საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა: დეცენტრალიზაცია სისტემური მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისათვის
პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, კონსტიტუციურ დემოკრატიებში პროკურატურების ინსტიტუციური მოწყობის შესახებ არსებული თეორიული და შედარებითი ცოდნით შექმნილ ჩარჩოში, კრიტიკულად გაიაზროს საქართველოს პროკურატურის არსებული ინსტიტუციური მდგომარეობა და მისი ევოლუციის ტრაექტორია.
პოლიტიკის დოკუმენტის პირველი ნაწილი იყოფა სამ თავად. პირველ თავში განხილულია პროკურატურის ორგანიზაციული მოწყობის საკვანძო ნორმატიული პრინციპები კონსტიტუციურ დემოკრატიებში. კერძოდ, გაანალიზებულია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების შინაარსი, მათ შორის, ბალანსის მნიშვნელობა და ინსტიტუციური დიზაინის ის ფორმები, რომლებიც ამ ბალანსის გადაჭრას თავისებურად ცდილობს.
მეორე თავში განხილულია საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური მოწყობა და მისი ევოლუცია სსრკ-სგან სუვერენიტეტის მოპოვებიდან დღემდე. კრიტიკულად არის გაანალიზებული რეფორმების ფოკუსი de jure ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე და ანგარიშვალდებულების დეფიციტის უგულებელყოფა.
მესამე თავში, შედარებით პერსპექტივაში, განხილულია პროკურატურის სხვადასხვა ინსტიტუციურ მოწყობებში ფაქტობრივი დამოუკიდებლობის, მაღალი ანგარიშვალდებულებისა და სისტემური პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიღწევის ალტერნატიული მექანიზმები.
პოლიტიკის დოკუმენტის პირველი ნაწილის მიგნებებისა და დასკვნების საფუძველზე, მეორე ნაწილში შემოთავაზებულია საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური მოწყობის რეფორმის კონცეფცია.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.