პუბლიკაციები

გარდამავალი მართლმსაჯულება: მიტაცებული ინსტიტუტის დაბრუნების გზები

ფოტო: Express illustration | Soumyadip Sinha

 

შესავალი

2025 წლის 9 იანვარს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ განზრახული აქვს 2003-2012 წლების რეჟიმის გასამართლება. მათი თქმით, ამ მიზნის მისაღწევი ინსტიტუციური ფორმა იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელსაც არალეგიტიმური „პარლამენტი“ საგაზაფხულო სესიაზე შექმნის. აღნიშნული პოლიტიკა აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გარდამავალი მართლმსაჯულების ინსტიტუციური მიტაცებისა და პირადი ძალაუფლების მიზნებისთვის გამოყენების ხანგძლივ პრაქტიკას. 

გარდამავალი მართლმსაჯულება არის მართლმსაჯულების ტიპი, რომელიც ხორციელდება „პოლიტიკურ რეჟიმებს შორის გარდამავალ პერიოდში“. ამ განმარტებაში მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს ერთი პოლიტიკური რეჟიმიდან (მაგ. ავტოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი) სხვა პოლიტიკურ რეჟიმზე (მაგ. კონსტიტუციური დემოკრატია) გადასვლის მდგომარეობა და შესაბამისი გარდამავალი პერიოდი. 

შესაბამისად, გარდამავალ მართლმსაჯულებას აქვს ძლიერი სამომავლო ასპექტი. მისი განხორციელების მიზანია არა მხოლოდ ძველი რეჟიმის გასამართლება, არამედ ამ პროცესში ახალი ხელისუფლების დაფუძნება და ლეგიტიმაცია. 

როგორც სხვა ნაშრომში ვწერდით, გარდამავალი მართლმსაჯულება, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს ჰოლისტურ მიდგომას. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს წარსული და სამომავლო ასპექტების ფრთხილ გააზრებასა და დაბალანსებას გარდამავალი მართლმსაჯულების განხორციელებისას. უფრო ზუსტად კი, მნიშვნელოვანია, რომ გარდამავალი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნები თავიდანვე მკაფიოდ განისაზღვროს და ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდებოდეს რეჟიმის ტრანსფორმაციას - კონსტიტუციური დემოკრატიის ინსტიტუტების მშენებლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. 

გარდამავალი მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრისას და  შესაბამისი ინსტიტუტების მშენებლობისას, აუცილებელია, რომ ამ ტრანსფორმაციულ მიზნებთან შესაბამისობა საფუძვლიანად შემოწმდეს. სწორედ ამიტომ,  გარდამავალი მართლმსაჯულების ნებისმიერი ჰოლისტური პროგრამა საჭიროებს ფართო დემოკრატიულ საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას. 

ასეთი ლეგიტიმაციისთვის, ჩვეულებრივ, საკმარისი არ არის რეჟიმის ცვლილების პერიოდში მიღებული, ფარდობითი უმრავლესობის გარდამავალი მანდატი. გარდამავალი მართლმსაჯულების მხოლოდ ამგვარ დროებით და მყიფე ლეგიტიმაციაზე დაფუძნება ქმნის რეალურ რისკებს, რომ  ის მოემსახურება არა ტრანსფორმაციულ მიზნებს, არამედ ისეთ არასათანადო მიზნებს, როგორებიცაა პოლიტიკური შურისძიება ან პერსონალური ძალაუფლების განმტკიცების სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება. 

„ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ წარმოებული გარდამავალი მართლმსაჯულების პოლიტიკა სწორედ ამ უკანასკნელი ჩავარდნის კლასიკური ნიმუშია. კერძოდ, ის არის მკაფიო მაგალითი გარდამავალი მართლმსაჯულების სრული ინსტიტუციური მიტაცებისა და რეჟიმის ძალაუფლების განმტკიცების მიზნებისთვის ბოროტად გამოყენებისა. ამის შესახებ შემდეგ ნაწილში ვიმსჯელებთ.  

 

„ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ გარდამავალი მართლმსაჯულების სისტემური მიტაცების ანატომია

„ქართული ოცნების“ რეჟიმს წინამორბედის გასამართლების საკითხის ბოროტად გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს. რეჟიმის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე, გარდამავალი მართლმსაჯულების იდეა ასრულებდა როგორც პროპაგანდის იარაღის, ისე პოლიტიკური შურისძიებისა და რეპრესიების გამართლებისა და განხორციელების ინსტრუმენტის როლს. 

ივანიშვილის რეჟიმის ბოლო პერიოდის ტრაექტორიის გათვალისწინებით, ცხადია, რომ საგამოძიებო კომისიის ხსენებული ინიციატივა მასობრივი რეპრესიის მიმდინარე კამპანიის ნაწილად არის მოაზრებული. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად მძიმე რეპრესიულ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს კომისია. ამავე დროს, მოსალოდნელია, რომ რეჟიმი კომისიას ფართოდ გამოიყენებს მასობრივი რეპრესიის გამართლების მიზნებისთვის.   

2012 წელს, ძალაუფლების აღების პირველივე დღეებიდან, ივანიშვილის რეჟიმი ბოროტად იყენებს გარდამავალი მართლმსაჯულების იდეასა და ცნებას. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, არჩევნების გზით ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლის პირველმა წარმატებულმა პრეცედენტმა, საქართველოში დემოკრატიზაციის მოლოდინები გააძლიერა. 

იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი წინამორბედი მთავრობის ისეთმა პრობლემებმა, როგორებიცაა ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები და ავტოკრატიზაციის სხვა ტენდენციები, ბუნებრივად არსებობდა მოლოდინი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე პარტნიორებისგან, რომ დემოკრატიზაციის დღის წესრიგში გარდამავალი მართლმსაჯულება წამყვანი ელემენტი უნდა ყოფილიყო. 

„ქართულ ოცნებას“ ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო გარდამავალი მართლმსაჯულების საკითხი იმისათვის, რომ შეექმნა დემოკრატიზაციის ფასადი. შესაბამისად, მათი საარჩევნო პროგრამაც და ძალაუფლებაში ყოფნის რიტორიკაც მდიდარი იყო გარდამავალი მართლმსაჯულების დაპირებებით, რომელსაც, მათი თქმით, წარსულის გასამართლებასთან ერთად, ტრანსფორმაციული ფუნქციაც უნდა ჰქონოდა და „სამართლიანობა აღედგინა.“   

სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ მიერ ფართოდ გამოყენებული „სამართლიანობისა“ და „ღირსების“ აღდგენის სლოგანები ქმნიდა პროპაგანდისტულ ჩარჩო ნარატივებს, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება და შენარჩუნება იყო. იმავე დროს, გარდამავალი მართლმსაჯულების რიტორიკა გამოიყენებოდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიული კამპანიებისა თუ ცალკეული რეპრესიული აქტების გასამართლებლად. 

„ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ გარდამავალი მართლმსაჯულების ინსტიტუციური მიტაცების პირველი ნაბიჯი, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებიდან, ორ თვეში გადაიდგა.  პარლამენტმა ჯერ დადგენილებით მიიღო 2004-2012 წლებში პოლიტიკურ დევნას დაქვემდებარებულ პირთა სია, ხოლო შემდეგ, საყოველთაო ამნისტიის კანონით, გაითვალისწინა ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირთა გათავისუფლება პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. 

ვენეციის კომისიის მიერ ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ თანამომხსენებელთა მიმართვის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაში აღინიშნა, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მოცემული მუხლი არღვევდა როგორც სამართლის უზენაესობის, ისე ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპებს. კერძოდ, პირთა გათავისუფლება საკანონმდებლო აქტით, ბუნდოვანი კრიტერიუმებითა და გაუმჭვირვალე პროცედურით შედგენილი სიის საფუძველზე,   იყო პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების მიღმა მოქმედება  და სასამართლოსა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებში აშკარა შეჭრა. 

„ქართული ოცნების“ მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ ასევე ბოროტად გამოიყენა კანონის ფორმაც და ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი პირების მიმართ მოქმედი ერთჯერადი ზომა ზოგადი საკანონმდებლო აქტის ფორმით მიიღო. ვენეციის კომისიის დასკვნით, ამ შეფასებას ვერ ცვლიდა შესაბამისი ნორმის ზოგად ენაზე ან მის საკანონმდებლო ფორმით მიღებაზე მითითება, რამდენადაც მისი მთავარი შინაარსი და მიზანი კონკრეტულ პირთა მიმართ ერჯერადი სამართლებრივი ზომისთვის კანონის ძალის მინიჭება იყო. 

გარდამავალი მართლმსაჯულების განსახორციელებლად გადადგმული პირველივე ნაბიჯით, „ქართულმა ოცნებამ“ ცხადად გამოკვეთა ამ სფეროში თავისი საქმიანობის ხელწერა, რომელიც, ზოგადად, თანხვედრილია ძალაუფლების პირადი მიზნებისთვის გამოყენების მისეულ სტილთან, კერძოდ: ა) პირადი ძალაუფლების  მიზნებისთვის უპირატესობის მინიჭება; ბ) შეუსაბამობა საჯარო პოლიტიკის კონსტიტუციურად მისაღებ ლეგიტიმურ მიზნებთან, უფრო ზუსტად კი, ასეთ მიზნებთან გარდამავალი მართლმსაჯულების სფეროში; გ) ძირითადი კონსტიტუციური ღირებულებებისა და ნორმების, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, უგულებელყოფა, ბოროტად გამოყენება ან აშაკარა დარღვევა. 

„ქართული ოცნების“ მეორე ნაბიჯი გარდამავალი მართლმსაჯულების მიმართულებით ასევე ატარებდა ყველა აღნიშნულ ნიშანს. იგულისხმება კანონპროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დადგენის კომისიის შესახებ.“ კანონპროექტის მიხედვით, იქმნებოდა კომისია, რომელსაც არ გააჩნდა სასამართლო ინსტიტუტისთვის აუცილებელი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები და მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, შეესწავლა 2004-2012 წლებში მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიას შეეძლო, გაეცა მათი განმეორებითი განხილვის დასკვნა, მართლმსაჯულების ხარვეზის გამოვლენის საფუძველზე, მისი აღმოფხვრის მიზნით.

ეს კანონპროექტი ასევე რადიკალურად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ. კომისიის მოსაზრებით, სრულიად დაუსაბუთებელი და თვითნებური იყო კომისიის მოქმედების დროითი ფარგლების შემოსაზღვრა მხოლოდ 2004-2012 წლებით. კომისიის მიერ ამ მოსაზრების გამოცემიდან 10 წელზე მეტი დრო გავიდა და მისი ეს კრიტიკა კიდევ უფრო რელევანტურია დღეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლი პერიოდის განსაზღვრის გადაწყვეტილების მიმართ.

ვენეციის კომისიას არ გამორჩენია არც „ხარვეზების დამდგენი კომისიის“ საქმიანობით სამართლებრივი უსაფრთხოების ხელყოფის გაუმართლებელი რისკების დასაბუთება, არც არასაკმარისი ინსტიტუციური გარანტიების არსებობა და არც სასამართლო შტოს კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში გაუმართლებელი შეჭრა.

საბოლოოდ, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია არ შეიქმნა. თუმცა რეჟიმს მის განხორციელბაზე უარი არ უთქვამს ვენეციის კომისიის მკაცრი დასკვნის გამო (იმ დროს, შესაძლოა, ასე ჩანდა). უარის ნამდვილი მიზეზი ის იყო, რომ რეჟიმმა სწრაფად მოახერხა სასამართლო შტოს კოოპტაცია/მიტაცება, ე.წ. „სამოსამართლო კლანის“ დაქვემდებარების გზით.

შესაბამისად, ჰქონდა რა სრული პერსონალური კონტროლი როგორც პროკურატურის, ისე საერთო სასამართლოების სისტემებზე, ბიძინა ივანიშვილს უკვე შეეძლო, გარდამავალი მართლმსაჯულების აღსრულებად შეეფუთა საკუთარი პერსონალური ძალაუფლების მიზნების განხორციელება. 

2014 წლიდან, მიტაცებული მართლმსაჯულების ინსტიტუტები იწყებენ სისხლის სამართლის მექანიზმების უფრო ინტენსიურ, თუმცა შერჩევით გამოყენებას, 2004-2012 წლებში საჯარო თანამდებობებზე მყოფი პირების მიმართ. იმავე პერიოდში, სამოქალაქო საზოგადოების იმ აქტორებს, რომლებიც სერიოზულად ეკიდებოდნენ „ქართული ოცნების“ დაპირებას გარდამავალი მართლმსაჯულების განხორციელებაზე, პირველი ეჭვები გაუჩნდათ, პროცესის თვითნებურად, პირადი ძალაუფლების მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. 

ამ განვითარების საპასუხოდ, სამოქალაქო ორგანიზაციები ცდილობდნენ გარდამავალი მართლმსაჯულების შესახებ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატებისთვის სტრუქტურიზებული და შინაარსობრივი ხასიათის შეენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ წაეხალისებას, ემსჯელა გარდამავალი მართლმსაჯულების ჰოლისტურ და სისტემურ პროგრამაზე.

თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი „ქართული ოცნების“ ნამდვილ მიზნებში არასდროს შედიოდა. 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო პრეცედენტრული გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. 

„მერაბიშვილის საქმის სტანდარტით“, უფლების შეზღუდვა არღვევს კონვენციის მე-18 მუხლს, ე.ი. „არასათანადო“ (მათ შორის, უმთავრესად პოლიტიკური) მიზნითაა ნაკარნახევი, თუ ეს არასათანადო მიზანი, აღმატებულია ყველა სხვა ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, რომლებიც ამ შეზღუდვას აქვს. 

სასამართლომ გაიზიარა შეხედულება, რომ უფლების შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს „მიზანთა სიმრავლე“ (როგორც სათანადო, ისე არასათანადო), მთავარია, რომ ამ სიმრავლეში ლეგიტიმური მიზნები დომინირებდეს. სასამართლო მხოლოდ მაშინ დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, თუ დაასაბუთებს, რომ „არასათანადო“ მიზანი იყო დომინანტური. 

ამ პრეცედენტმა დიდწილად გამოკვეთა სამართლის უზენაესობისა და სამართლის სისტემის ბოროტად გამოყენების ქარგა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი (სხვა არალიბერალური და ავტოკრატიზაციის გზაზე მდგომი რეჟიმების მსგავსად) იყენებდა და რომელიც, „მერაბიშვილის საქმეშივე“ დადგენილი სტანდარტით, საკმაოდ რთული გამოსავლენი და დასამტკიცებელია. ეს ჩანს ამ სტანდარტის გამოყენებით გადაწყვეტილ შემდეგ საქმეებში, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებებშიც, რომლებშიც მე-18 მუხლის დარღვევა ვერ დადგინდა, მიუხედავად ზოგ საქმეში სხვა პროცედურული უფლებების დარღვევის დადგენისა. 

სწორედ აქ იკვეთება ისეთი ყალბი ლეგიტიმური მიზნების საჭიროება, როგორიცაა „გარდამავალი მართლმსაჯულების განხორციელება“. თუ რეჟიმი დამაჯერებლად შექმნის ლეგიტიმურ მიზანთა სიმრავლეს, მაშინ მას უადვილდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემოწმებისას, დაუსხლტეს მე-18 მუხლის დარღვევის დადგენას. მრავალი, ერთი შეხედვით, დამაჯერებელი ლეგიტიმური მიზნის დასახელება, რეჟიმს უადვილებს, ამტკიცოს, რომ არასათანადო, პოლიტიკური და პირადი ძალაუფლების მიზნები, რომლებიც ასევე გამოკვეთილია, არ იყო დომინანტური ადამიანის უფლებების შეზღუდვის დროს. 

შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ სქემას, რომელშიც რეჟიმს შეუძლია პოლიტიკური შურისძიების მიზანი არადომინანტურად წარმოაჩინოს, მათ შორის, გარდამავალი მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნების ბოროტად გამოყენებით და თავად გარდამავალი მართლმსაჯულების იდეასა და ძირითად შინაარსს გამოუთხაროს ძირი. 

საბოლოოდ, ძალაუფლების სრული მიტაცების პირობებში, მისი მოპოვებიდან თორმეტი წლის შემდეგაც კი, „ქართული ოცნების“ რეჟიმი კვლავ ითხოვს „გარდამავალ მართლმსაჯულებას“, მისი წინამორბედების მიმართ. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს აღიარებას, რომ  ამნისტიისა და შერჩევით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების პოლიტიკამ მარცხი განიცადა. 

ამ მარცხს ნაწილობრივ რეჟიმი აღიარებს, თუმცა ცხადია, მისთვის ჩვეულად, პასუხისმგებლობას არ იღებს. განტევების ვაცები ისევ შიდა და გარე აქტორები არიან, რომლებიც რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში მტრის ხატის ფუნქციას ასრულებენ („კოჰაბიტაცია კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან“, „გლობალური ომის პარტია“ და „დიპსტეიტი“/Deep State). 

გარდამავალი მართლმსაჯულების მიზნები კი კვლავ მიუღწეველია, რამდენადაც ისინი არც არავის დაუსახავს. თუმცა, როგორც ჩანს, რეჟიმს არ ამოუწურავს თავისი ნამდვილი მიზნებიც: პოლიტიკური შურისძიება, ოპონენტების განეიტრალება, საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავება და სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე პირადი დომინაციის განმტკიცებისთვის საჭირო სხვა მიზნები. 

ერთგვარი ირონიაა, რომ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავის „გარდამავალ მართლმსაჯულებას იყენებს ე.წ. „რევერსული ტრანზიციის“ ან „უკუტრანზიციის“ (დემოკრატიული ან ჰიბრიდული პოლიტიკური რეჟიმიდან ავტორიტარულად გარდაქმნა) ინსტრუმენტად, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციურ დემოკრატიად გარდაქმნის ინსტრუმენტად აქციოს.

რეჟიმის მშენებლობისა და კონსოლიდაციის ეტაპებზე, „ქართული ოცნება“ „გარდამავალ მართლმსაჯულებას“ იყენებდა იარაღად, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისადმი დამიზნებული რეპრესიის შესანიღბად და საკუთარი ქმედების გასამართლებლად. ეს, თავის მხრივ, ემსახურებოდა  არალიბერალურ დემოკრატიაში ძალაუფლების შენარჩუნებას. 

ავტორიტარულ რეჟიმად კონსოლიდაციის პირობებში, როგორც „2004-2012 წლების რეჟიმის გასამართლების“ მორიგი ინიციატივა გვიჩვენებს, „გარდამავალი მართლმსაჯულების“ მიტაცებული ინსტიტუტი ამჯერად, მაღალი ალბათობით, მასობრივი რეპრესიის ახალი კამპანიის შესანიღბად და მის გასამართლებლად იქნება გამოყენებული. 

 

როგორ შეიძლება მიტაცებული გარდამავალი მართლმსაჯულების დაბრუნება? 

„ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებასთან ერთად, იმ პირობებში, როდესაც რეჟიმი, სტაბილიზაციის მისაღწევად, მასობრივ და ძალადობრივ რეპრესიებს მიმართავს, ამ რეჟიმის მოშლასთან ერთად, გარდამავალი მართლმსაჯულება აბსოლუტურ აუცილებლობად რჩება. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება „ქართული ოცნების“ რეჟიმიდან მემკვიდრეობად შემორჩენილი ავტორიტარული ინსტიტუტების დემოკრატიზაცია და კონსტიტუციური დემოკრატიის დაფუძნება-კონსოლიდაცია. 

ამ მხრივ, „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ამ ინსტიტუტის სისტემური მიტაცებისა და ბოროტად გამოყენების მძიმე მემკვიდრეობა იქნება დასაძლევი. გარდამავალი მართლმსაჯულების ნებისმიერ პროექტს თან ახლავს შიში მისი პოლიტიკური შურისძიების მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. ამ კუთხით, „ქართული ოცნების“ რეჟიმის მძიმე მემკვიდრეობა აღნიშნულ შიშს სრულად რაციონალურად და ხელშესახებად აქცევს. 

რაციონალური შიშის დაძლევა შესაძლებელია რაციონალური მოქმედებით. იმისათვის, რომ სამომავლოდ, ამ რეჟიმის დასრულების შემდგომ, გარდამავალ პერიოდში, დავაზღვიოთ გარდამავალი მართლმსაჯულების ისეთივე ბოროტად გამოყენება, როგორც „ქართული ოცნების“ პირობებში ხორციელდება, აუცილებელია, რომ გარდამავალი მართლმსაჯულების პოლიტიკა დაეფუძნოს შემდეგ პრინციპებს: 

ფართო დემოკრატიული ლეგიტიმაცია - 

გარდამავალი მართლმსაჯულების ნებისმიერ პროექტს, რომელსაც არ ექნება ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაცია (მაგ. საკონსტიტუციო ან სხვა ტიპის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა), მხოლოდ გააძლიერებს მისი ძალაუფლების მიზნებისთვის ბოროტად გამოყენების ეჭვებს და ძირს გამოუთხრის ნდობას. ასეთი პროექტი ასევე ვერ შეძლებს ახალი მართლმსაჯულების ინსტიტუტების ლეგიტიმაციაში წვლილის შეტანას. 

გარდამავალი მართლმსაჯულების მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა და კონსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის მიზნებისთვის პრიორიტეტის მინიჭება - 

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბება, არამედ მათი განხორციელების ინსტიტუციური გარანტიების შექმნა. სხვაგვარად, მათი აღსრულება ისევ პროპაგანდისტული ჩარჩოების დონეზე დარჩება. პრიორიტეტის მინიჭება ინსტიტუციური მშენებლობისა და ლეგიტიმაციის მიმართ, უნდა გულისხმობდეს, რომ პოლიტიკა, რომელიც ამ მიზნების მიღწევას არ ემსახურება, გარდამავალი მართლმსაჯულების პროექტის ნაწილი არ უნდა იყოს. 

ეს მიდგომა უნდა შეეხებოდეს როგორც ინსტიტუტებისა და პროცედურების არჩევას, ისე მათი მოქმედების მიზნებისა და ჩარჩოს განსაზღვრას. მაგალითად,  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფორმა მხოლოდ მაშინ უნდა იყოს გამოყენებული, როცა მისი განხორციელება ასევე ხელს უწყობს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად. თუ ეს შეუძლებელია და პირიქით, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელება დააზიანებს სასამართლო ინსტიტუტების აღდგენის პროცესს, ასევე ხელყოფს სამართლის უზენაესობას ან სხვა კონსტიტუციურ პრინციპებს, მაშინ ამ პოლიტიკაზე უარი უნდა ითქვას. 

იგივე შეიძლება ვთქვათ ამნისტიის არჩევაზე. ამ შემთხვევაში, უნდა დაისვას კითხვა: ამნისტიის დადებითი გავლენა დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე რამდენად აღემატება მართლმსაჯულების განუხორციელებლობით მიღებულ ზიანს? კერძოდ, ხელს შეუწყობს, თუ - არა ამნისტია საზოგადოებრივი პოლარიზაციის დაძლევას, სიმართლის დადგენას, თანხმობის შექმნას? 

თუ ამ მიზნების მიღწევა ამნისტიით შეუძლებელია, მაშინ უნდა დაისვას კითხვა: შესაძლებელია, თუ - არა იმავე მიზნების მიღწევა სიმართლისა და შერიგების კომისიასთან მისი კომბინაციით, რა შემთხვევაშიც, პირთა და პირთა ჯგუფების (მაგალითად, საჯარო მოხელეების) ამნისტირების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ბრალის საჯარო აღიარება და საზოგადოებრივი თანხმობისკენ მზაობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ტრანსფორმაციულ მიზნებთან მნიშვნელოვანი კავშირი უნდა იყოს გარდამავალი მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკის არჩევისა და განხორციელების საფუძველი. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ინსტიტუტების არჩევანი და მათი დიზაინი არსებითად უკავშირდება როგორც სათანადო, ისე არასათანადო მიზნებს. ამ კავშირის მორიგი ილუსტრაციაა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერის განცხადება იმის შესახებ, რომ ერთპარტიული „პარლამენტის“ ერთპარტიული „საგამოძიებო კომისიის“ (რომელშიც „ოპოზიციის“ როლში ნომინალურად იქნება წარმოდგენილი რეჟიმის მიერ ნებადართულ ოპოზიციად დანიშნული ფრაქცია) მუშაობის საჯარო ტრანსლაცია განხორციელდება.

მისი თქმით: „ყველა დაინახავს, კიდევ ერთხელ მოისმენს იმ ისტორიებს, რომელშიც ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე ცხოვრობდა და რომლისკენაც შიდა თუ გარე აქტორებს უნდათ რომ ისევ წაგვიყვანონ.

შესაბამისად, ცხადია, რომ რეჟიმის უპირველესი მიზანი პროპაგანდის გზით რეპრესიების გამართლება და მიტაცებული ძალაუფლების სტაბილურად შენარჩუნებაა. ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატი და დიზაინი ამაზე ნათლად მეტყველებს.   

ჰოლისტური მიდგომა და შეზღუდვების გაცნობიერება - 

მიუხედავად ჰოლისტური მიდგომისა, რომელშიც გარდამავალი მართლმსაჯულების მიზნებს შორის ბალანსის პოვნა არის ცენტრალური ამოცანა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა შესაძლო ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება მიღწეული. დაბალანსების პროცესში აუცილებელი გახდება გარკვეულ მიზნებზე უარის თქმა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მტკივნეული არჩევანი იყოს ლეგიტიმირებული და სათანადოდ დასაბუთებული საზოგადოებისთვის. გარდამავალი მართლმსაჯულება დროებითია. ის არ შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს და მისი გარკვეული მიზნები ვერ განხორციელდება. 

ბოროტად გამოყენების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა ნათელი განსაზღვრება ყველა პოლიტიკური და ღირებულებითი არჩევანისა და წინასწარ აღიარება იმ მიზნებისა, რომლებიც ვერ იქნება მიღწეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იარსებებს საშიშროება, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მსგავად, ბოროტი განზრახვით მოქმედი, პოლიტიკურად დომინანტი, ძალები ითხოვდნენ გარდამავალ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალაუფლების აღებიდან 12 წლის შემდეგაც.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი