2023 წლის საქართველოს ეკონომიკის სტატისტიკური მიმოხილვა
2023 წელი საქართველოსთვის მრავალი გამოწვევით ხასიათდებოდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. მაკროპარამეტრები, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია, თუმცა აუცილებელია მიზეზებზე საუბარი, რათა სხვადასხვა პოლიტიკური მანიპულაცია გამოირიცხოს.
ეკონომიკური ზრდა
საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 6.5%-ზეა დაგეგმილი და იანვარ-ოქტომბერში, ათი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა, 6.8% იყო.
გრაფიკი 1: მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა, 2018-2023
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი, 2021 და 2022 წელთან შედარებით, შენელდა. 2021-2022 წლებში საშუალო ზრდამ საქართველოში საკმაოდ მაღალი - 10.45% შეადგინა. თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეული წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა მთავრობის მიერ გატარებული რამე რეფორმის ან განსაკუთრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი არ არის. განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში.
2021 წლის ზრდა ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, 2020 წელს, კოვიდპანდემიისას, ქვეყნის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, ხოლო შემცირებამდელ ანუ 2019 წლის მაჩვენებელს რომ დასწეოდა, ქვეყანას 7.3%-იანი ზრდა სჭირდებოდა. დამატებით კი რეალური მშპ 2021 წელს 3.2 პროცენტით გაიზარდა. გარდა არითმეტიკული ხრიკისა, 10.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გადამწყვეტი ფაქტორი 10.2 მილიარდი ლარით გაზრდილი ვალი იყო, რაც მაშინდელი ეკონომიკის თითქმის 21%-ს შეადგენდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკის მეხუთედის ზომის თანხები ისესხა, ეკონომიკაში დახარჯა და 2019 წელთან შედარებით, ზრდა მხოლოდ 3.2% გამოვიდა.
რაც შეეხება 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა აგრესორ და ოკუპანტ სახელმწიფოს სანქციები დაუწესა. ამასთან ერთად, სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ და სხვა ფაქტორების გამო, საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიდან, ჯამურად, ასიათასობით ადამიანი შემოვიდა. სწორედ ამ მიზეზით, მკვეთრად გაიზარდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან და 2022 წელს 320 მლნ დოლარიდან 2 მლრდ დოლარამდე ავიდა. 2 მლრდ დოლარი კი მაშინდელი მშპ-ის 6% იყო და შესაბამისად, მის ზრდაზე დიდი გავლენა ჰქონდა.
რაც შეეხება 2023 წლის ეკონომიკურ ზრდას, 2021-2022 წლებთან მიმართებით, ის შედარებით ნაკლებია, ხოლო 6.9%-იან ნიშნულში კვლავ დიდი ადგილი უჭირავს ფულად გზავნილებს. მაგალითად, 2023 წლის 10 თვის ფულადი გზავნილები რუსეთიდან 4.2-ჯერ მეტია, ვიდრე ის 2021 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე იყო, თუმცა 2022 წელთან შედარებით, გზავნილების მოცულობა მცირდება, მასთან ერთად კი - ეკონომიკური ზრდის ტემპიც.
2024 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ უფრო ნაკლებია და 5.2%-ს წარმოადგენს, რაც საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის კვლავინდებურად დაბალი მაჩვენებელია და ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ 2021-2022 წლის ეკონომიკური ზრდა არა ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ ხელისუფლების გარეშე ფაქტორების დამსახურება იყო.
სახელმწიფო ვალი
2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით, საშინაო ვალი - 900 მლნ ლარით, ხოლო საგარეო ვალი 1 მლრდ დოლარითაა გაზრდილი. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, სამთავრობო ვალი 38.2%-ზეა დაგეგმილი.
გრაფიკი 2: საგარეო ვალი (მლრდ ლარი), საშინაო ვალი (მლრდ ლარი) და სახელმწიფო ვალის ფარდობა მშპ-სთან. 2018-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სამთავრობო ვალმა 2020 წელს 63%-ს მიაღწია, როდესაც, კოვიდპანდემიასთან ბრძოლის მიზეზით, ხელისუფლებამ დიდი ოდენობით ვალი აიღო. თუმცა 2022 წელს ვალი მკვეთრად შემცირდა, რადგან დოლართან მიმართებით, ლარი გამყარდა და შესაბამისად, საგარეო ვალი ნაკლები გამოვიდა. ამ მხრივ, 2023 წელს მცირედი ცვლილებაა და დაგეგმილია, რომ 41%-დან 38%-მდე შემცირდება. თუმცა, ნოემბრის მონაცემებით, ჯერჯერობით ვალი/მშპ 40%-ია.
აღსანიშნავია, რომ ჯამურ ვალში შიდა ვალის წილი იზრდება. თუ 2018 წელს ის 10% იყო, 2023 წლის ნოემბერში მან 26%-ს მიაღწია. შიდა ვალი გაცილებით ძვირია, ვიდრე საგარეო ვალი. მაგალითად, თუ საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 3.33%-ია, შიდა ვალის ღირებულება 8-9%-ია. შედეგად, ვალის მომსახურება სულ უფრო ძვირი გვიჯდება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ბიუჯეტის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ, საშუალოდ, ერთ ოჯახს მთავრობის მიერ აღებული 28 600 ლარის ოდენობის ვალი ექნება, ხოლო მის მომსახურებაზე დაიხარჯება, საშუალოდ, დაახლოებით, 2 800 ლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
2023 წლის პირველი სამი კვარტალი საკმაოდ წარუმატებელი წელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ის 61.5%-ით შემცირდა.
გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მლრდ დოლარი და მისი ფარდობა მშპ-სთან. 2013-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
ვინაიდან ქვეყნის გამდიდრებასთან ერთად, მეტი ინვესტიციაა საჭირო იმავე სარგებლის მისაღებად, ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი უფრო ზუსტად აღწერს არსებულ ტენდენციებს.
2017 წლის შემდეგ, 2020 წლის ჩათვლით, ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან სულ იკლებდა. 2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ინვესტიციების წილი ეკონომიკაში 4%-მდე დაეცა, ხოლო 2022 წელს ის 8%-მდე იყო გაზრდილი, რაც ასევე ჩამორჩება კოვიდპანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს. 2022 და 2023 წლების პირველ ორ კვარტლებში კი მოცემული რიცხვი 3%-მდე შემცირდა.
დასაქმება და უმუშევრობა
2022 წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ქვეყანაში უმუშევრობა 20.6%-დან 17.3%-მდე შემცირდა. უმუშევრობის კლების ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა. პირველ კვარტალში ის 18% იყო, მეორე კვარტალში - 16.7%, ხოლო მესამე კვარტალში - 15.6%.
გრაფიკი 4: უმუშევრობის დონე საქართველოში, %. 2018-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელთან შედარებით, უმუშევრობა 3.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მაგრამ 2019 წელთან შედარებით, შემცირება მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უმუშევრობის შემცირების კოვიდპანდემიამდელ ნიშნულს 2022 წელს მცირედით გადაასწრო. აგრეთვე, 2018 წელთან შედარებით, სამუშაო ძალა 54 ათასი ადამიანით შემცირდა, ხოლო უმუშევრების რაოდენობა - 41 ათასი ადამიანით. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხუთი წლის განმავლობაში უმუშევრობის შემცირების მიზეზი სამუშაო ძალის შემცირება უფრო იყო, ვიდრე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ახალი სამუშაო ადგილების თვალსაზრისით, არათუ შეიქმნა, არამედ, 2018 წელთან შედარებით, 2022 წელს 12.5 ათასი ადამიანით ნაკლები იყო დასაქმებული. გარდა ამისა, სახელმწიფო სექტორმა 8.2 ათასი ადამიანით მეტი დაასაქმა, რაც ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორში დასაქმება კიდევ უფრო მეტით, 20.7 ათასი ადამიანით შემცირდა.
ფულადი გზავნილები
ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და პირველ 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 5: ფულადი გზავნილები (მლრდ დოლარი) და მისი ფარდობა მშპ-სთან. 2018-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ეროვნული ბანკი
ქვეყნების მიხედვით, ისევე, როგორც 2022 წელს, 2023 წელსაც რუსეთი ლიდერობს და ჯამური გზავნილების 42% უჭირავს მაშინ, როცა, მაგალითად, 2021 წელს რუსეთის წილი მხოლოდ 15.8% იყო.
გრაფიკი 6: რუსეთიდან ფულადი გზავნილები (მლრდ დოლარი), მისი წილი მთლიან გზავნილებში და მშპ-სთან მიმართებით. 2018-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ეროვნული ბანკი
2023 წლის 10 თვეში ნომინალური მაჩვენებლითაც და ჯამურ გზავნილებში წილის მიხედვითაც, რუსეთიდან ფულადი გზავნილები იკლებს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ის დროებითი ეფექტი, რომელიც ქვეყანამ მიიღო 2022 წელს, 2023 წელს უკვე კლების ტენდენციით ხასიათდება. ეს ყველაფერი კი სწორედ ისევე აისახა ეკონომიკურ ზრდაზეც, რაც სტატიის დასაწყისშია ნახსენები.
ინფლაცია
2023 წელი, წინა წლებთან შედარებით, ინფლაციის კუთხით პოზიტიური იყო და ნოემბერში წლიური ინფლაციის ტემპი ორნიშნა მაჩვენებლიდან 0.1%-მდე შემცირდა.
გრაფიკი 7: სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება. 2018-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ინფლაციის შემცირება 2021 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შედარებით მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაზე გადასვლას უკავშირდებოდა, როცა რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 2021 წელს 11%-მდე ავიდა და 2022 წელსაც 10%-ს არ ჩამოსცილებია. შემცირდა რეფინანსირების სესხებიც. მაგალითად, 2021 წელს თუ სესხების მოცულობა 3.6 მლრდ ლარი იყო, 2023 წლის ოქტომბერში ის 1.2 მლრდ ლარამდე შემცირდა. აგრეთვე, 2021 წლიდან იკლებს მონეტარული აგრეგატები მთლიან შიდა პროდუქტთან. თუ ჯამური ბანკების აქტივების ფარდობა მშპ-სთან 117% იყო, 2023 წელს ის 91%-მდე შემცირდა. ასევე, შემცირების ტენდენციაა სესხებისა და დეპოზიტების მშპ-სთან ფარდობის შემთხვევაში. 2022 წელს მცირედი ზრდა იყო ფულის ფართო მასის (M2) და მშპ-ის ფარდობაშიც. 2021 წელს ის 26.8% იყო, ხოლო 2022 წელს მხოლოდ 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2023 წელს, საშუალოდ, ფასები შემცირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (3.1%), ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის (0.5%), სახლის მოვლა-შეკეთების (3.5%), ჯანმრთელობის დაცვის (4.3%), კავშირგაბმულობის (2.7%) და დასვენების (2.6%) კალათებზე. ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე, კომუნალურ სერვისებზე, ტრანსპორტზე, განათლებაზე, სასტუმროებზე, კაფეებზე, რესტორნებსა და სხვა საქონელსა თუ მომსახურებაზე ფასები კვლავინდებურად გაიზარდა.
ლარის კურსი
დოლართან და ევროსთან მიმართებით, ლარის კურსი 2014 წლიდან მუდმივად უფასურდებოდა და დოლარის გაცვლითმა კურსმა 1.7-დან 3.5-საც კი მიაღწია 2021 წელს. თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი დაახლოებით 3.1 ნიშნულზე შენარჩუნდა. 2022 წლიდან, როდესაც მკვეთრად გაიზარდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან და ბელარუსიდან, ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებითაც, გამყარდა და 2023 წლის მაისში 1 აშშ დოლარი უკვე 2.5 ლარი ღირდა.
გრაფიკი 8: დოლარისა და ევროს გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით, 2018-2023 წლები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2023 წლის მაისიდან კურსი კვლავ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა და ნოემბერში 1 აშშ დოლარი, საშუალოდ, 2.7 ლარი ღირდა. მიზეზი კი კვლავაც უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდის შემცირებული ტემპი იყო.
***
დასკვნის სახით, საქართველოს 2023 წლის წინასწარი ეკონომიკური შეჯამება შემდეგი ძირითადი მიგნებებითაა შესაძლებელი:
- ეკონომიკური ზრდა 10 თვის განმავლობაში, საშუალოდ, 6.9% იყო, რაც წინა წლებზე ნაკლებია.
- გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზეზს მკვეთრად გაზრდილი ვალი და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში გაზრდილი მიგრაცია წარმოადგენდა.
- 2023 წელს, მშპს-თან მიმართებით, სახელმწიფო ვალი 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა ნომინალში 1.9 მლრდ ლარით გაიზარდა. 2020 და 2021 წლებთან შედარებით ვალის ეკონომიკასთან ფარდობის შემცირება, მეტწილად, კურსის გამყარებას უკავშირდებოდა.
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, 2023 წლის პირველი სამი კვარტალი წარუმატებელი იყო, რადგან 2022 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.5%-ით შემცირდა. ექვსი თვის მონაცემებით კი, ინვესტიციების შეფარდება მშპ-სთან 3%-ის ნიშნულზე იყო, რაც ძალიან დაბალი დონეა. მაგალითად, 2020 წელს, კოვიდპანდემიის პირობებში, წლიური მაჩვენებელი უფრო მეტი - 4% - იყო.
- 2023 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა შემცირდა ერთი პროცენტული პუნქტით და 16.7%-ს გაუტოლდა. ეს კი 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო მხოლოდ 2022 წელს დაეწია კოვიდპანდემიამდელ მაჩვენებელს, ხოლო 4 წლის განმავლობაში, უმუშევრობის დონე მხოლოდ 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
- 2023 წლის 10 თვეში კვლავინდებურად ზრდაა ფულად გზავნილებში, რაც 2022 წლის 10 თვესთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა. გზავნილებში ყველაზე მსხვილი წილი კვლავ რუსეთს უჭირავს და ის 42%-ია, თუმცა 2022 წელთან შედარებით, მოცემული რიცხვი 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
- 2023 წელი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს ინფლაციის დინამიკის კუთხით. 2022 წელს ცენტრალური ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, სამომხმარებლო კალათის ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა.
- 2022 წელს გაზრდილი ფულადი გზავნილების მიზეზით, მაისამდე, დოლართან და ევროსთან მიმართებით, ლარის კურსიც მყარდებოდა და 1 დოლარის ღირებულება 2.5 ლარამდე შემცირდა. გზავნილების ეფექტის მილევასთან ერთად, გაუფასურება დაიწყო ლარმაც და ნოემბერში დოლარის ღირებულება, საშუალოდ, 2.7 ლარი იყო.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.