პუბლიკაციები

"კადიროვიზაცია" როგორც განაჩენი

ფოტო: Musa Sedulaev (RFERL)

უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჩეჩნური სამთავრობო დანაყოფები - „კადიროვცები“ ავრცელებდნენ  სხვადასხვა ფოტო და ვიდეო მასალებს, რომელიც მათ მიერ ვითომდა უკრაინის საზღვრების გადალახვის ფაქტს ასახავდა. ჩეჩნეთიდან მომავალი ეს გზავნილები იყო რუსეთის ირიბი განაცხადი იმისა, რომ პუტინის რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ცხელ კონფლიქტს გეგმავდა. 2022 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რამზან კადიროვმა, დედაქალაქ გროზნოს ცენტრში, ჩეჩნეთის სამთავრობო ძალები შეკრიბა და „მსოფლიოს აუწყა“, რომ ჩეჩენი დანაყოფები მზად იყვნენ შეესრულებინათ ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი დავალება.

2022 წლის 13 მარტს კი, ჩეჩნურმა პროსახელისუფლებო მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი თავის ჯარისკაცებთან ერთად უკრაინაზე შეტევის ტაქტიკას განიხილავს. ვიდეო მიმართვისას, ის ჩეჩნეთის დროშაზე მამის - ახმად კადიროვის გამოსახულებით გამოჩნდა, რითიც, სავარაუდოდ, ხაზი გაუსვა, რომ მოკლული ყოფილი პრეზიდენტის „ტრადიციის“ გამგრძელებელია და ებრძვის რუსეთის მტრებს, ამავდროულად, წარმოაჩინა, რომ კადიროვების ოჯახი და მათი „ხატი“ ჩეჩნეთისთვის ისეთივე სახელმწიფოებრივ სიმბოლიკას წარმოადგენს, როგორც მაგალითად დროშა ან გერბი. ამავე ვიდეოში, კადიროვი ირწმუნება, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 7 კილომეტრში იმყოფებიან და მასზე შეტევისთვის ემზადებიან. ნამდვილად იყო თუ არა კადიროვი უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურად დღემდე არ დადასტურებულა. ისიც არ არის დადასტურებული სულ რამდენი მეომარი გაგზავნა კადიროვმა უკრაინაში, თუმცა სავარაუდოა, რომ განსხვავებული დათვლით, უკრაინაში რამდენიმე ათასი „კადიროვცი“ იბრძვის. ასევე ხაზგასასმელია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება, უკრაინაში დაღუპულ ჩეჩენ მებრძოლთა ოჯახებს პირდაპირ დაკრძალვაზე, კამერების წინ უხდის მილიონ რუბლ კომპენსაციას.

ბრძოლის ველზე არ ჩანს, მაგრამ სოციალური ქსელებში ნამდვილად აქტიურია რამზან კადიროვი.  მან ამერიკელ ბიზნესმენს, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს მიმართა და უთხრა, რომ არ ურჩევდა მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოწვევას.  მან, ასევე, მიმართა პრეზიდენტ ზელენსკისაც და „ურჩია“ დანებება: „მოგმართავთ არა როგორც პრეზიდენტს, ვინაიდან პრეზიდენტი, როგორც ასეთი, უკრაინისთვის დღემდე არის ვიქტორ იანუკოვიჩი. აი, მას, ლეგიტიმურ პრეზიდენტს გადაეცით [ძალაუფლება] და მიენდეთ იღბალს“.

აშკარაა რამზან კადიროვი ყველაფერს აკეთებს, რომ ერთი მხრივ, ვლადიმერ პუტინს დაუმტკიცოს ერთგულება, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინელებს და დანარჩენ მსოფლიოს ცალსახა შეტყობინება გაუგზავნოს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის მხარდამხარ იბრძვის უკრაინელების წინააღმდეგ, იბრძვის ისევე, როგორც იბრძოდა ყირიმის ანექსიის დროს. ნათელია ისიც, რომ მისთვის პუტინის კეთილგანწყობა ნომერ პირველი პრიორიტეტია - ის პასუხობს ყველას, ვინც პუტინის მტრად მიაჩნია და ამავდროულად, საჯაროდ ესაუბრება თავად „ძალაუფლების წყაროსაც“, მაგალითად პუტინს სთხოვდა კიევზე შეტევის უფლებას - „ზედმეტი ცერემონიების გარეშე, ნაცისტების და ტერორისტების გასანადგურებლად და ქალაქების გასათავისუფლებლად“.

რამზან კადიროვმა ვლადიმერ პუტინის მიმართ „გულმოდგინე ერთგულება ამ ომის გარეშეც არაერთგზიის დაამტკიცა. კადიროვი არის ლიდერი ქვეყნისა, რომელსაც არც მისი და არც მამის - ახმად კადიროვის მმართველობის დროს, არ ჰქონია დამოუკიდებლობა, არათუ არ ჰქონია, ამისთვის არც კი უბრძოლია. ჩეჩნების ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ სწორედ კადიროვების მმართველობის ქვეშ გაიფორმა რუსეთმა ჩეჩნეთი, როგორც რუსულ ოკრუგში შემავალი ტერიტორიული ერთეული და ნებისმიერი თავისუფლებისადმი მიდრეკილი ქმედება ჩანასახშივე ჩაახშო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 2009 წლამდე ორი ომი აწარმოა რუსეთმა ჩეჩნეთის წინააღმდეგ და ორივე მათგანში უზარმაზარი იყო ჩეჩნური მსხვერპლი, ჩეჩნეთმა დაკარგა სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და კადიროვების ხელში რუსული დავალებების შემსრულებელ სპეციალურ ზონად გადაიქცა. მამაზე უფრო გულმოდგინეა რამზან კადიროვი, მისი იმ პირისადმი ერთგულება, რომელმაც მის ქვეყანას დამოუკიდებლობა და განვითარების შესაძლებლობა წაართვა,  თითქმის ყველაფერში გამოიხატება, ის ასრულებს რუსულ სპეციალურ დავალებებს და ამავდროულად, ვიზუალურადაც კი ცდილობს მმართველზე მიუთითოს - საზოგადოებაში წარდგება პუტინის გამოსახულებიანი მაისურებით , ასევე, ქუდებით რომელსაც რუსეთი აწერია. პროკრემლისტურ მედია  Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში კადიროვმა მიმართა ვლადიმერ პუტინის ოპონენტებს და ფსიქიატრიულისკენ მიუთითა, ნიშნად იმისა, რომ პუტინის ყველა „გამომწვევს“ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი რუსისთვის და არა მხოლოდ პუტინის ოპოზიციაში მყოფი რუსებისთვის, კადიროვის მიმართვები და მოქმედება მიუღებელია, მაგალითისთვის, 2016 წელს ელა პანფილოვამ, იმ დროისათვის ადამიანის უფლებების ომბუდსმენმა  კრემლში და დღეს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დირექტორმა, განაცხადა რომ კადიროვის განცხადებები აშკარად შეიცავს ექსტრემიზმის ნიშნებს. ლევადას ანალიტიკური ცენტრის  (Yuri Levada Analytical Center (Levada-Center)) 2016 წლის გამოკითხვით, რუსეთის მოქალაქეთა 60% ფიქრობდა, რომ კადიროვის საჯარო განცხადებები და მუქარები მიუღებელია.  ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი კი კადიროვს „რუსეთის სირცხვილს“ უწოდებს. მას სხვა სახელებიც მრავლად აქვს: ზოგისთვის ის „სისხლიანი ჩეჩენია“, ზოგისთვის  „პუტინზე უფრო პუტინი“, ზოგჯერ  „პუტინის ჩეჩენი შემსრულებელი“, ხანაც „პუტინის ჯიბის პრეზიდენტი“.

პუტინის ჩეჩენი შემსრულებელი კადიროვს მას შემდეგ უწოდეს, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ 2015 წელს მოკლული რუსი ოპოზიციური ლიდერის, ბორის ნემცოვის, მკვლელი ზაურ დადაევი კადიროვის მიერ კონტროლირებული ბატალიონის ყოფილი წევრი, უფროსის მოადგილე იყო.  ნიშანდობლივია ისიც, რომ ნემცოვის მკვლელობის შემდგომ, კადიროვმა დადაევს რუსეთის დიდი პატრიოტი უწოდა. ეჭვს აძლიერებდა ისიც, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კრემლმა კადიროვი „წარმატებული და აქტიური სამოქალაქო საქმიანობისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.  აქვე უნდა ვთქვათ, რომ რუსი რეპორტიორის, ვლადიმერ პუტინის დიდი კრიტიკოსის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდგომ, მკვლელი დიდხანს ცხოვრობდა ჩეჩნეთში, კადიროვის მახლობლად და ერთი მოსაზრებით, კადიროვი მფარველობდა კიდეც მას. ეს ამბავი „ბედის ირონიადაც“ კი შეფასდა, რადგან პოლიტკოვსკაიას კრიტიკა პუტინის მიმართ, ჩეჩნეთში წარმოებულ ომს და ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში პუტინის მიერ შეტანილ არეულობებს მიემართებოდა.

კადიროვის ერთგულება და „სიყვარული“ ვლადიმერ პუტინისადმი ცალმხრივი არ არის. მას შემდეგ რაც პუტინმა კადიროვს ჩეჩნეთი „ჩააბარა“, მატერიალურადაც და „მორალურადაც“ მუდმივად აძლიერებს მას და მის კლანს. ის თავის პროტეჟეს აძლევს უფლებას უგულებელყოს რუსული კანონები, დაამკვიდროს საკუთარი და დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილმა, თავისუფლად იცხოვროს. სამაგიეროდ, ყოველ არჩევნებში პუტინი გარანტირებულად, 99%-ით იმარჯვებს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში და მისი მეშვეობით ახმოვანებს იმას, რის თქმასაც კრემლი ხმამაღლა ერიდება.  მაგალითად იმას, რომ ლიბერალები ხალხის მტრები არიან,  ხოლო დემოკრატია ქვეყნის არასრულფასოვნების მაჩვენებელია.

კადიროვმა ჩეჩნეთი რუსული ავტორიტარიზმის კარიკატურად გადააქცია, იყო დრო, როდესაც რუსეთის პოლიტიკას ჩრდილო კავკასიის მიმართ ჩეჩენიზაციის პროცესს უწოდებდნენ, იგივე ავტორები ამ პოლიტიკას ახლა „კადიროვიზაციის“ სახელით  მოიხსენიებენ. „კადიროვიზაცია“ კი ერთგვარ განაჩენს ჰგავს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხებისთვის, რადგან რამზან კადიროვმა მოახერხა და ჩეჩნეთის ისტორიის მდინარება შეცვალა - მან საუკუნეების განმავლობაში, რუსეთის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყანა, რუსეთისთვის მებრძოლ ქვეყანად გადააქცია.

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ირინა გურგენაშვილი