პუბლიკაციები

სომხეთ-აზერბაიჯანის "ბალანსირების პოლიტიკა" რუსული აგრესიისას უკრაინაში

ფოტო: jam-news.net

ისევე, როგორც ყველა პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყანა, აზერბაიჯანი და სომხეთიც რუსეთის რევიზიონისტულ-ევრაზიონისტული მისწრაფებებისა და აგრესიული საგარეო პოლიტიკის საფრთხის ქვეშ არიან. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია მუდმივად „ვაჭრობს“ ერთი მხრივ, აზერბაიჯანთან, ხოლო მეორე მხრივ, სომხეთთან, ყარაბაღის კონფლიქტით და მხარეებზე ირიბ ზეწოლას ახორციელებს, აზერბაიჯანი და სომხეთი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ფრთხილი საგარეო პოლიტიკა აწარმოონ, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს, რომ არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც მთიან ყარაბაღში პოზიციებს შეუსუსტებთ.

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, მას შემდეგ რაც რუსეთი  შეიჭრა და უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე ომი წამოიწყო, აზერბაიჯანმა და სომხეთმა განსხვავებული გზით დაიწყეს ერთი მხრივ, რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების მცდელობა, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინის ირიბი მხარდაჭერა. ამ პერიოდში და არა მხოლოდ, მათი მხრიდან გადადგმული ყოველი ნაბიჯი ნაკარნახევია მთიანი ყარაბაღის რეგიონის „ტყვეობიდან“.

ამ დროისათვის, აზერბაიჯანის ინტერესია მთიან ყარაბაღში შეინარჩუნოს ის დაწინაურებული პოზიციები, რომელიც 2020 წლის შემოდგომას ომის გზით მიიღო, ასევე, პერსპექტივაში, სრულად მოაქციოს ყარაბაღი აზერბაიჯანის საზღვრებს ქვეშ. სომხეთის ინტერესი კი, ცხადია, იმ პოზიციების აღდგენაა, რაც 2020 წლამდე იყო. ამ ორ ქვეყანას საერთო ინტერესიც აქვთ, კერძოდ, რუსული მშვიდობისმყოფელების რეგიონიდან გასვლა, თუ ეს ვერ მოხერხდება უფრო ადრე, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2025 წლისთვის მაინც.  

1994 წელს, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ,  მოსკოვს მცდელობა ჰქონდა  ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე განლაგებულიყვნენ მისი სამშვიდობოები, თუმცა ეს ერთადერთი საკითხი იყო, რაზეც კონფლიქტის მხარეები შეთანხმდნენ და მათ ცალსახა უარი განაცხადეს რუსული ძალების ყარაბაღში დისლოცირებაზე. ამ საკითხის გამო რუსეთი დიდხანს „საყვედურობდა“ კონფლიქტის მხარეებს და აცხადებდა, რომ რეგიონში რუსული ძალების შესვლა ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი გარანტი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნებაში. შესაბამისად, კონფლიქტის ყოველი გააქტიურებისას (მაგ. 2016 წლის 4-დღიანი ომი), რუსეთი რეგიონში მშვიდობისმყოფელების აუცილებლობაზე საუბრობდა. გამონაკლისი არც 2020 წლის ომი ყოფილა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამჯერად რუსეთმა მოახერხა ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელების შეყვანა. 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი პირდაპირ გავლენას ახდენს აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკაზე რუსეთის ფედერაციის მიმართ. მიმდინარე წლის 22 თებერვალს, მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები „სახალხო რესპუბლიკებად“ ცნო და „დამოუკიდებლობა“ აღიარა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა მოსკოვში და ხელი მოაწერა სამხედრო და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას. ხელშეკრულების დადების დროის გათვალისწინებით, ეს განაცხადი, თითქოს ტოვებს განცდას, რომ აზერბაიჯანი ირჩევს „რუსულ მხარეს“ უკვე აშკარა კონფლიქტში. ამავდროულად, აზერბაიჯანისთვის უმნიშვნელოვანესია რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის კიდევ ერთხელ აღიარება, იმ ფონზე, რომ სომხეთის რესპუბლიკა წევრია რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული და მის მიერვე მართული „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო)“ (რაც ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს მუდმივად აქვს იმის შიში რუსეთმა არ დაიჭიროს ცალსახა სომხური მხარე ომის დროს, რადგან კუხოთი რუსეთს სომხეთის დაცვის ვალდებულება აქვს აღებული). ამავდროულად, აზერბაიჯანს ეშინია, რომ რუსეთმა არ აღიაროს ყარაბაღის ავტონომია. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებაში, ე.წ. „სახის შენარჩუნების“ პრინციპით, ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მოსკოვსა და ბაქოს შორის დაგეგმილი იყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა.

ამავდროულად, აზერბაიჯანს ისტორიულად ძლიერი კავშირი აქვს უკრაინასთან. ამ კავშირის ერთ-ერთი დადასტურებაა მაგალითად ის, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის აღიარებას ისტორიულ საზღვრებში, რაც მათ შორის, გულისხმობს მთიან ყარაბაღსაც. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი უკრაინის ღია მხარდაჭერას ერიდება, აშკარაა, ის ცდილობს დაეხმაროს უკრაინას, რაც ერთი მხრივ გამოიხატება ჰუმანიტარული დახმარების პერმანენტულ მიწოდებაში, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო თვალსაზრისით, ის უკრაინულ ძალებს საშუალებას აძლევს აზერბაიჯანის საკუთრებაში არსებული ბენზინგასამართი სადგურებიდან უფასოდ მიიღონ საწვავი. ამგვარად, ოფიციალური ბაქო ცდილობს იყოს ფრთხილი და შეინარჩუნოს მაქსიმალური ბალანსი ამ გეოპოლიტიკურად ურთულეს სიტუაციაში. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ მაგალითად, აზერბაიჯანი არ გამოცხადდა რუსეთისთვის გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერების ხმის მიცემის პროცედურაზე, რაც დიპლომატიურად, დასწრებასა და თავის შეკავებაზე უფრო აშკარა განაცხადია, რომ ქვეყანა ცდილობს პოზიცია მაქსიმალურად არ დააფიქსიროს და არ პოზიციონირდეს, როგორც რომელიმე მხარის გულშემატკივარი.

პოზიციონირების თვალსაზრისით, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია სომხეთის რესპუბლიკა. 2020 წლის ომით სომხეთს სერიოზულად შეერყა პოზიციები მთიან ყარაბაღში, ამასთანავე, მისი სუვერენიტეტისთვის და საგარეო პოლიტიკური კურსისთვის დიდი გამოწვევაა რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე, რომელსაც დაემატა რუსული მშვიდობისმყოფელები მთიანი ყარაბაღის სომხური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ომის დროს რუსეთი პრაქტიკულად არ დაეხმარა სომხეთს, მას დიდი არჩევანი მაინც არ აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, მასზე ბევრად დაწინაურებული აზერბაიჯანი, ამავდროულად, ალიანსშია რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან - თურქეთის რესპუბლიკასთან.  ამ უკანასკნელთან კი სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები საერთოდ არ აქვს. შესაბამისად, ამ კუთხით რეგიონში საფრთხის დაბალანსებისთვის ბევრი გზა არ აქვს იმის მიღმა, რომ მიეტმასნოს რუსეთის ფედერაციას. 

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი, რომ საფრთხის ბალანსის დივერსიფიკაციის მიზნით, სომხეთი, ამავდროულად, ცდილობს შეინარჩუნოს  და გააძლიეროს კავშირები ევროკავშირთან და ზოგადად დასავლეთთან, მაგრამ ისე, რომ არ გამოხატოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელზეც შესაძლოა ითქვას, გაბრაზებულია ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო. თუმცა, მიუხედავად ამისა, სომხეთმა მაინც არ აღიარა უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობა. რაც შეეხება გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების საკითხს,  სომხეთიც, აზერბაიჯანის მსგავსად, არ გამოცხადდა. ეს მოქმედებები აჩვენებს, რომ სომხეთიც დასავლეთსა და რუსეთს შორის პოზიციონირებისას ე.წ. ბალანსირებას ცდილობს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დიდ სივრცეს აძლევს რუსეთის ფედერაციას აზერბაიჯანსა და სომხეთის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იმანიპულიროს და ზეწოლის ქვეშ მოაქციოს ეს ქვეყნები. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და იქ დატრიალებული ხოცვა-ჟლეტა (Massacre), არის ერთგვარი სიგნალი პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანისთვის, რომ ფრთხილად იყვნენ საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას, მით უმეტეს, რომ მათ საზღვრებთან და საზღვრებში რუსული ძალები საკმაოდ ფართოდ არიან წარმოდგენილნი. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან მიმართებით რუსეთს ე.წ. „დამცველის“ იმიჯი აქვს მორგებული, ხოლო აზერბაიჯანთან - პარტნიორობის, რუსეთი მუდმივად თამაშობს და მანიპულირებს ყარაბაღის თემით. ჯერ კიდევ 1988 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, ყარაბაღის თემით რუსეთი ხელს ითბობდა და შავ ბაზარზე იარაღს ყიდდა, როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს, ნაცვლად იმისა, რომ როგორც კავშირის ცენტრს, სიტუაცია გაენეიტრალებინა. იმავეს აკეთებდა ყარაბაღის პირველ ომში. რუსეთი „პარტნიორობით“ მანიპულირებს მომდევნო 30 წელიც და ხან ერთ, ხან მეორე მხარეს აძლიერებს, რითიც რეგიონში ტერიტორიულ კონფლიქტს ინარჩუნებს და ამით ზრდის სამხრეთ კავკასიის მოწყვლადობას, რათა საჭირო მომენტში ევრაზიონისტული მიდრეკილება მარტივად დაიკმაყოფილოს. 

რაც შეეხება საქართველოს, თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს მცირე „ფუფუნება“ მაინც აქვთ აწარმოონ ე.წ. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეს შესაძლებლობა საერთოდ არ აქვს. როგორც არ უნდა თამაშობდეს რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღით „პინგ პონგს“, ტერიტორიული პრეტენზია ყარაბაღში (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) მას არ აქვს, ხოლო საქართველოში რუსეთს პირდაპირი ტერიტორიული ინტერესი აქვს. ყარაბაღში რუსეთს „მშვიდობისმყოფელის“ იმიჯი აქვს მორგებული, ხოლო საქართველოში რუსეთი კონფლიქტის მეორე მხარეა. შესაბამისად, საქართველოს არ აქვს  არჩევანი გარდა იმისა, რომ იყოლიოს ძლიერი პარტნიორები რუსეთისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად. 

საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში, ნეორეალიზმის თეორიის  თანახმად, „საერთაშორისო სისტემაში მონაწილე სახელმწიფო მოქმედებს ფართო დიაპაზონში: „გადარჩენიდან მსოფლიო ბატონობამდე“ მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით“ . ამ წარმოსახვით წრფეზე, მოქმედების „ფართო“ დიაპაზონში, საქართველო, რუსეთის რევიზიონისტული მისწრაფებების გამო, სამწუხაროდ, თვითგადარჩენის აუცილებლობის უკიდურეს წერტილშია.

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ირინა გურგენაშვილი