პუბლიკაციები

არჩევნები როგორც ლეგიტიმაციის მოპოვების მთავარი გზა და ყველაზე დიდი პოლიტიკური სპექტაკლი

მორიგმა პოლიტიკურმა კრიზისმა აქტუალური გახადა ერთი შეხედვით ფილოსოფიური, თუმცა პრაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: „როდის ხდება მმართველობა ლეგიტიმური?“ ერთი მხრივ, შეუძლებელია არჩევნები რაიმე ნაკლის გარეშე ჩატარდეს, დარღვევები თუ წინასაარჩევნო გარემოს მანიპულაციები ყოველთვის იარსებებს, სხვა თუ არაფერი, ბიუჯეტის საშუალებით ამომრჩევლის მოსყიდვა საქართველოში არ გამოუგონიათ. ეს პრაქტიკა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ამა თუ იმ ფორმით ვლინდება. მეორე მხრივ, გასაგებია, რომ არჩევნების გაყალბებასაც გარკვეული ზღვარი გააჩნია, რომლის შემდეგ „გამარჯვებული“ პარტია ვერ იღებს ძალაუფლებისთვის საჭირო აღიარებას. ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ როდის შეიძლება ვთქვათ, რომ მთავრობას ან ზოგადად მმართველ გუნდს არ გააჩნია ლეგიტიმაცია?

 

1. ლეგიტიმურობა და რელიგია

ისტორიულად, ლეგიტიმურობა ანუ ადამიანების მხრიდან სხვა ადამიანების ძალაუფლების აღიარება, მმართველების ღმერთთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირით იყო განპირობებული. ადამიანები არა უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ, არამედ ღმერთს (როგორც ეს იყო მაგალითად, ძველ ეგვიპტეში), ან ღმერთის „წარმომადგენლის“ ნებას. ბოლო ვერსია ყველაზე გავრცელებული იყო, მათ შორის ევროპაში, სადაც საუკუნეების მანძილზე ძალაუფლების მინიჭება მხოლოდ ეკლესიის თანხმობით ხდებოდა.

ამავდროულად, მეფეების საკრალიზაცია ძალაუფლების შეზღუდვის წყაროსაც წარმოადგენდა, რადგან ღმერთის ნებით დანიშნული მმართველი ღმერთის წესებს ვერ დაარღვევდა და მთავარი, რაც მმართველს მოეთხოვებოდა, ღმერთის კანონებისადმი პატივისცემა იყო. შედეგად, მეფეების რელიგიურ ჭრილში დახასიათება, მიუხედავად მათი რეალური ქცევისა, არა თაყვანისცემის რიგით გამოხატულებას, არამედ ამ მეფეების და მათი შთამომავლების ძალაუფლების გაძლიერების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა. ამიტომ რელიგიური კულტის მსახურები, სათანადო საზოგადოების იერარქიაში, უმაღლეს პოზიციებზე იმყოფებოდნენ და ხშირად, როგორც ეს რომის პაპის შემთხვევაში იყო, მეფეებზე მაღლაც კი იდგნენ.

ეს ძალაუფლების ისტორიული საყრდენი, განსხვავებული ფორმით და ხარისხით, ბევრ საზოგადოებაში დღემდე აქტუალურია, მათ შორის, ისეთ ფორმალურად ათეისტურ ქვეყანაში, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, სადაც მორიგი ტირანის გარდაცვალების შემდეგ, თუ ოფიციალურ პროპაგანდას დავუჯერებთ, ჩიტები აღარ მღეროდნენ და დათვები ტიროდნენ. ადამიანებს შორის ძალაუფლების მსგავსი აღქმა საქართველოშიც გავრცელებულია, რის გამოც პატრიარქი და საპატრიარქო, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ყველა ეტაპზე, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მეფეების ძალაუფლება გარდა საკრალურობისა, პერსონიფიცირებულიც იყო. ადამიანი არა უბრალოდ „სახელმწიფოს“, არამედ უშუალოდ კონკრეტულ ადამიანს, თუნდაც „ღმერთთან ახლოს მყოფ“, მაგრამ მაინც ადამიანს ემორჩილებოდა.

თუმცა, თანდათანობით, დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა და მეცნიერების და ეკონომიკის განვითარებამ, საზოგადოების დესეკულარიზაციის პროცესს მისცა ბიძგი. ძალაუფლების დეპერსონიფიცირება კი ბიუროკრატიული აპარატის ზრდას მოჰყვა. ლუი XIV-ის ცნობილი ფრაზა: „სახელმწიფო - ეს მე ვარ“ იმიტომაც გახდა ცნობილი, რომ რეალურ მდგომარეობას ეწინააღმდეგებოდა, რადგან იმ დროინდელ საფრანგეთში ადამიანების მართვაში ბიუროკრატიას უფრო მეტი როლი ჰქონდა, ვიდრე მეფეს. მიუხედავად იმისა, რომ დესაკრალიზაციის და დეპერსონიფიკაციის პროცესი არ იყო სწრაფი და ერთგვაროვანი, მან სერიოზულად დაასუსტა მმართველების ლეგიტიმაცია და ლეგიტიმაციის წყაროს ცვლილების აუცილებლობა გააჩინა.

 

2. ძალაუფლების რაციონალიზაცია

XVII-XVIII საუკუნეებში ძალაუფლების არა რელიგიურ, არამედ მეცნიერულ ფუნდამენტზე დამყარების პირველ მცდელობებს აქვს ადგილი. ვრცელდება წარმოდგენა, რომ მმართველობა უკეთესი ცხოვრებისთვის გვჭირდება, ამიტომ მმართველი სწორ, მეცნიერულად არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს. პარალელურად ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მოგვიანებით ეკონომისტებს უწოდებენ და რომელთა მთავარი მიზანი „სწორი“ რჩევის მიცემა იყო. რჩევის, რომელიც ქვეყნის და ცალკეული ადამიანის კეთილდღეობაზე დადებითად აისახებოდა. ფაქტობრივად, სტანდარტული რელიგიური ლეგიტიმაციის დასუსტების პირობებში, ეკონომისტებმა ახალი რელიგიური კულტის შექმნა სცადეს, რომლის მიზანი არა სიკვდილის შემდეგ, არამედ უკვე ამ სამყაროში ბედნიერი ცხოვრების მიღწევა იყო. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ასე მარტივად ვერ მოატყუებ. შეუძლებელია ვინმეს ფული გადასახადების სახით წაართვა და დაუმტკიცო, რომ ეს მისთვის სასარგებლოა. ის ადამიანებიც კი, რომელთაც ცხოვრება სახელმწიფოს გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, დიდი ალბათობით, არანაირ გადასახადს არ გადაიხდიდნენ, ეს რომ ნებაყოფლობითი გამხდარიყო.

სხვა სიტყვებით, შეიძლება უსასრულობამდე ამტკიცო, რომ მთავრობის გარეშე „გზები არ აშენდება“, „განათლება არ განვითარდება“ და „სრული ქაოსი დადგება“. შეიძლება ბევრი ადამიანი ამას დაეთანხმოს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იქამდე, ვიდრე გადასახადის შეკრების მომენტი არ დადგება. ერთია ფული გადავუხადოთ ღმერთის წარმომადგენელს ან წმინდანს, რომელიც ღმერთის ნებას მაინც ემსახურება, და მეორეა ბიუროკრატს, რომლის არც სარგებელია ცხადი, არც ადამიანური თუ მორალური სახე მომხიბვლელი. ამიტომ პრაქტიკაში „რაციონალური“ ლეგიტიმაცია ვერ დამკვიდრდა. მეტიც. მიუხედავად იმისა რომ მსჯელობაში, რომლის თანახმადაც, მთავრობის აუცილებლობა უკეთესი ეკონომიკური შედეგებით არის გამართლებული, დღემდე წარსულის ამ ინტელექტუალური ბატალიების ექოსავით ისმის, შეიძლება ითქვას, რომ ძალაუფლების რაციონალიზაციამ სრული კრახი განიცადა. XIX საუკუნის ჩათვლით, რელიგიურ ლეგიტიმაციას მოკლებული, მმართველები მუდამ რევოლუციის რისკის ქვეშ იყვნენ, სანამ ინტელექტუალურ სივრცეში იდეა არ გავრცელდა, რომელმაც, საბოლოო ჯაში, მმართველებს წარსულში არნახული ძალაუფლება მოუტანა.

 

3. Vox populi, vox Dei

ბევრი მცდელობის და შეცდომის შედეგად, საზოგადოებებში ისევ რელიგიური ლეგიტიმაცია ჩამოყალიბდა. თუმცა ეს ახალი ტიპის რელიგია იყო, სადაც ღმერთის როლს - „ხალხი“ თამაშობდა, ხოლო მეფეს - „ხალხის წარმომადგენლები“. XIX-XX საუკუნეებში, ფაქტობრივად, ძალაუფლების ყველა ატრიბუტი დემოკრატიულ სტილში ტრანსფორმირებას განიცდის და თანდათანობით, ახალ რელიგიას თავისი იდეოლოგია, მღვდელმთავრები და მრევლი უჩნდება.

ყველაზე მკაფიოდ ახალი და ძველი რელიგიის კავშირი ფორმულაში გამოიხატება, რომლის თანახმად: ხალხის ნება - ღმერთის ნებაა. ნიშანდობლივია, რომ არავინ იცის, თუ რა არის ხალხის ნება, რადგან ხალხი არ არის მოქმედი ინდივიდი; ხალხი არ შეიძლება ვახშამზე დავპატიჟოთ და მის სურვილებზე გავესაუბროთ; ხალხი არ დაწერს სტატიას და არ მოგწერთ წერილს თავისი სურვილების სიით. ხალხი აბსტრაქციაა, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ღმერთი. თუ წარსულში, ნებისმიერი ომი ღმერთის ნებით იწყებოდა, ხოლო ორივე მეომარი მხარე ჭეშმარიტი ღმერთის მხარეს იბრძოდა, ახლა ნებისმიერი პოლიტიკური ქმედება „ხალხის ნებას“ ეყრდნობა, ხოლო პარტიის ლიდერები თავის აქტივობას ხალხის ნებას უკავშირებენ. როგორი უშინაარსოც არ უნდა იყოს წამოძახილები: „ჩვენ მხარეს ქართველი ხალხი დგას“, „ხალხმა თავისი ნება გამოხატა“ და ა.შ. ამგვარი ფრაზები იგივენაირად პოლიტიკურ რიტუალს წარმოადგენს, როგორც ლოცვა ან ღმერთისადმი აპელირება წარსულში.

თუმცა, მიუხედავად ამ ერთი შეხედვით უცნაურობებისა, სტანდარტული რელიგიებისგან განსხვავებით, დემოკრატიის ახალი რწმენა იმდენად ძლიერი ლეგიტიმაციის წყარო აღმოჩნდა, რომ თანამედროვე მთავრობებს უზარმაზარი ძალაუფლების კონცენტრაციის შესაძლებლობა გაუჩნდა. მაგალითად, თუ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში გადასახადებით მთავრობები მთლიანი შიდა პროდუქტის სულ რამდენიმე პროცენტს კრეფდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 30, 40 და ზოგ შემთხვევაში 50%-საც კი აღემატება.

მეტიც, სტანდარტული რელიგიური ლეგიტიმაციის პირობებში (მათ შორის ამ რელიგიური ლეგიტიმაციით განპირობებული ეთიკური შეზღუდვების გამო) I და II მსოფლიო ომები შეუძლებელი გახდებოდა. ამის კარგი ილუსტრაცია I მსოფლიო ომის პირველი შობის დღესასწაულის წინ დასავლეთ ფრონტზე ორივე დაპირისპირებული მხარის ჯარისკაცების მხრიდან ომზე უარის თქმაა. მაშინაც კი, როცა შეტევაზე გადასვლის ბრძანება მოდიოდა, ჯარისკაცები შეტევის იმიტაციას აკეთებდნენ, რადგან ომის და მეორე მხარეს მყოფი ჯარისკაცების მოკვლის აზრს ვერ ხედავდნენ. თუმცა სულ მალე, პროპაგანდის, რეპრესიებისა და ომის სისასტიკის თანდათანობითმა ზრდამ, ქრისტიანული სიყვარული „ხალხის“ და „უმრავლესობის“ ნებამ ჩაანაცვლა. შედეგად კი ათ-ოც წელიწადში ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში წარმოუდგენელი ტირანიები და კონფლიქტები წარმოიქმნა.

მოვლენების ამგვარმა განვითარებამ აჩვენა, რომ როცა „ხალხი“ და „უმრავლესობა“ გადაწყვეტილების სისწორის ერთადერთ კრიტერიუმად რჩება, საზოგადოება სწრაფად დეგრადირდება. ტოტალიტარული საზოგადოებების უდიდეს ნაწილში ტერორი, როგორც წესი, უმრავლესობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანებმა სტანდარტული რელიგიით გამომუშავებული ეთიკის ნორმები შეინარჩუნეს და ეს ნორმები კანონსა და დემოკრატიაზე მაღლა დააყენეს, მნიშვნელოვნად უფრო ცივილიზებული საზოგადოება ჩამოაყალიბეს. კონკრეტულად კი ეს იმაში გამოიხატება, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, პერმანენტულად ვხედავთ შემთხვევებს, როცა ადამიანები კანონს არღვევენ, რადგან ეს კანონი მათ მორალს ეწინააღმდეგება, ხოლო სამართლებრივი ინსტიტუციები ისე არის აწყობილი, რომ ხშირად ადამიანი და არა „სისტემა“ გამოდის ამ ბრძოლიდან გამარჯვებული.

ამრიგად, თანამედროვე საზოგადოებაში ლეგიტიმაცია ანუ ადამიანების მხრიდან სხვა ადამიანების ძალაუფლების აღიარება, ისევე, როგორც ყოველთვის, რელიგიაზე დაფუძნებულია, მაგრამ სტანდარტული რელიგიებისგან განსხვავებით (რომლებიც ასევე მორალის მთავარ წყაროს წარმოადგენენ), „ხალხის ნების“ კულტი მორალისგან პრინციპულად დაცლილია; მორალისგან განთავისუფლებული უმრავლესობა კი, და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, კონკრეტულ ისტორიულ მომენტში, ნებისმიერ ბოროტებაზეა წამსვლელი. ამიტომ შედარებით თავისუფალ და ცივილიზებულ ქვეყნებში, დემოკრატია ისეთი შეზღუდვებით და რიტუალებითაა შებოჭილი, რომლებიც უმრავლესობის დესტრუქციული ქცევის პრევენციას უწყობს ხელს. ამ რიტუალებს შორის კი მთავარი არჩევნებია.

 

4. არჩევნები და საქართველოს რეალობა

დემოკრატიის - ხალხის მმართველობის, როგორც რელიგიის უმთავრესი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ არჩევნები ადამიანთა ინტერესების რეპრეზენტაციას ახდენს და ეს გამოხატული ნება არის ლეგიტიმაციის მთავარი და აუცილებელი ელემენტი. ამავდროულად, „ხალხი“ მოიცავს განსხვავებული მიზნების მქონე ადამინებს, რომლის ნება არათუ არ შეიძლება იყოს აგრეგირებული, არამედ ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგალითად, მარტივად წარმოსადგენია, რომ კომუნისტი და ლიბერტარიანელი ამომრჩევლების ნების ერთდროულად რეალიზაცია პრინციპულად შეუძლებელია. ამიტომ ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ პოლიტიკოსი მართავს ისე, როგორც თვითონ მიიჩნევს სწორად, მიუხედავად იმისა, თუ რა სურვილები შეიძლება ქონდეს მის ამომრჩეველს (რომელსაც პოლიტიკოსი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაადგენს). ამის კლასიკური მაგალითი ფრანკლინ დ. რუზველტია, რომლის მთელი წინასაარჩევნო კამპანია დერეგულაციასა და გადასახადების დაწევაზე იყო აგებული, თუმცა პრეზიდენტობის პირველივე დღიდან საპირისპირო ნაბიჯები გადადგა და ისტორიაში შევიდა პრეზიდენტად, რომელმაც აშშ-ის ეკონომიკის რეგულირების და მთავრობის გაფართოების პოტენციალის ზრდაში გარდამტეხი როლი ითამაშა. ხოლო Brexit-ის მაგალითი, როცა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან რეფერენდუმის შედეგების მრავალთვიანი იგნორირება ხდებოდა, იმაზე მიუთითებს, რომ რეფერენდუმზე დაფიქსირებული პოზიციაც კი შეიძლება არ იყოს საკმარისი, რომ პოლიტიკოსებმა ის პირდაპირ სახელმძღვანელოდ გამოიყენონ, თუ ის მათ პირად ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ამრიგად, არა კონკრეტული ამომრჩევლის და არჩეული პოლიტიკოსის მიზნების თანხვედრაა მორჩილების წყარო, არამედ მონაწილეობა პროცედურებში, რომლებიც ადამიანსა და მმართველს შორის კავშირის არსებობის იმიტაციას ემსახურება. თუ ადრე იგივე ფუნქციას რელიგიური რიტუალები და მღვდელმსახურები ასრულებდნენ, ახლა ეს „ხალხის ნების“ და საარჩევნო კომისიის მეშვეობით ხორციელდება. ამიტომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირად არჩეული მმართველის ინაუგურაცია ხალხმრავალ, რიტუალებით დატვირთულ, განსაკუთრებული საკრალური შინაარსის მქონე ქმედებას წარმოადგენს.

თანდათანობით პროცედურები ამომრჩევლის აღქმაში იმდენად მნიშვნელოვანი როლის თამაშს იწყებენ, რომ ადამიანები ხშირად ლეგიტიმურობას პირდაპირ, ამ პროცედურების ზედმიწევნით შესრულებას უკავშირებენ. ამიტომ გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, არჩევნების წესების მინიმალური დარღვევის ფაქტის დაფიქსირებაც კი საკმარისია, რომ ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ იყოს დაყენებული. მაგრამ, რეალურად, თანამედროვე საზოგადოებაში, ლეგიტიმაცია ბევრი განსხვავებული ელემენტისგან შედგება, ნაწილი - დემოკრატიულ პროცედურებს უკავშირდება, მაგრამ უმრავლესობა წარსულში გავრცელებული ლეგიტიმაციის წყაროების ექოს წარმოადგენს.

მაგალითად, საქართველოში ტრადიციული რელიგიური ლეგიტიმაციის ელემენტები შენარჩუნებულია იმდენად, რამდენადაც ეკლესიის და პატრიარქის მხარდაჭერა ხელს უწყობს პოლიტიკოსებს ძალაუფლების მოპოვებასა და შენარჩუნებაში. მთავრობის ძალაუფლების მასშტაბზე გავლენას უცხოელი დიპლომატების და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციაც ახდენს. ხშირად, საკმარისია, რომ „დასავლელი პარტნიორების“ მხარდაჭერა იყოს მოპოვებული, რათა ქვეყნის შიგნით ის ცვლილებები განხორციელდეს, რომლის მიმართ სხვა პირობებში დიდი წინააღმდეგობა იქნებოდა: აქციზების ზრდა, მანქანების ტექნიკური დათვალიერება, გენდერული კვოტები და ა.შ. (სხვათა შორის, თავისი ფორმით, ამგვარი ქცევა ე.წ. კარგო კულტს ჰგავს). მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მთავრობის რომელიმე აქტივობა ეკონომიკურად მომგებიანი იყო (რადგან ამის დამტკიცება თეორიულად შეუძლებელია) ადამიანთა მორჩილებას უწყობს ხელს ის ძველი მითიც, რომ მთავრობა ეკონომიკური სარგებლის მისაღებად გვჭირდება. გარკვეულწილად მთავრობის ლეგიტიმაცია სხვა პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებითაც არის უზრუნველყოფილი, რადგან ოპოზიციის აქტივობა დემოკრატიის რიტუალების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ხოლო, ფორს-მაჟორულ სიტუაციებში, ზოგადი ემოციური ფონიც ხელსუწყობს მმართველების ლეგიტიმაციის ზრდას. მაგალითად, კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში ადამიანების შესაძლო სიკვდილის შიში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მთავრობის ძალაუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ გაიზარდა.

 

***

როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს დემოკრატიული პროცედურები, ისინი ლეგიტიმაციის მხოლოდ ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენენ. საქართველო იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ადამიანთა მორჩილება ბევრი განსხვავებული მიზეზით არის განპირობებული. ხოლო თუ არჩევნები გაყალბდა, ეს ჯერ კიდევ არ არის ლეგიტიმურობის დაკარგვის საკმარისი პირობა. მარტივად წარმოსადგენია სიტუაციები, როცა არჩევნები არჩევანის იმიტაციად იქცევა, მაგრამ ადამიანები მაინც აღიარებენ მმართველთა ძალაუფლებას. მაგალითად, საბჭოთა კავშირში რელიგიური რწმენა (კომუნიზმის თუ კონკრეტული პარტიის ლიდერის ზეადამიანური თვისებების) იყო ძალაუფლების მთავარი საყრდენი და არა არჩევნები, რომლებიც პერმანენტულად ტარდებოდა წინასწარ ცნობილი შედეგით. ამიტომ თავისთავად უკეთესი არჩევნების წესები და ამ წესების ზედმიწევნით აღსრულება არც მეტი დემოკრატიულობის, არც უკეთესი პოლიტიკური სისტემის გარანტიაა. დემოკრატია - მაშინაც კი, როცა არ მუშაობს იდეალურად, არსებულთა შორის პოლიტიკური ბრძოლის საუკეთესო ინსტრუმენტს წარმოადგენს, მაგრამ ინსტრუმენტი შეიძლება როგორც ბოროტი, ასევე კეთილი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. მიზნებს კი ჩვენი მორალი განაპირობებს და მორალური ჩარჩო გვკარნახობს, რა პოლიტიკური მიზნები ხდება მიღწევადი, და რომელი მიზნის მიღწევა იქნება შეუძლებელი. ზოგადად, ჩვენს მორალზეა დამოკიდებული თუ როგორი პოლიტიკური სისტემის ფარგლებში ვიცხოვრებთ.


ავტორ(ებ)ი

ალექსანდრე რაქვიაშვილი