პუბლიკაციები

საქართველოს მთავრობის სოციალური პოლიტიკის მიმოხილვა და ანალიზი - ნაწილი 2: მიზნობრივი სოციალური დახმარება

მიზნობრივი სოციალური დახმარება კეთილდღეობის სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და საქართველოში ღარიბი ოჯახების, ინდივიდების და შშმ პირების ფულადი დახმარების მთავარ მექანიზმს წარმოადგენს. მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ექვსი სახის სოციალური დახმარება არსებობს:

  1. საარსებო შემწეობა;
  2. რეინტეგრაციის შემწეობა;
  3. მინდობით აღზრდის ანაზღაურება;
  4. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება;
  5. არაფულადი სოციალური დახმარება;
  6. სოციალური პაკეტი;
  7. დევნილი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების სოციალური დახმარება.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილდა სიღარიბის მაჩვენებლებზე, ხელისუფლების მიერ განხორციელებული სოციალური დახმარებების ფისკალურ ნაწილსა და მიზნობრივი სოციალურ დახმარებების ძირითად ნაწილზე, რომელსაც (1) საარსებო შემწეობა, (6) სოციალური პაკეტი და (7) დევნილი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარებები წარმოადგენს.

სიღარიბესთან ბრძოლა, მისი მეთოდები და შესაძლებლობები დამოკიდებულია ერთი მხრივ, ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლების განსაზღვრა, რაც სამომხმარებლო სიღარიბის რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმითაა შესაძლებელი. ესენია: აბსოლუტური სიღარიბე, ფარდობითი სიღარიბე და საშუალო სიღარიბე.

მოსახლეობის და ინდივიდების სიღარიბის დონის შესაფასებლად მოხმარების ანალიზი უკეთეს სურათს იძლევა, ვიდრე ფულადი და არაფულადი შემოსავლების გამოთვლა, რადგან ერთი მხრივ, მოხმარება დროში ნაკლებად მერყევია, ვიდრე ფულადი შემოსავალი, ხოლო მეორე მხრივ, შემოსავლის დაკარგვამ შესაძლოა დროის გარკვეული პერიოდი მოხმარება არ შეამციროს არსებული დანაზოგებიდან ან სესხებიდან გამომდინარე.

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლის ძირითადი ინდიკატორი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილია, რომელიც 2007 წლის შემდეგ შემცირების ტენდენციით ხასიათდება და 2022 წლისთვის 38.8%-დან  15.6%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები განსხვავდება ქალაქსა და სოფელს შორის. 2022 წელს ქალაქში მოსახლეობის საშუალოდ 12.3% ცხოვრობდა აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო სოფლად იგივე რიცხვი 20.6% იყო.

დიაგრამა 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი ქალაქისა და სოფლის ჭრილში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მკვეთრი სხვაობა იყო სიღარიბის მაჩვენებლებში ასაკობრივ ჭრილშიც. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყველაზე ნაკლები პროცენტული წილი 65 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს ეჭირათ, ხოლო ყველაზე მეტი - 17 წლამდე ასაკის ადამიანებს. ამის მიზეზი კი ხელისუფლების მიერ გაცემული საპენსიო სოციალური დახმარებაა, რასაც ყველა ასაკით პენსიონერი იღებს.

დიაგრამა 2: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი ასაკობრივ ჭრილში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სიღარიბის კიდევ ერთი საზომი ფარდობითი სიღარიბეა. კერძოდ, მოსახლეობის რა ნაწილია, რომელიც მოიხმარს მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60%-ზე ნაკლებს.  მოცემული კოეფიციენტი სიღარიბესთან ერთად, ეკონომიკურ უთანასწორობას უსვამს ხაზს.

გრაფიკი 2: მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკი 2-ზე მოცემული რიცხვების მიხედვით, ფარდობითი სიღარიბე 2004-2022 წლებში საშუალოდ 21.3%-ს შეადგენდა 2%-იანი სტანდარტული გადახრით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემული სიდიდე 19 წლის მანძილზე თითქმის არ შეცვლილა. თუმცა, 2004 წელთან შედარებით, ცვლილებაა ქალაქ-სოფლის ჭრილში. 2004 წელს ქალაქში ფარდობითი სიღარიბე 21% იყო, ხოლო სოფლად - 23%. 2022 წელს კი ქალაქში მოცემული რიცხვი 16%-მდე შემცირდა, ხოლო სოფლად 27%-მდე გაიზარდა. ასეთი შედეგი გამოიწვია იმან, რომ ამავე პერიოდში ქალაქში უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო, ვიდრე სოფლად.

სიღარიბის კიდევ ერთი გავრცელებული მაჩვენებელი ზოგადი სიღარიბის ზღვარია, რასაც მსოფლიო ბანკი ითვლის და ქვეყნების ერთმანეთთან შედარებაც შესაძლებელია. სიღარიბის ზღვარი აჩვენებს მოსახლეობის რა ნაწილი ხარჯავს საშუალოდ დღეში 2.15 აშშ დოლარზე (ექვივალენტზე) ნაკლებს.

გრაფიკი 3: მოსახლეობის წილი საქართველოში, რომელიც დღეში საშუალოდ 2.15 აშშ დოლარზე (2017 წლის ფასები) ნაკლებს ხარჯავს. 2004-2021 წლები

წყარო: მსოფლიო ბანკი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 18 წლის განმავლობაში ზოგადი სიღარიბის ზღვარი საქართველოში 12.4%-დან 5.5%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მოცემული სიდიდე ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ მთელ მსოფლიოში იკლებდა.

გრაფიკი 4: საშუალოდ მსოფლიოში, საქართველოში, სომხეთში, თურქეთში და საშუალოზე მაღალ შემოსავლის ქვეყნებში  იმ მოსახლეობის წილი, რომელიც დღეში საშუალოდ 2.15 აშშ დოლარზე (2017 წლის ფასები) ნაკლებს ხარჯავს. 2004-2021 წლები

წყარო: მსოფლიო ბანკი

გრაფიკი 4-ზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ზოგადი სიღარიბე ყველგან მცირდებოდა. მსოფლიოში ის 24%-დან 9%-მდე შემცირდა 2004-2019 წლებში. ანალოგიურ პერიოდში საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც საქართველოც შედის - 19%-დან 2%-მდე. საქართველოზე ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვთ მეზობელ სომხეთს და თურქეთს, სადაც ზოგადი სიღარიბე 0.5% და 0.4%-ია. აზერბაიჯანის მონაცემები მსოფლიო ბანკზე არ გამოქვეყნებულა.

სიღარიბის თითოეული ინდიკატორი აჩვენებს, რომ სიღარიბე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოში.

 

მიზნობრივი სოციალური დახმარებები

საქართველოში მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. თუ 2005 წელს მოცემული რიცხვი 29 მლნ ლარი იყო, 2023 წელს 53-ჯერ მეტი - 1.5 მლრდ ლარია დაგეგმილი. ხარჯების მკვეთრი ზრდაა სახელმწიფო ბიუჯეტთან და ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებითაც. თუ 2005 წელს ბიუჯეტის 1.1% და მშპ-ის 0.2% მიდიოდა მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე, 2023 წელს შესაბამისად 6.8% და 1.9%-ია გამოყოფილი. 

გრაფიკი 5: მიზნობრივი სოციალური დახმარება (მლნ ლარი) და მისი ფარდობა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან და მიმდინარე მთლიან შიდა პროდუქტთან. 2005-2023 წლები

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

გრაფიკი 5 აჩვენებს თუ როგორ იზრდება წლების განმავლობაში მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე გაწეული ხარჯები როგორც ნომინალში, ისე ბიუჯეტთან და მშპ-სთან მიმართებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტთანაც და მშპ-სთანაც მიმართებით მაქსიმალურ წერტილს 2014 წელს მიაღწია, ხოლო მომდევნო წლებში ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მოცემული რიცხვები სტაბილიზაციით გამოირჩეოდა. 

მიზნობრივ სოციალურ დახმარებაში სამი კომპონენტია გაერთიანებული - (1) მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება, (2) სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა და (3) სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში. 

დიაგრამა 3: მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება, სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა და სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში. 2023 წელი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტორის გამოთვლები

დიაგრამა 3-დან ჩანს, რომ მიზნობრივ სოციალურ დახმარებაში ყველაზე დიდი წილი მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებას უჭირავს 1.34 მლრდ ლარით (90%). მეორე ადგილზე მაღალმთიანი დასახლებებისთვის გამოყოფილი სოციალური დახმარებებია 85 მლნ ლარით (6%), ხოლო მესამე ადგილზე სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვაა 67 მლნ ლარით (4%).

სტატიაში განხილულია სწორედ მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება, რადგან სხვა სოციალური დახმარებები ვრცელ თემას და ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს.

 

საარსებო შემწეობა

ღარიბი ოჯახების მიზნობრივ ფულად სოციალურ დახმარებას საარსებო შემწეობას უწოდებენ და მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების ყველაზე დიდი წილი მასზე მოდის. მის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და იგი გადაეცემა სისტემით იდენტიფიცირებულ ღატაკ ოჯახებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. სისტემა სარეიტინგო ქულებისგან შედგება და მასზეა დამოკიდებული გადარიცხული თანხის ოდენობა.

ცხრილი 1: მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში შემავალი სარეიტინგო ქულები

წყარო: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

სარეიტინგო ქულები დგება იმის მიხედვით, თუ რა ქონებას და შემოსავლებს ფლობს ესა თუ ის ოჯახი. სარეიტინგი ქულების შეფასების დეტალური ინსტრუქცია და სახელმძღვანელო საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, რაც მოცემული საკითხის საფუძვლიანი ანალიზის შესაძლებლობას არ იძლევა.

2022 წლის მაისში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში 1.2 მლნ ადამიანი იყო, რაც მოსახლეობის 32%-ს შეადგენდა. საარსებო შემწეობას კი 487 ათასი ადამიანი იღებდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 13.2%-ია. მოსახლეობასთან მიმართებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ყველაზე მაღალი რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთშია, ხოლო ყველაზე ნაკლები სამცხე-ჯავახეთში.

ცხრილი 2: სოციალური შემწეობის მიმღებთა ნომინალური რაოდენობა და მათი წილი მოსახლეობაში 2023 წლის მაისში

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლები

იმის მიუხედავად, რომ შემწეობის მიმღები მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს აქვს, ხოლო ყველაზე ნაკლები სამცხე-ჯავახეთს, მათ გურიასთან ერთად ყველაზე ნაკლები წილი უჭირავთ მთლიან დახმარების მიმღებთა რაოდენობაში. ყველაზე დიდი წილი თბილისზე, ქვემო ქართლსა და იმერეთზე მოდის ჯამურად 50%.

ქვეყნის მასშტაბით, საარსებო შემწეობის მიმღებთა თანაბარი გადანაწილებაა ქალაქისა და სოფლის ჭრილში. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის 49% ქალაქზე მოდის, ხოლო 51% სოფელზე. მოცემული რიცხვი თბილისის მაჩვენებლებიდან გამომდინარეა, რადგან საარსებო შემწეობის მიმღებთა დაახლოებით 24% სწორედ თბილისში ცხოვრობს. შესაბამისად, რაც ნაკლებად უბრანიზებულია საქართველოს რეგიონი, მით მეტია საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, საარსებო შემწეობის მიმღებთა 86% სოფლად ცხოვრობს.

ცხრილი 3: საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა და პროცენტული განაწილება ქალაქსა და სოფელს შორის. 2023 წლის მაისი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლები

საარსებო შემწეობაზე ჯამურად 41.8 მლნ ლარი დაიხარჯა 2023 წლის აპრილში, რაც წლიურად დაახლოებით 535 მლნ ლარია.

ცხრილი 4: შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა და გადარიცხული თანხები. 2023 წლის მაისი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლები

 

სოციალური პაკეტი

მიზნობრივი დახმარების მეორე ყველაზე მსხვილი ინსტრუმენტი სოციალური პაკეტია, რომელიც ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და იმ საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

გრაფიკი 6: სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რაოდენობა დანიშნულების მიხედვით. 2023 წლის მაისი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

გრაფიკი 6-დან ჩანს, რომ სოციალურ პაკეტს ჯამში დაახლოებით 180 ათასი ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 4.9%-ია. გაცემული დახმარებების 71% სხვადასხვა ხარისხის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მოდის. მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში და შიდა ქართლში იღებს, შესაბამისად 6.4%, 6.2% და 6%. ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი ქვემო ქართლზე და თბილისზე მოდის - 3.5% და 3.9%. 

ცხრილი 5: სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით და მათი განაწილება მოსახლეობის მიხედვით. 2023 წლის მაისი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

რაც შეეხება სოციალურ პაკეტზე გადარიცხულ თანხებს, 2023 წლის მაისში 34.5 მლნ ლარი იყო, ხოლო წლიურად დაახლოებით 410 მლნ ლარი. 

გრაფიკი 7: სოციალური პაკეტის მიმღებებზე გადარიცხული თანხები. 2023 წლის მაისი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

 

დევნილი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების სოციალური დახმარება

დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსის მქონე პირების სოციალური დახმარება 45 ლარს შეადგენს და 2023 წლის მაისის მდგომარეობით, 194 ათასმა ადამიანმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5% იყო. გადარიცხულმა თანხამ კი 8.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად დაახლოებით 105 მლნ ლარია.

გრაფიკი 8: დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობის რაოდენობა რეგიონების მიხედვით. 2023 წლის მაისი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

 

გრაფიკი 9: დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობისთვის გადარიცხული თანხა რეგიონების მიხედვით, ლარი. 2023 წლის მაისი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

გრაფიკი 8 და 9-დან ჩანს, რომ დევნილი და ლტოლვილი სტატუსის მქონე პირების და მათთვის გადარიცხული თანხის უდიდესი ნაწილი თბილისზე, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთზე მოდის. მოცემული სამი რეგიონი მთლიანი რაოდენობის და დახმარების 80%-ზე მეტია.

გრაფიკი 5-ის მიხედვით, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებზე 1.5 მლრდ ლარი იყო 2023 წელს გამოყოფილი. საქართველოში სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი ძირითადი ინსტრუმენტი საპენსიო სოციალური დახმარებაა, რაზეც დაახლოებით 3.4 მლრდ ლარია გამოყოფილი და 808 ათას ასაკით პენსიონერზეა გადანაწილებული. ჯამურად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით დაახლოებით 4.9 მლრდ ლარი იხარჯება, რაც 2023 წელს მოსალოდნელი მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტის 18%-ია. გაბერილი სოციალური ხარჯები მრავალი ქვეყნისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის  საფრთხის შემცველი, ხოლო სოციალური პოლიტიკის რეფორმა  მრავალი ქვეყნის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის რეფორმირებისთვის საჭიროა ვრცელი თვისებრივი, რაოდენობრივი და შემთხვევის ანალიზზე დაფუძნებული კვლევა, რათა პოლიტიკა გახდეს მეტად მიზნობრივი, საჭიროებებზე ორიენტირებული და უპასუხოს ქვეყანაში არსებული სიღარიბის გამოწვევებს.

 

***

საქართველოში 2022 წელს მოსახლეობის 15.6% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. სოფლად სიღარიბე გაცილებით მაღალი იყო (20.6%), ვიდრე ქალაქში (12.3%). ასევე, მაღალია სიღარიბე 17 წლის და ნაკლებ მოსახლეობაში, რაც 20.4%-ია, 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში კი სიღარიბე 10.5%-ია. სიღრიბის დონის შესაფასებლად, აბსოლუტურ სიღარიბესთან ერთად, ფარდობითი სიღარიბეც გამოიყენება, რაც მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილია. 2022 წელს, ფარდობითი სიღარიბე საქართველოში 20% იყო. 

სიღარიბის დონის ყველაზე გავრცელებული კიდევ ერთი საზომი ზოგადი სიღარიბის ზღვარია, რაც აჩვენებს მოსახლეობის წილს, რომელიც დღეში საშუალოდ 2.15 აშშ დოლარზე (2017 წლის ფასებში, PPP) ნაკლებს ხარჯავს. ზოგადი სიღარიბის ზღვარი 2004 წლის შემდეგ თითქმის ყოველწლიურად იკლებდა საქართველოში. იგი 2004 წლიდან, 2021 წლამდე, 12.4%-დან 5.5%-მდე შემცირდა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, სომხეთსა და თურქეთში ზოგადი სიღარიბე გაცილებით ნაკლებია და 2020 წელს 1% და 0.4% იყო. 

სიღარიბესთან საბრძოლველად მიზნობრივი სოციალური დახმარება კეთილდღეობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების უდიდესი ნაწილი საარსებო შემწეობაზე, სოციალურ პაკეტზე და დევნილის და ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანების დახმარებაზე მოდის. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2023 წელს მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე 1.5 მლრდ ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, რაც დაგეგმილი ჯამური ბიუჯეტის 6.8%-ს, ხოლო დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9%-ს შეადგენდა. მშპ-სთან მიმართებით სოციალური ხარჯები წლების მანძილზე სტაბილური მაჩვენებლებით გამოირჩევა და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა 2021 წლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტში მისი წილი 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 2014 წელს არსებულ 7.1%-ს მიუახლოვდა. 

მიზნობრივი სოციალური დახმარების ყველაზე დიდი კომპონენტი საარსებო შემწეობაა, რომელსაც გაჭირვებული ოჯახები იღებენ და 2023 წლის მაისში მას ჯამურად 487 ათასი ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 13% იყო. ანალოგიურ პერიოდში შემწეობის სახით ბენეფიციარებისთვის გადარიცხულმა თანხა 41.9 მლნ ლარი შეადგინა. წლიური მაჩვენებელი კი დაახლოებით 535 მლნ ლარია.

სოციალური პაკეტი შშმ პირებზე და ომის მონაწილეებზე გათვლილი სოციალური დახმარებაა, სადაც ჯამში დაახლოებით 180 ათასი ადამიანი იყო რეგისტრირებული და 2023 წლის მაისში მათზე გადასაცემი დახმარება 34.6 მლნ ლარი იყო. წლიურად კი დახმარებების სახით დაახლოებით 410 მლნ ლარია გათვალისწინებული.

მიზნობრივი სოციალური დახმარების კომპონენტში, ბენეფიციარების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი უკავია დევნილი და ლტოლვილი სტატუსის მქონე მოსახლეობის დახმარებას, სადაც 194 ათასმა ადამიანმა ჯამურად 8.8 მლნ ლარის დახმარება მიიღო 2023 წლის მაისში. თვეში დაახლოებით 45 ლარიან დახმარებას, წელიწადში დაახლოებით 105 მლნ ლარი სჭირდება.

მიზნობრივი სოციალური დახმარება და სახელმწიფო საპენსიო დახმარება საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტებს წარმოადგენს და 2023 წელს ჯამურად დაახლოებით 4.9 მლრდ ლარია გამოყოფილი. გაბერილი სოციალური ხარჯები მრავალი განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სოციალური დახმარება იყოს მაქსიმალურად მიზნობრივი, საჭიროებებზე ორიენტირებული და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სიღარიბესთან ბრძოლაში წარმატების მომტანი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია საქართველოს სოციალურ პოლიტიკაზე ვრცელი კვლევის მომზადება და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რათა ერთი მხრივ, სოციალური პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი სიღარიბესთან ბრძოლაში, ხოლო მეორე მხრივ, მზარდმა ხარჯებმა საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რისი გაუარესებაც, პირველ რიგში, ასევე ღარიბ მოსახლეობაზე აისახება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ზვიად ხორგუაშვილი