პუბლიკაციები

სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელით შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება?!

გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი  უფლებაა, რომელიც თავის მხრივ, გვევლინება ადამიანის სხვა უფლებების დაცვის გარანტად. ნებისმიერი რეგულაცია, როგორ კეთილ მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის, უდიდესი სიფრთხილით უნდა იყოს მიღებული, რათა მეორე მხარეს, არ დაზიანდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. სიძულვილის ენის რეგულირებაზე მსჯელობისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მხარეს დევს  გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ვსაუბრობთ მედიის რეგულირებაზე, სწორედ, გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენის რეგულირებას შორის არსებულ ბუნდოვან ზღვარზე დავდივართ, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც ამ საკითხებზე მიიღება, კარგად გააზრებული, საზოგადოდ შეჯერებული და ბევრი პოზიტიური თუ ნეგატიური პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა იქნეს მიღებული.

კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს  ტელე და რადიო მაუწყებლობის თვითრეგულირების მნიშვნელოვანი ასპექტი - სიძულვილის ენა - რეგულირების ნაწილში გადაჰყავს. კომისიის პოზიციით, კანონპროექტი კვლავ მედია თვითრეგულირებას ემყარება, თუმცა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ  საჩივრები ადმინისტრაციულ ორგანოში განიხილება, ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, ეჭვის ქვეშ აყენებს და აჩენს განცდას, რომ ხელისუფლების მხრიდან მედია საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევა მოხდება. ჩვენ მიერ შესწავლილი პრაქტიკა აჩვენებს, რომ მედია რეგულირების სახიფათო ტენდენცია, ხშირად გარდაიქმნება ხოლმე მედიის თვითცენზურად ან/და ხელისუფლების მხრიდან ცენზურად, რაც თავის მხრივ, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. 

კომუნიკაციების კომისიის ძირითადი არგუმენტია, რომ ის ცდილობს საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროდირექტივით არსებულ მოთხოვნებთან, თუმცა დირექტივის ანალიზი აჩვენებს, რომ  ის არ გვავალდებულებს კონკრეტულად სიძულვილის ენის საკითხის ახლებურად რეგულირებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ  თავად დირექტივა ევროპაში ფართო დებატების საგანია და გარკვეულ შემთხვევებში, მოძველებულ რეგულაციად მიიჩნევა, რომელიც ერევა მედიის ტექნიკურ, ფინანსურ და შინაარსობრივ ნაწილში. ამ ჩარევის კვალდაკვალ კი, არ ჩანს კონკრეტული შედეგები რას ემსახურება ის, გარდა იმისა, რომ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. 

როცა ვსაუბრობთ, სიძულვილის ენის აღმოფხვრაზე, მედია ეთიკური სტანდარტების უზრუნველყოფაზე, ადამიანის პირადი  ცხოვრების დაცვაზე მედიის გაუმართლებელი ჩარევისგან, ამისათვის კონკრეტული ადამიანის მიერ წამოწყებული ბრძოლაც საკმარისია იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო გამართულად ფუნქციონირებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს არა ახალი მედია რეგულაციის შემოღება, არამედ გამართული სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, სადაც თითოეული მოქალაქე შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას. და ბოლოს, ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციის პრობლემისა და სიძულვილის ენის გაუცნობიერებელი თუ მიზანმიმართული აღრევის მცდელობა (რომლის გამოსავლადაც ის რეგულირებას მიიჩნევს), აღრმავებს ეჭვს, რომ რეგულაციები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ანალიტიკური დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.

 

ფოტოები: Council of Europe; Wendy Kenigsberg/Cornell Chronicle


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე, ირინა გურგენაშვილი