პუბლიკაციები

აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების სტატისტიკის ანალიზი: რაოდენობრივი ინდიკატორების ინტერპრეტაციის გამოწვევები

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილი ემპირიული და სამართლებრივი ანალიზი  საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების მნიშვნელოვან ტენდენციებსა და პრობლემურ საკითხებს გამოკვეთს. ამავდროულად, მკაფიოდ წარმოაჩენს იმ მეთოდოლოგიურ და საინფორმაციო შეზღუდვებს, რომლებიც ცალსახა და კატეგორიული დასკვნების გამოტანას ზღუდავს.

წინამდებარე კვლევის მნიშვნელობა ისაა, რომ ცდილობს, ოფიციალური სტატისტიკური ანგარიშებით შემოთავაზებული ზედაპირული მონაცემების მიღმა არსებული სურათი დაინახოს და ხელი შეუწყოს მეთოდოლოგიურად გამართული აკადემიური დისკუსიის განვითარებას მართლმსაჯულების რეალური პრაქტიკის შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებლის თითქოსდა მკვეთრი შემცირება (80%-დან 40-50%-მდე) მეტწილად „სტატისტიკური ილუზიაა“, რაც განუხილველად დატოვებული შუამდგომლობების რიცხვით არის განპირობებული. მონაცემთა კორექტირებით გამოვლინდა, რომ იმ საქმეებში, რომლებშიც სასამართლო შუამდგომლობას არსებითად განიხილავს, პროკურატურის მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან სხვა აღკვეთის ღონისძიებით ჩანაცვლების მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია (80%-87%). ამასთანავე, 2015-2025 წლების მონაცემები ადასტურებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სრული უარის თქმის უკიდურეს იშვიათობას, რაც შეიძლება მიანიშნებდეს სასამართლოს მხრიდან ბრალდებულის საპროცესო იძულების გარეშე გათავისუფლების სიფრთხილეზე, ასევე, ინსტიტუციური ავტომატიზმის რისკებზე. ეს მიგნება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლის დასაბუთება საერთოა ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიებისთვის (როგორც პატიმრობისთვის, ისე პირადი თავდებობისთვისაც). შესაბამისად, თუ ამ პროცესში ჩნდება ავტომატიზმის რისკები, ეს მიანიშნებს, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას არა ინდივიდუალურ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებად, არამედ ფორმალურ საპროცესო რუტინად აღიქვამს. ეს პრაქტიკა აკნინებს სასამართლოს, როგორც ადამიანის უფლებათა ნეიტრალური არბიტრის, ფუნქციას და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბრალდებულის მიმართ საპროცესო იძულების გამოყენება წარმოადგენს ნაგულისხმევ წესს, ხოლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარი - გამონაკლისს, რაც სასამართლოს კონტროლს ფორმალობად აქცევს.

კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა პრაქტიკაში ალტერნატივების არარსებობა. საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების მიუხედავად, პრაქტიკაში კვლავ ორი ძირითადი ინსტიტუტი - პატიმრობა და გირაო - დომინირებს, ხოლო ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებები (მაგ. პირადი თავდებობა), „მკვდარ ნორმად“ რჩება. ამასთან, გირაოს მაღალი ხვედრითი წილი ავტომატურად სისტემის ლიბერალიზაციას არ ნიშნავს, რამდენადაც მასში ცენტრალური ადგილი უკავია ე.წ. „საპატიმრო გირაოს“ („გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით“). ეს მექანიზმი წარმოშობს „უზრუნველყოფის ღონისძიების უზრუნველყოფის“ სამართლებრივ პარადოქსს: ყველაზე მკაცრი იძულების ღონისძიება (პატიმრობა) გამოიყენება არა მართლმსაჯულების ინტერესების დასაცავად, არამედ წმინდად ტექნიკური ფინანსური გარანტიის დეპოზიტზე განთავსების დასაზღვევად.

მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებამ დაკავებული პირისთვის „საპატიმრო გირაოს“ შეფარდების იმპერატიული ვალდებულება მოხსნა და ინდივიდუალური შეფასების სამართლებრივი საფუძველი შექმნა, სახალხო დამცველის 2026 წლის ანგარიში და თვისებრივი მონაცემები მოწმობს, რომ პრაქტიკული ინერცია კვლავ ძლიერია და სასამართლოები აგრძელებენ ამ ინსტრუმენტის შაბლონურ გამოყენებას. 

მიუხედავად ამ მიგნებებისა, კატეგორიული დასკვნების გამოტანას, მით უფრო, ამ მონაცემებზე დაყრდნობით იმის შეფასებას, „გაუმჯობესდა“ თუ „გაუარესდა“ მართლმსაჯულების სისტემა, რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორი ზღუდავს: პირველ რიგში, ეს დეტალური და სისტემატური მონაცემების ნაკლებობაა. ის მინიმუმიც კი, რომელსაც უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური ანგარიშები იძლეოდა, 2023 წლიდან ხელმისაწვდომი არაა. ამას თან ერთვის შეზღუდული წვდომა სასამართლოს განჩინებებსა და განზოგადებულ პრაქტიკასთან.

სწორედ ეს გამოვლენილი ხარვეზები განსაზღვრავს სამომავლო კვლევით დღის წესრიგს. იმისათვის, რომ მართლმსაჯულების რეალური სურათი შეივსოს, აუცილებელია გაძლიერდეს სასამართლო განჩინებათა ინდივიდუალირი დასაბუთებულობის ხარისხის კვლევა, შეფასდეს გირაოს ოდენობის პროპორციულობა ბრალდებულის ფინანსურ შესაძლებლობებთან, დამატებით ღონისძიებებთან ერთად  გირაოს გამოყენების პრაქტიკა და კომბინირებული ეფექტით გამოწვეული ინტენსივობა. ამასთან, მნიშვნელოვანია „საპატიმრო გირაოს“ სიღრმისეული კვლევა - ამ მექანიზმის გამოყენების დასაბუთებულობა, მისი შემდგომი შედეგები - პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერი დაბრუნების გავლენა ბრალდებულის მოტივაციაზე. გარდა ამისა, ინსტიტუციურ დონეზე მნიშვნელოვანია პროაქტიული გამჭვირვალობის სტანდარტის დახვეწა, მონაცემთა მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.

საბოლოო ჯამში, კვლევის მთავარ დასკვნად შეიძლება გამოიყოს ის, რომ აღკვეთის ღონისძიებების სტატისტიკა წარმოადგენს არა მართლმსაჯულების ხარისხის თვითკმარ საზომს, არამედ რთულ, მრავალფაქტორულ ინდიკატორს. ერთი კონკრეტული ციფრი ან პროცენტული მაჩვენებელი ავტომატურად ვერ გახდება სისტემის მდგომარეობის შეფასების საფუძველი. მართლმსაჯულების რეალური სურათის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემების, ინსტიტუციური კონტექსტის, საპროცესო კანონმდებლობისა და ინდივიდუალური განჩინებების დასაბუთებულობის ხარისხის ერთობლივი, კომპლექსური გააზრებით. წინამდებარე კვლევა სწორედ ამ მრავალშრიანი ანალიზის საჭიროებას უსვამს ხაზს და ქმნის საფუძველს შემდგომი სიღრმისეული ემპირიული ძიებისთვის.

 

სრული კვლევა, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია