას, თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის - იმ ყველაფერს, რამაც ქვეყანა  ევროპის კავშირის წევრობასთან უნდა დააახლოვოს. თუმცა, ამის საპირისპიროდ, საქართველოს მმართველი პარტიის ელიტა განუწყვეტლივ იმეორებს გზავნილებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ზედმიწევნით ემთხვევა რუსულ პროპაგანდას, მათ შორის, „სუვერენიტეტის დაცვის“ კონტექსტში:

  • ალექსანდრ დუგინი (რუსი ულტრანაციონალისტი): „საქართველო სწორ გზაზეა, სურს სუვერენიტეტი, მეხუთე კოლონის განადგურება. ჩვენ [რუსეთი] დავდექით ამ გზაზე და დადებითი ეფექტი სახეზეა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და კენწეროს ვურტყამთ, რამდენი ლიბერალური აგენტურა დარჩა საზოგადოების სიღრმეებში, ელიტაში, ჩინოვნიკებში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მთელი ავგიას თავლა. ღვთის წყალობით, ჩვენ მათ გავწმენდთ“.
  • ვიაჩესლავ ვოლოდინი (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე): „ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს, გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია, მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში...“
  • მარია ზახაროვა (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი): „სუვერენული ქვეყნების საქმეებში აშშ-ის ცინიკური და უცერემონიო ჩარევის მორიგი შემთხვევა. აი ახლა ვაშინგტონში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არ მოეწონათ. შემდეგ რა იქნება? კიდევ რომელი კანონი არ მოეწონება ვაშინგტონს? ეს ხომ დიდწილად საცდელი ნაბიჯია - ახლა თბილისი, საქართველო, ქართველი ერი დანებდება ამ შანტაჟს, ისინი აჩვენებენ, რომ მათთან ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ეს ფაქტია. ზუსტად იგივე ხდებოდა უკრაინასთან…“
  • ბიძინა ივანიშვილი („ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე): „ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს... საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში, ძალიან მარტივად მიაღწევდა... პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად... ამ წლების განმავლობაში, ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ - სწორად ამას ემსახურება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
  • ირაკლი კობახიძე (საქართველოს პრემიერ-მინისტრი): „...ჩვენი ქვეყანა მუდმივად იყო იმპერიების გადაკვეთაზე, გზაჯვარედინზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოწვევები არ არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს კანონიც [„აგენტების შესახებ“] სწორედ ამას ემსახურება. სუვერენიტეტს თუ დაკარგავ, შეუძლებელია, სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე...“

საქართველოს სუვერენიტეტისთვის დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე, „გლობალური ომის პარტიის“ აბსურდულ, აგრეთვე რუსეთის წიაღში აღმოცენებულ პროპაგანდისტულ გზავნილზე, მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან არაერთი სხვა განცხადებაც მოვისმინეთ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყნის „სუვერენიტეტს იცავს“ არა კრემლის უწყვეტი ჰიბრიდული ომისგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მცდელობებისგან, ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რათა საქართველო გახდეს დასავლური ალიანსების წევრი. დასავლური ცივილიზებული სამყაროს მტრად გამოცხადების პირობებში კი, ერთადერთ „ალტერნატივად“ რუსული სტილის „სუვერენული დემოკრატია“ რჩება, რომელსაც, საბოლოოდ, კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმამდე მივყავართ.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე