საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დანახული რეალობის ალტერნატივა და მოსამართლეთა მორჩილებით გაუარესებული ეკონომიკური პერსპექტივები
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო
საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანით, მთავრობაზე რიგი უფლებამოსილების დელეგირება განახორციელა, რითაც ეს უკანასკნელი თვითნებური დისკრეციული ძალაუფლებით აღიჭურვა. მთავრობისთვის ამგვარი ძალაუფლების გადაცემით კი de facto საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მივიღეთ. შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლება მისთვის გადაცემულ ძალაუფლებას არაერთგვაროვანი და ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანი მიდგომებით იყენებს. კერძოდ, აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში შეზღუდა და ახლაც შეზღუდულია ისეთი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები როგორიცაა: ფიზიკური თავისუფლება, საკუთრების უფლება, შეკრების და მიმოსვლის თავისუფლებები და ა.შ. მათ შორის, დაწესებული აქვს შინაარსობრივი სახით კომენდანტის საათი, რომელიც, ალბათ, ყველაზე მძიმე და ინტენსიური ჩარევაა და შესაბამისად, მძიმე ეკონომიკური შედეგებიც გააჩნია. ამდენად, მთავრობის მიერ ხსენებული ძალაუფლების გამოყენებით, ადგილი აქვს ადამიანის ძირითად უფლებებში აქტიურ ჩარევას და იზღუდება ის უფლებები და თავისუფლებები, რაც ინდივიდის თავისუფალი განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნდამენტია. გასაკვირი არ არის, რომ დელეგირება და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, მალევე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე განსახილველ საკითხად დადგა. პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ამგვარი ფორმით უფლებამოსილების დელეგირებასა და ძირითად უფლებებში ჩარევის კონსტიტუციურობაზე არაერთი სარჩელი მომზადდა და სასამართლოს წარედგინა. მათ შორის, ოთხი სარჩელი ერთ საქმედ გაერთიანდა და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო (რამდენიმე სარჩელის განხილვაზე კი უარი განაცხადა). თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელე მხარეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, გარდა შრომის თავისუფლების ნაწილისა. სასამართლომ მთავრობაზე შეუზღუდავი და თვითნებური გამოყენების შესაძლებლობის მქონე უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრობლემა ვერ დაინახა. მთავრობის ამგვარი ძალაუფლებით აღჭურვა საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურ სტანდარტებსა და მოწესრიგებასთან შესაბამისობაში მიიჩნია და ეცადა ამ ყოველივეს „დასაბუთებას“, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევია სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არსებული მსჯელობის არარაციონალურობა, არგუმენტაციის ფაქტობრივი უზუსტობა და სამართლებრივი დაუსაბუთებლობა. გადაწყვეტილებაში უამრავი ასეთი მსჯელობა და აბზაცია, მაგრამ, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ზედაპირულობით და ფაქტობრივი გარემოების უგულებელყოფით გამორჩეული ციტატა, სადაც სასამართლო მიიჩნევს, რომ: „დელეგირებულ უფლებამოსილებათა არსისა და მისი დროებითი ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიებები [დაწესებული შეზღუდვები] მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სამართლებრივი თუ პოლიტიკური განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებზე“. მოსამართლეები ამგვარ მსჯელობას უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობის ერთ-ერთ არგუმენტად ავითარებენ და ამით ცდილობენ უარყონ დელეგირებული უფლებამოსილების ფუნდამენტურობის საკითხი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მისი ეკონომიკური მნიშვნელობა და შესაბამისად, ეკონომიკურ პერსპექტივაზე გავლენის გათვალისწინება მისასალმებელია. უფრო მეტიც, აუცილებელიც კი არის, რადგან სასამართლო აუქმებს, ცვლის ან აწესებს ინსტიტუციებს. ინსტიტუციებს კი განსაკუთრებული როლი გააჩნიათ ეკონომიკურ განვითარებაში, რამდენადაც თეორიული და ემპირიული ლიტერატურა სწორედ ამ უკანასკნელის საშუალებით ხსნის ქვეყნებს შორის განვითარების ნიშნულების განსხვავებას. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან არსებითად ცვლის ეკონომიკურ გარემოს, ინდივიდებისა და ფირმების ქცევას, ურთიერთქმედების სტრუქტურას და ეკონომიკური აქტივობის წესებს. ამდენად, წინამდებარე მოსაზრებაში ყურადღება არა სამართლებრივ შეფასებაზე, არამედ ეკონომიკური მხარეზე იქნება გამახვილებული. კერძოდ, რატომაა სასამართლოს მსჯელობა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და სასამართლოს გადაწყვეტილებას რა სახის გავლენა ექნება ეკონომიკურ განვითარებაზე.
ცხადია, მთავრობისთვის ამგვარი ძალაუფლების გადაცემა და მის მიერ გამოყენება უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს, მაგრამ, როგორც ვახსენეთ, ამავდროულად ნეგატიურ გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. ამასთან, ძალაუფლებით აღჭურვილის - მთავრობის ქმედება რაც უფრო ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია, მით მეტია ეკონომიკაზე უარყოფითი წნეხი. კერძოდ, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ეკონომიკური აგენტების, პოტენციური ინვესტორების და სხვა აქტორებისთვის ზრდის განუსაზღვრელობას, ქმნის არახელსაყრელ ეკონომიკურ გარემოს, სადაც აქტივობის შედეგებზე პროგნოზი შეუძლებელია და ამა თუ იმ ეკონომიკური ხასიათის ქცევაზე უარის თქმის საფუძველი ხდება. მაგალითად, თუკი მთავრობას შეუძლია შეზღუდოს საკუთრების უფლება, თავისუფალი მეწარმეობა და აგენტებს შორის საქონლის გაცვლა და ეს ხდება არაერთგვაროვანი მიდგომით, ინდივიდები თუ ფირმები თავს შეიკავებენ არსებული საწარმოო საშუალებების პირობებში წარმოებაზე ან წარმოების გაფართოებისთვის საწარმოო საშუალებებში ინვესტირებაზე, რადგან წარმოებული საქონელის გაცვლის შეზღუდვის რისკები იზრდება. საწარმოო საშუალებებში ინვესტირება კი, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, სტაბილური ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. მოკლევადიან პერიოდში კი მთავრობის მიერ ეკონომიკური აქტივობა რიგ შემთხვევაში პირდაპირ და რიგ შემთხვევაში ირიბადაა შეზღუდული, რომელთა სიმკაცრით საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. ოქსფორდის ინდექსის მიხედვით, საქართველო დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრით მსოფლიოს ათეულში შედის, რომელიც რიგ პერიოდებში მაქსიმალურ - 100-იან ნიშნულს აღწევდა. ხსენებული ძალაუფლებით მთავრობის აღჭურვის და პრაქტიკის ეკონომიკურ შედეგებზე ჯერ კიდევ რიგით მეორე „დიდი ჩაკეტვის“ და პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირების ვადის მორიგი გახანგრძლივებამდე ვწერდით (ახლადარჩეულმა პარლამენტმა ცვლილებაში ცვლილება მესამედ შეიტანა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის 453 -ე მუხლის მოქმედების ვადაა 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა), სადაც თეორიულ და ემპირიულ ლიტერატურაზე დაყრდნობით, განვიხილეთ მოსალოდნელი შედეგები. მას შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა, შესაბამისად, ეკონომიკური კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები ბევრად უფრო ნეგატიურია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო. ეს კი გასული წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებშიც ნათლად ვლინდება.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დელეგირებული უფლებამოსილების გამოყენების ეკონომიკური შედეგებზე, როგორც ჩანს, მისი მიზანი ამ საკითხის რეალური შესწავლა და გადაწყვეტილებაში ასახვა არ ყოფილა. იკვეთება, რომ სასამართლოს მსჯელობა ყველანაირი ემპირიული თუ სხვა სახის მტკიცებას მოკლებულია და პირიქით, ირაციონალურია. ვინაიდან დაწესებულ შეზღუდვებს არა თუ მნიშვნელოვანი გავლენა არ გააჩნია გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივაზე, არამედ სწორედ რომ მწვავედ აისახება. დელეგირებული უფლებამოსილების და მთავრობის მიერ მისი გამოყენების ეკონომიკური შედეგები გარე სამყაროსგან იზოლირებულმა ადამიანმაც წარმოუდგენელია ვერ დაინახოს, რადგან თავად ძალაუფლების გამოყენება გულისხმობს ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვას, ხოლო მთავრობის მიერ უფლებამოსილების არაერთგვაროვანი გამოყენების და საქმიანობის ინტენსიური შეზღუდვის პრაქტიკიდან გამომდინარე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითი შედეგები გადაწყვეტილების ავტორებისთვის ბევრად უფრო ადვილი განსაჭვრეტი იყო, ვიდრე საკონსტიტუციო სამართალში ნაკლები ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე პირისთვის თავად გადაწყვეტილების ავტორთა მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი დასაბუთების აბსურდულობის დანახვა. გასაჩივრებული კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვების ეკონომიკურ გავლენის ადეკვატური შეფასება სასამართლოს მიერ განსაკუთრებულ ცოდნას არ საჭიროებდა, ან თუნდაც, ფორმალურად, სასამართლოზე სპეციალისტის ზეპირ მოსმენას არ მოითხოვდა, რადგან ასეთი ინფორმაცია არაერთ სანდო და კვალიფიციურ რესურსზე ხელმისაწვდომია. ვგულისხმობ, დაწესებული შეზღუდვებით მიღებულ დანაკარგების მასშტაბებზე და საშუალო და გრძელვადიან პერიოდის პერსპექტივებზე. უფრო მეტიც, შეზღუდვების გრძელვადიან ეფექტებზე კვალიფიციური კვლევები ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიხედვითაც კი ხელმისაწვდომია არაერთი ავტორიტეტული სამთავრობოთაშორის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რესურსებზე. მათ შორის, ეროვნული დონზე. სასამართლოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის მოძიება კი მინიმალურ რესურსებს მოითხოვდა. შეიძლება ითქვას, რომ სიღრმისეული ძიების გარეშე ზედაპირზეც იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სასამართლოს მიზანი არა არსებული გარემოებებზე სათანადო ინფორმაციის მოძიება, გამოკვლევა ან/და დელეგირების კონსტიტუციურობის შემოწმება, არამედ რეჟიმისადმი სრული მორჩილების დემონსტრირება იყო. ამით კი მოსამართლეებმა კიდევ ერთი მორიგი ემპირიული მტკიცებულება შექმნეს იმ აზრის და მსჯელობის სასარგებლოდ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო ჰიბრიდული ავტოკრატიის მსახურადაა მიჩნეული. ასეთი ვარაუდის საფუძველს კი თავად სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა და მოსამართლეთა მიერ სახეზე არსებული ფაქტობრივი გარემოების - ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენის უარყოფა იძლევა.
სინამდვილეში, დაწესებული შეზღუდვების შედეგები მოკლევადიან პერიოდში საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რამაც უმუშევრობის დონის 20.4%-მდე ზრდა გამოიწვია. ამ მასშტაბის რეცესია კი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე წლების შემდეგ არ ყოფილა. შედეგები კი რეგიონში ყველაზე მძიმე სწორედ საქართველოს შემთხვევაში აღმოჩნდა, რადგან მთავრობის მიერ მიღებული ზომები სწორედ საქართველოში იყო ინტენსიური, ყველაზე მკაცრი და გრძელვადიანი. მათი ნაწილი კი დღესაც მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და აგერ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოც მთავრობაზე დელეგირებული ძალაუფლების „დროებითობაზე“ აპელირებს. აღნიშნული შეზღუდვების სიმკაცრე და ხანგრძლივობა, მომავალში მისი უარყოფითი შედეგების პერიოდს კი არ განსაზღვრავს, როგორც ეს სასამართლოს მსჯელობაშია განვითარებული, არამედ უფრო მეტად საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კეთილდღეობის შემცირების დონესთანაა დაკავშირებული. მოკლევადიან პერიოდში, რაც უფრო ხანგრძლივი და მასშტაბურია დაწესებული შეზღუდვები, მომავალში მით უფრო მეტი სარგებელია დაკარგული. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა ყველანაირ რაციონალურ და საღ აზრს მიღმაა.
უფრო მეტიც, თავად სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის დამატებით უარყოფითი ფაქტორი, რადგან სასამართლომ „კონსტიტუციური ლეგიტიმაცია“ მისცა კერძო საკუთრების, მისი გამოყენების, სამეწარმეო თავისუფლების და ხელისუფლების დანაწილების ხელყოფას. ფუნდამენტური უფლებების დაცულობა, გარანტიები და ზოგადად, სამართლის უზენაესობა ქვაკუთხედია ეკონომიკური განვითარებისთვის, კეთილდღეობისკენ სწრაფვისთვის და რესურსების ეფექტიანი განაწილებისთვის. ამგვარი ინსტიტუციების როლი თვალსაჩინოა, რაც თეორიული და ემპირიული ლიტერატურითაა მხარდაჭერილი. ხსნის რა ეკონომიკურ განვითარებაში ინსტიტუციების როლს, სამართლებრივი სისტემის ცვლილების გავლენას და ა.შ. ინსტიტუტებში უპირველესად იგულისხმება ის ნორმები, რომელიც მიმართულია კერძო საკუთრების დაცვისკენ, ხელშეკრულების და გაცვლის თავისუფლების უზრუნველყოფისკენ, მეწარმეობის თავისუფლების განმტკიცებისკენ და მათი აღსრულების ეფექტური მექანიზმის შექმნისკენ. ასეთი ნორმები და მათი პრაქტიკაში განმტკიცება ხელს უწყობს მეტად პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს არსებობას, რადგან ეკონომიკური აგენტებისთვის ქმნის ნაკლებად განუსაზღვრელ არეალს და მეტად დაცულია კერძო საკუთრება. ასეთი გარემო ამცირებს ეკონომიკურ აგენტებს შორის გარიგების და წარმოების დანახარჯებს, რისკებს, რაც წამახალისებელია ეკონომიკური აქტივობის, წარმოების გაფართოების და ინვესტირებისთვის. შედეგად, იქმნება უფრო მეტი დოვლათი, რაშიც უფრო მეტი ადამიანია ჩართული და იზრდება კეთილდღეობის დონე. მაგალითად, კონსტიტუცია ხელს უწყობს პროგნოზირებადი გარემოს არსებობას, რადგან მიისწრაფის ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის თავიდან არიდებისაკენ, უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილებას, ქმნის ინსტიტუციურ სტაბილურობას და პოლიტიკურ სანდოობას. კონსტიტუციური ნორმები ქმნის კერძო საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებს და ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც, როგორც თავად საკონსტიტუციო სასამართლო მისავე პრაქტიკის მოშველიებით აღნიშნავს: „ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“. ეს კი მაკრო დონეზე აუცილებელი წინაპირობაა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კაპიტალისთვის - ინვესტიციებისთვის, რადგან საინვესტიციო გარემოს ქმნის სამართლებრივი სისტემა, სადაც დაცულია კერძო საკუთრება და მთავრობის ძალაუფლება შეზღუდულია იმგვარად, რომ მას არ შეუძლია არსებითად ჩაერიოს ეკონომიკურ აგენტებს შორის ურთიერთობაში ან შეზღუდოს ეკონომიკური აქტივობა. ეკონომიკური აგენტები კი ითვალისწინებენ წარსულის პრაქტიკას, აწმყოში არსებულ მოწესრიგებას და ამ ორზე დაფუძნებით აკეთებენ მომავლის პროგნოზებს. საკონსტიტუციო სასამართლომ კი მისი გადაწყვეტილებით „გააპატიოსნა“ წარსულის პრაქტიკა და carte blanche მისცა აწმყოსა და მომავალში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ფუნდამენტურ უფლებებში გაუმართლებელ, მძიმე და ინტენსიურ ჩარევას, რაც ადამიანების უფლებრივ და ეკონომიკურ მდგომარეობას არსებითად აუარესებს.
ამდენად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთ მხრივ, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის გადაცემული ძალაუფლების გამოყენებით, გრძელვადიანი უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი - ფაქტობრივი გარემოება უარყო და მეორე მხრივ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სწორედ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა კიდევ უფრო მეტად გააუარესა, რადგან მთავრობაზე გადაცემული თვითნებური დისკრეციული ძალაუფლების - ყოველგვარი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე, საკუთრების და სხვა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას და ჩარევას „ლეგიტიმაცია“ მიანიჭა. შედეგად, შესუსტდა საკუთრების უფლების გარანტიები, რომელიც გრძელვადიანი განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი წინაპირობაა.